უიშვიათესი Rolex Milgauss-ი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

უიშვიათესი Rolex Milgauss-ი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

შვეიცარიული ბრენდის მიერ სპეციალურად მეცნიერთათვის შექმნილი Rolex Milgauss-ი აუქციონზე, მისი სერიისთვის რეკორდულ, $2.5 მილიონად გაიყიდა. რარიტეტული და ხელუხლებელი Rolex Milgauss-ი, რომელიც 1958 წელსაა გამოშვებული, ჟენევის საათების აუქციონზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირად გაყიდული საათია.

უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული საათი, შავ-თაფლისფერი ციფერბლატით, მაგნიტური ველებისთვის წინააღმდეგობის გასაწევადაა შექმნილი. Phillips Auctioneers-ის მიერ ჟენევის აუქციონზე წარმოდგენილი Rolex Milgauss-ი, შეფასებულზე ორჯერ უფრო ძვირად – 2.24 მილიონ შვეიცარიულ ფრანკად დარბაზშივე აუქციონის ერთ-ერთმა დამსწრემ, Rolex-ის სახელით შეიძინა.

მართალია, ბრენდს ამ ეტაპისთვის განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა კომპანიების მხრიდან მათი არქივის კოლექციებისა და მუზეუმებისთვის, საკუთარი რარიტეტული ძვირფასეულობის შეძენა იშვიათი მოვლენა ნამდვილად არ არის.

თავად შვეიცარიულმა ბრენდმა Milgauss-ის უახლესი ვერსიის გამოშვება მარტში შეაჩერა. ანტიმაგნიტური საათი ლაბორატორიებში მომუშავე ადამიანებისთვის, ძლიერი მაგნიტური ველების არსებობის შემთხვევაშიც დროის ზუსტად განსასაზღვრად შეიქმნა. საინტერესოა, რომ საათის შექმნის თხოვნით შვეიცარიულ ბრენდს 1960-იან წლებში ჟენევის Conseil Européen pour la Recherche Nucléaire-ის (CERN) მეცნიერებმა მიმართეს.

მიუხედავად ამისა, მოდელი არასდროს ყოფილა ისეთი პოპულარული, როგორიც  Rolex-ის სხვა „პროფესიონალური” მოდელები, რომლებიც შექმნილია მყვინთავებისთვის, მფრინავებისა თუ სარბოლო მანქანების პილოტებისთვის. ცნობისთვის, 1958-ის მსგავსი ვერსია 2013 წელს, Christie’s-ის აუქციონზე $350,000-ად, ხოლო 2022 წელს Phillips-ის მიერ $334,000-ად გაიყიდა.