საგამოფენო ინდუსტრიის ტრანსფორმაცია | ინტერვიუ რესან ქიქავასთან

საგამოფენო ინდუსტრიის ტრანსფორმაცია | ინტერვიუ რესან ქიქავასთან

„ექსპო ჯორჯიაში“ პანდემიამდე, წლის განმავლობაში 11-12 გამოფენა იმართებოდა, 2020 წლის მარტში კი ორგანიზაციას ჯერ ყველა ღონისძიების გადავადება, შემდეგ კი გაუქმება მოუწია. ნათელია, რა შედეგებსა და ფინანსურ ზარალს მოუტანდა შექმნილი ვითარება კომპანიას, თუმცა „ექსპო ჯორჯიას“ გუნდმა გამოსავლის ძიება მალევე დაიწყო და ბიზნესის გადასარჩენად ახალი ფორმატის პროექტებიც დაგეგმა. კომპანია, რომლის შემოსავლების 2/3 გამოფენებისა და ღონისძიებების ორგანიზებაზე,  1/3 კი საოფისე სივრცეების იჯარაზე მოდის, ამჟამად 65 თანამშრომელს ასაქმებს. რა სირთულეები გადალახეს და რა გეგმები აქვთ, ამის შესახებ Forbes Georgia “ექსპო ჯორჯიას“ აღმასრულებელ დირექტორს, რესან ქიქავას ესაუბრა.

საგამოფენო სივრცეები პანდემიის გამო, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ბიზნესი იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რამდენად მძიმეა ბოლო ერთი წლის შედეგები „ექსპო ჯორჯიასთვის“?

ჩვენი ბიზნესი არის ღონისძიებების ორგანიზება და ფართის იჯარით გაცემა  როგორც ღონისძიების სხვა ორგანიზატორებისთვის, ასევე ოფისებისთვის. პანდემიის გამო, ღონისძიების ორგანიზება აიკრძალა და ვეღარაფერს ვატარებდით, ასევე შეგვიმცირდა საიჯარო შემოსავალიც. თავიდან ვვარაუდობდით, რომ შექმნილი ვითარება ერთ თვეს გასტანდა, მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პანდემია ამდენ ხანს გაგრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, პანდემიის დაწყებისთანავე ჩვენი გუნდის თითოეულ წევრთან გვქონდა შესაძლო სირთულეებთან და მძიმე გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კომუნიკაცია. ვეცადეთ, ყველა შესაძლო ხარჯი შეგვემცირებინა, პარტნიორებთან დავიწყეთ საუბარი, მათ შორის – ბანკებთან და ხარჯებიც მინიმუმამდე დავიყვანეთ. . თუმცა, მიუხედავად ამისა, კრიზისის შექმნიდან რამდენიმე თვეში მაინც იძულებული გავხდით, პანდემიამდე დასაქმებული 112 თანამშრომლიდან ნაწილი გაგვეშვა. ეს იყო ალბათ ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, რაც ცხოვრებაში მიმიღია.

როგორც მოგეხსენებათ, წლის განმავლობაში „ექსპო ჯორჯიას“ ორი საგამოფენო სეზონი აქვს – გაზაფხული და შემოდგომა, გასულ წელს კი ორიოდე  გამონაკლისის გარდა, როცა მაინც მოვახერხეთ ერთი ფიზიკური და ერთი ციფრული გამოფენების ჩატარება, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო, ორივე სეზონი ჩაგვივარდა. ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ გამოფენების ორგანიზებაზე და სხვა ღონისძიებებისთვის პავილიონების გაქირავებაზე მოდის. ბუნებრივია, ამ ყველაფრის შედეგად კომპანიას საგრძნობი ზიანი მიადგა.

ყველა ბიზნესს გადაწყობა, მოდელების შეცვლა და ტრანსფორმაციაც კი მოუწია. რა შეიცვალა „ექსპო ჯორჯიაში“?

თავდაპირველად დავიწყეთ დაკვირვება იმაზე, თუ რას აკეთებდნენ ჩვენი პარტნიორები საზღვარგარეთ, როგორ უმკლავდებოდნენ შექმნილ ვითარებას ანალოგიური ორგანიზაციები და რა გადაწყვეტილებები მიიღეს. შემდეგ დავიწყეთ ფიქრი, ჩვენ რისი შესაძლებლობა გვქონდა. სწორედ მაშინ დაიბადა ციფრული გამოფენის იდეაც. ვიმსჯელეთ იმ შესაძლო ვარიანტებზე, რისი გაციფრულებაც შეგვეძლო და დავასკვენით, რომ  ეს შეიძლება ყოფილიყო შეხვედრების ორგანიზება. ჩვენი, როგორც საგამოფენო ბიზნესის არსი იმაში მდგომარეობს, რომ უზრუნველვყოთ შეხვედრების მოსახერხებელი, ხელსაყრელი პლატფორმა სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის (ფიზიკური პირებისთვის,  კერძო თუ სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის). ამიტომაც, მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ციფრული პლატფორმა, სადაც დაინტერესებული მხარეები შესვლას და შეხვედრის დანიშვნას შეძლებდნენ, ასევე მიიღებდნენ ისეთი სახის ინფორმაციას, რომლისთვისაც ფიზიკური ინტერაქცია აუცილებელი არ იქნებოდა. პლატფორმის იდეა დავტესტეთ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და მათი მხრიდან ინტერესის გამოხატვის შემდეგ დავგეგმეთ პირველი ექსპერიმენტული ციფრული ღონისძიება „აგრო-ექსპორტ ფორუმი“, სადაც შევეცადეთ, ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა ქართველი მცირე ზომის მეწარმეები და მათი პოტენციური ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორები. ეს იყო მარტივ პლატფორმაზე ორგანიზებული პროექტი, რომელიც არ იყო დაგეგმილი იმ მასშტაბის და ხარისხის, რისი მიღებაც საბოლოო ჯამში გვინდოდა, ამიტომაც პლატფორმაზე მუშაობა ამ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავაგრძელეთ. შევიმუშავეთ გრძელვადიანი გეგმა და უკვე ამ წლის გაზაფხულისთვის ახალ, ტექნოლოგიურად დახვეწილ ციფრულ პლატფორმაზე, პირველი ციფრული განათლების საერთაშორისო გამოფენაც დავგეგმეთ.

რამდენად კმაყოფილები ხართ განათლების გამოფენით და რა სირთულეებს გადააწყდით მისი ორგანიზებისას?

ჩვენი ტრადიციული განათლების საერთაშორისო გამოფენის გაციფრულების ეს პირველი მცდელობა ნამდვილად  წარმატებული იყო. ყველა მონაწილე უნივერსიტეტს (როგორც ქართულს, ასევე უცხოურს) და სხვადასხვა პროფილის სასწავლებელს ჰქონდა თავისი ინდივიდუალური ციფრული სივრცე, სადაც  სტუდენტს თუ განათლების მიღებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეეძლო შესვლა, მისთვის საინტერესო ინფორმაციის გაცნობა, პრეზენტაციაზე დასწრება, კითხვების დასმა, ინდივიდუალური შეხვედრის დანიშვნა. ორი დღის განმავლობაში როგორც ძირითად გვერდზე, ასევე უნივერსიტეტების გვერდებზე, უწყვეტ რეჟიმში იმართებოდა პრეზენტაციები, ხდებოდა ახალი პროგრამების წარდგენა. ორი დღის განმავლობაში პლატფორმას 20 000-მდე ვიზიტორი ეწვია, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ პროექტმა გაამართლა. პლატფორმამ ტექნიკურად უხარვეზოდ იმუშავა, ბევრი ახალი პარტნიორი შევიძინეთ. შეიძლება კომუნიკაციის ხარისხი რიგ შემთხვევაში არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც გვინდოდა, მაგრამ ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ყველა მონაწილისთვის. საბოლოოდ, პლატფორმაზე უამრავმა ინფორმაციამ მოიყარა თავი, რომელიც თავის როლს მომავალშიც შეასრულებს.

რაც შეეხება სასწავლებლებს, რომლებიც გამოფენაში მონაწილეობდნენ, ჩვენი სურვილისა და ძალისხმევის მიუხედავად, ქართული უნივერსიტეტების სრულად მოცვა ვერ შევძელით, რადგან, როგორც ჩანს, ნაწილობრივ სიახლის მიმართ უნდობლობის პრობლემამ იჩინა თავი. თუმცა ქართველ მონაწილეთა რაოდენობას მცირეს ვერ ვუწოდებთ. ამასთან, განსაკუთრებით კარგად ვიყავით წარმოდგენილი უცხოური უნივერსიტეტების კუთხით.  ჯამში ამ ფორმატით ჩატარებული გამოფენით 150-ზე მეტი უნივერსიტეტი  დაინტერესდა და ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, გაცილებით უფრო დიდი პერსპექტივა არსებობს.  უცხოელი სტუდენტი, რომელიც საქართველოში განათლების მიღებით არის დაინტერესებული, ამჟამად ვერ იპოვის ისეთ ციფრულ სივრცეს, სადაც ყველა ქართული უმაღლესი სასწავლებლის შესახებ ინფორმაცია იქნება თავმოყრილი. ჩვენი პლატფორმა კი სწორედ ამის შესაძლებლობას ქმნის. ამასთან, მაგალითად, საქართველოს მოქალაქე, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები, უკვე შეძლებს სახლიდან გაუსვლელად, ერთიან სივრცეში შეადაროს, შეარჩიოს სასურველი უნივერსიტეტი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

როგორც მოგახსენეთ, ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი პირველი სრულად ციფრული ღონისძიება, რომელსაც წლიდან წლამდე კიდევ უფრო დავხვეწთ და გავაუმჯობესებთ.

თქვენი დაკვირვებით, რა არის ციფრული ღონისძიებების დადებითი და უარყოფითი მხარეები?

ციფრული ღონისძიება შინაარსობრივად ძალიან საინტერესოა, თუმცა ფინანსურად ამ ეტაპზე ვერ შეედრება ფიზიკურად ჩატარებული გამოფენის მასშტაბებს. მსგავსი ფორმატი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულება შევქმნათ. შესაბამისად, ჩვენ არ ვფიქრობთ ფიზიკური გამოფენების ციფრულით ჩანაცვლებას. ჩვენ გვინდა, რომ შეხვედრების ციფრული პლატფორმა იყოს ფიზიკური ფორმატის საინტერესო დამატებითი კომპონენტი. ასევე ციფრული პლატფორმა უალტერნატივოა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში.  კომპანიებიც  აღნიშნავენ, რომ მათ ფიზიკური გამოფენები ენატრებათ და ეს გასაგებიცაა – ერთ ფიზიკურ გამოფენაში მონაწილეობით შეიძლება ერთი ისეთი კონტაქტი დაამყარო, მომხმარებელი ან ბიზნესპარტნიორი იპოვო, რის გამოც მომავალში 5-6 გამოფენაში ნაკლებად შედეგიანი მონაწილეობაც კი გიღირდეს. ჩვენი საქმეა, რომ იმის ალბათობა და შესაძლებლობა, რომ ასეთი კომუნიკაცია შედგეს, მაქსიმალურად გავზარდოთ. ამიტომაც ჰიბრიდული მოდელის განვითარებაზე ვფიქრობთ. როდესაც ჩვეულ რეჟიმში, ფიზიკურ გარემოში გამოფენები სრულად აღდგება, ციფრულ კომპონენტებსაც შევინარჩუნებთ და გვექნება შერეული ვერსიები. ზოგადად, ვიდრე ფიზიკურ გამოფენაზე მიხვალ, ყოველთვის კარგია პირველადი კომუნიკაცია უკვე შემდგარი იყოს და ამის გაკეთება ციფრული პლატფორმის საშუალებით შეგიძლია. მაგალითად, როდესაც უცხოეთში გამართულ გამოფენაში გინდა მონაწილეობის მიღება, წინასწარ ციფრულ რეჟიმში ნახავ დეტალურ აღწერებს, თუ ვინ იქნება წარმოდგენილი, დაათვალიერებ, დაამყარებ კომუნიკაციას და შემდეგ მიიღებ გადაწყვეტილებას. ეს ინდუსტრიისთვის საინტერესო ბიზნესმოდელია და ექსპერტებიც ფიქრობენ, რომ სამომავლოდ საგამოფენო ინდუსტრია სწორედ ამ მიმართულებით განვითარდება.

რამდენად გამოცოცხლდა თქვენს სივრცეებზე მოთხოვნა?

უკვე დავიწყეთ ღონისძიებებზე ფართის იჯარით გაცემა. პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად ცოტა ხნის წინ გვქონდა შემთხვევა, როდესაც ორი ღონისძიება პარალელურად მიმდინარეობდა.

საოფისე პავილიონები სრულად გვაქვს ათვისებული და ამ მხრივ მოთხოვნა აჭარბებს  არსებულ შესაძლებლობას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან „ექსპო ჯორჯია“ დიდ ტერიტორიას მოიცავს თავისი მწვანე საფარით და ძველი თუ განახლებული ინფრასტრუქტურით, რომლის მოვლა, ექსპლუატაცია და განვითარება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ნელ-ნელა მოვძლიერდით და უკვე ნაკლებად გვეშინია ჩავარდნების. ვხედავთ, რომ ეკონომიკა შოკიდან გამოდის. თუმცა, როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

რა არის „ექსპო ჯორჯიას“ უახლოესი გეგმა?

შემოდგომაზე ვფიქრობთ ჩვენი ტრადიციული, ყველაზე მასშტაბური სამშენებლო გამოფენის ორგანიზებას. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვართ, რადგან არ ვიცით ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რა გველოდება, რასაც ჩვენი პარტნიორებიც იზიარებენ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კარგი გამოფენა გამოგვივიდეს, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

„ექსპო ჯორჯიას“ ისტორია 1950-იან წლებში იწყება. რა გზა გამოიარა მთელი ამ ხნის განმავლობაში სივრცემ და როგორ იქცა ის ბიზნესად?

„ექსპო ჯორჯია“ საბჭოთა პერიოდში დაარსდა და იმ დროს ინდუსტრიული მიღწევებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის საგამოფენო  სივრცეს წამოადგენდა, სადაც სხვადასხვა პავილიონი სხვადასხვა ინდუსტრიის წარმოსაჩენად იყო განკუთვნილი. წელიწადში ერთხელ ტარდებოდა საერთაშორისო გამოფენებიც. ორგანიზაციის პრივატიზება 1990-იან წლებში მოხდა, რის შემდეგაც ფაქტობრივად გაპარტახებული ტერიტორიის ეტაპობრივი რეაბილიტაცია ჩატარდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი საერთაშორისო გამოფენების მოწყობა დაიწყო. ორგანიზაცია გახდა საერთაშორისო საგამოფენო ასოციაციის წევრი. იმ დროს ეს განსაკუთრებით რთული საქმე იყო, რადგან კომუნიკაცია უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან მხოლოდ ტელეფონით თუ იყო შესაძლებელი. ერთი გამოფენის ორგანიზებას წლები სჭირდება და წარმოიდგინეთ, რა კოლოსალური შრომა იქნა ჩადებული იმაში,  რომ ქვეყანაში კომერციულად მდგრადი საგამოფენო სივრცე შექმნილიყო.

თქვენ უკვე ხუთი წელია, რაც „ექსპო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობთ. რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციაში?

როდესაც მე მოვედი ამ ორგანიზაციაში, ფაქტობრივად უკვე ყველაფერი გაკეთებული და აწყობილი დამხვდა. მე მხოლოდ შევეცადე, რომ ტემპი და ის ღირებულებები, რაზეც ორგანიზაცია იდგა, შემენარჩუნებინა, ფინანსურად გაგვეზარდა ორგანიზაცია და უფრო მდგრადი გაგვეხადა. 2020 წლამდე შემოსავლები მზარდი იყო, თუმცა პანდემიამ უკან დაგვხია. მოგეხსენებათ, დიდი ფინანსური დარტყმა მივიღეთ. რაც გვქონდა დანაზოგის სახით, მთლიანად თანამშრომლების შენარჩუნებისკენ მივმართეთ, თუნდაც რამდენიმე თვით პროცესის გაწელვის მიზნით. ახლა ფაქტობრივად ნულიდან გვიწევს ყველაფრის მშენებლობა, პარალელურად ვცდილობთ, რომ გარკვეული ფინანსური ბუფერებიც შევქმნათ, რათა შემდგომში, მოსალოდნელი კრიზისის შემთხვევაში, მომზადებულები ვიყოთ.  საქართველოში გამოფენების კეთების მიმართულებით ჩვენნაირი გამოცდილება არავის აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია რეპუტაციაც, რითაც განსაკუთრებით ვამაყობთ და რომელსაც ვუფრთხილდებით. ყველა პარტნიორმა იცის, რომ ჩვენი ორგანიზაცია არის ღირებულებების ერთგული, რომელიც ბიზნესს სწორად ხედავს და იცის საქმის კეთება.

დაბოლოს, მინდა გკითხოთ როგორც CEO-ს, რა არის მთავარი იმისთვის, რომ მსგავსი კრიზისების დროს ორგანიზაცია გადარჩეს?

პირველ რიგში, ხელმძღვანელისთვის მოგების მიღება და კაპიტალის ზრდა არ უნდა იყოს ერთადერთი პრიორიტეტი. როცა გადაწყვეტილებების მიღება გიწევს, თანამშრომლები, პარტნიორები, ყველა ე.წ. სთეიქჰოლდერი უნდა იყოს მნიშვნელოვანი და მათი მოცემულობა და ინტერესები უნდა გაითვალისწინო. თუმცა, ამასთან, კომპანიის მფლობელების მიმართ პასუხისმგებლობაც და კომპანიის გადარჩენის ვალდებულებაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ამიტომ ამ „ბევრ ცეცხლს შუა“ მოტრიალე ხელმძღვანელებმა, რაღაცნაირად ბალანსი უნდა ვიპოვოთ.

მაგალითად, პანდემიის დაწყებისთანავე გამოჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებმაც პირველ ადგილზე კაპიტალის შენარჩუნება დააყენეს და მეორე დღესვე დაემშვიდობნენ თანამშრომლებს, ასევე ზურგი აქციეს სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს, სახელმწიფოს. ვფიქრობ, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება მათთვის და პანდემიის დასრულების შემდეგ მოწინავე პოზიციებზე აღმოჩნდებიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც სწორად გაითავისეს პასუხისმგებლობები და ამ ღირებულებების ერთგულები დარჩნენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.