Uber-ის თქით, ლონდონში რობოტაქსების პირველი სერვისი უახლოეს თვეებში ამოქმედდება

Uber-ის თქით, ლონდონში რობოტაქსების პირველი სერვისი უახლოეს თვეებში ამოქმედდება

ფოტო: prodrivermags.com

 

Uber-ის განცხადებით, ლონდონში რობოტაქსების პირველი სერვისი შესაძლოა უახლოეს თვეებში ამოქმედდეს. კომპანიამ დასძინა, რომ მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ სპეციალურ პროგრამაში, რათა მარეგულირებლების თანხმობის მიღების შემდეგ თვითმართვადი ტაქსით მგზავრობის შესაძლებლობა მიიღონ.

სერვისი ბრიტანული სტარტაპის, Wayve-ის, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას გამოიყენებს. ავტომობილები ლონდონის ქუჩებში დამოუკიდებლად იმოძრავებს, თუმცა საწყის ეტაპზე საჭესთან სპეციალურად მომზადებული ოპერატორები იქნებიან, რომლებიც სისტემის მუშაობას გააკონტროლებენ.

Wayve-ის კომერციული და ოპერაციების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის, კეითი ფიშერის განცხადებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გაერთიანებულ სამეფოში ფართო საზოგადოებას თვითმართვადი ავტომობილის გამოძახება შეეძლება.

პროექტში გამოყენებული იქნება Ford Mustang Mach-E-ის მოდელები, რომლებიც კამერებითა და რადარებითაა აღჭურვილი. კომპანიის ინფორმაციით, ტექნოლოგია ლონდონის ქუჩებზე 2018 წლიდან იტესტება.

რობოტაქსების სერვისი უკვე ფუნქციონირებს აშშ-ის არაერთ ქალაქში, მათ შორის სან-ფრანცისკოში, ფენიქსსა და ლოს-ანჯელესში, ასევე ჩინეთში. თუმცა ევროპაში მათი დანერგვა შედარებით ნელა მიმდინარეობს, რასაც რეგულაციები და ქალაქების ისტორიულად რთული საგზაო ინფრასტრუქტურა განაპირობებს.

ბრიტანეთის მთავრობამ გასულ წელს განაცხადა, რომ თვითმართვადი ტაქსების საპილოტე პროგრამების დაჩქარებული დანერგვა იგეგმებოდა, ხოლო მათი უფრო ფართომასშტაბიანი გამოყენება მომდევნო ეტაპზე განიხილებოდა. კომერციული ოპერაციების დაწყებამდე პროექტს ადგილობრივი მარეგულირებლების მიერ დამტკიცება სჭირდება.

ამავდროულად, ლონდონში თვითმართვად ავტომობილებს უკვე ტესტავს Google-ის მფლობელი Alphabet-ის შვილობილი კომპანია Waymo, რომელმაც განაცხადა, რომ კომერციული სერვისის გაშვებას მიმდინარე წელს გეგმავს. ასევე ცნობილი გახდა, რომ Uber-ი და Lyft-ი ჩინური Baidu-ს Apollo Go-ს თვითმართვადი ავტომობილების გამოცდასაც დაიწყებენ.

Wayve-მა, რომელიც Uber-თან 2024 წლიდან თანამშრომლობს, მიმდინარე წლის თებერვალში $1.5 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა. დაფინანსების რაუნდში მონაწილეობდნენ Uber-ი, Mercedes-Benz-ი, Stellantis-ი და Nissan-ი. ამ ინვესტიციების შედეგად კომპანიის შეფასებამ $8.6 მილიარდს მიაღწია.