იმისდა მიუხედავად, რომ უკრაინამ ბოლო დროს შეამცირა ევროკავშირში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი, მან ხუთ ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ ქვეყანას შორის მე-4 ადგილის დაკავება შეძლო.
აღნიშნულის შესახებ ევროპული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მონაცემებით ვიგებთ. ანგარიში ევროკავშირის აგროსურსათის ვაჭრობის მონიტორინგს ეხება და მასში 2021 წელს იანვრიდან აპრილამდე პერიოდის განვითარებებია ასახული.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის პირველ ოთხ თვეში ევროკავშირში აგროსურსათის შემომტანი ქვეყნების სიაში ბრაზილია, ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა და ჩინეთი ლიდერობენ. სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის ევროკავშირში იმპორტირებული აგროსურსათის პროდუქციის საერთო ღირებულების 34%.
საინტერესოა, რომ ანგარიშში ევროკავშირიდან ექსპორტის მონაცემებიცაა განხილული. ევროკავშირის ექსპორტისათვის უკრაინა მნიშვნელობით მე-13 ქვეყანას წარმოადგენს. ევროკავშირის აგრონომიული პროდუქციის ექსპორტის 1.5% სწორედ უკრაინაზე მოდის. საერთო ჯამში კი 2021 წლის იანვრიდან აპრილამდე ევროკავშირიდან უკრაინაში ასეთი პროდუქციის ექსპორტი 7.3%-ითაა გაზრდილი.
უკრაინული მედიის, Ukrinform-ის ანგარიშით, 2021 წელს უკრაინაში იმპორტირებული საქონლის რაოდენობა 11%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით. ექსპორტის რაოდენობა კი იმავე შუალედში 12%-ით, 13.71 მილიარდი აშშ დოლარითაა გაზრდილი.