I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 1.2 მლნ არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა

I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 1.2 მლნ არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის პირველი კვარტალის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკას აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე 1.2 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2.1-ჯერ მეტია გასული წლის პირველი კვარტალის მონაცემზე.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1.1 მილიონით განისაზღვრა, რაც ასევე 2.1-ჯერ მეტია 2022 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელზე.

ცნობისათვის, მოგზაური გახლავთ ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით გადაადგილდება. ვიზიტორი კი 15 წლის ან უფროსი ასაკის პირი, რომლის ვიზიტიც საკუთარი საცხოვრებელი გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე 1 წელზე ნაკლები ვადით განისაზღვრა.

საკუთრივ ვიზიტორების რაოდენობამ 2023 წლის პირველ კვარტალში 873.3 ათასი კაცი შეადგინა. საინტერესოა, რომ ამ პერიოდში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 220.7 ათასი რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა. ეს რიცხვი ჯამური რაოდენობის 25.3%-ს შეადგენს. ვიზიტორების რაოდენობით 17.6%-იანი წილით მეორე ადგილზე – თურქეთი, ხოლო 15%-იანი წილით მესამე ადგილზე სომხეთი იმყოფება.