უმაღლესი მოწოდება - ბო რიგლი

უმაღლესი მოწოდება - ბო რიგლი

მილიარდერი ბო რიგლი აშენებს თავის კანაფის კომპანიას, PARALLEL-ს, რომელიც უფრო დიდი იქნება, ვიდრე მისი ოჯახის საღეჭი რეზინის ბიზნესი. ოღონდ მომხმარებლების დაბოლება მის გეგმებში არ შედის.

2017 წელს, როდესაც მილიარდერ უილიამ „ბო“ რიგლი უმცროსს მისი ოჯახის ოფისის მმართველმა დირექტორმა, ჯეი ჰოლმსმა წარუდგინა კანაფი, როგორც ახალი საინვესტიციო შესაძლებლობა, მან დაუყოვნებლივ უარყო ეს. „მეხუმრები? – თქვა მან. – საერთოდ არ მიზიდავს ნარინჯისფერი სამოსი და ციხეში თავის ამოყოფის შესაძლებლობა“.

მიუხედავად ამისა, რიგლიმ, სრულიად ამერიკული საღეჭი რეზინის ქონების მემკვიდრემ, ვერ უარყო, რომ მზარდი ლეგალური მარიხუანის ინდუსტრია აკმაყოფილებდა მის ყველა საინვესტიციო კრიტერიუმს: მომხმარებელთა ქცევის შეცვლის ტენდენციას, მარეგულირებელი გარემოს გარდაქმნასა და ჯანდაცვის სფეროში მრავალჯერად გამოყენებას.

ასე რომ, რიგლიმ გადახედა შეთავაზებას. მან დაავალა ჰოლმსს, ეპოვა სამიზნე კომპანია და საბოლოოდ მან ერთ-ერთი მათგანი, Surterra Wellness-ი თავისთან, ფლორიდაში აღმოაჩინა. რიგლი და მისი გუნდი გაფრინდნენ 180,000 კვადრატული ფუტის საწარმოში ტამპის მახლობლად, კომპანიის უდიდეს ობიექტზე, სადაც მცენარე კანაბისი იზრდება. კულტივირების ადგილის დათვალიერების შემდეგ (ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც 57 წლის რიგლიმ, რომელიც ამბობს, რომ მოსაწევი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გაუსინჯავს, ნახა კანაფით სავსე ოთახი) თვითმფრინავით უკან გამოფრენისას მათ ტანსაცმელში ყვავილების ტკბილი, მკვეთრი სუნი გამჯდარიყო.

„არავინ იცოდა, სად ვიმყოფებოდით და, მე ვფიქრობ, ეგონათ, რომ მოსაწევად ვიყავით გასულები“, – იხსენებს ამ შემთხვევას რიგლი თავის ჩრდილოეთ პალმ-ბიჩის კარ-მიდამოში, ლეიკ-უორტის ლაგუნაზე, მზიან შუადღეს.

ამ ექსკურსიიდან მალევე, მან Surterra-ში $65 მილიონის ინვესტიციის რაუნდი ჩაატარა, ხოლო 2018 წლის ნოემბერში შეცვალა კომპანიის თანადამფუძნებელი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. ახალი სახელით Parallel-ი, რიგლის კომპანიას ახლა 42 აფთიაქი აქვს სამ შტატში, 39 – ფლორიდაში და დანარჩენი მასაჩუსეტსა და ნევადაში, ახლების გახსნა კი პენსილვანიასა და ტეხასში იგეგმება. დღემდე მან მოიზიდა $400 მილიონი, ძირითადად, Wrigley-სგან და სხვა დიდი ქონების მქონე პირებისგან. ბოლო დაფინანსების რაუნდმა, რომელიც 2020 წელს დაიხურა, $250-მილიონიანი კომპანია (2020-ის გაყიდვებით) დაახლოებით $2 მილიარდად შეაფასა.

2019 წელს Parallel-მა $100 მილიონზე მეტი დახარჯა ბოსტონში დაფუძნებულ სტარტაპ Molecular Infusions-ზე, რომელიც THC-ით გაჟღენთილ გაზიან წყალზე მუშაობს. Parallel-ი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩიკაგოში სამსართულიანი აფთიაქების ქსელის დაახლოებით $150 მილიონად შესყიდვაზე, რაც კომპანიას რიგლის სინონიმი სახელის ქალაქში მიიყვანს.

მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული ორი ადამიანის თქმით, ის ასევე იკვლევს საჯაროდ გაყიდვის შესაძლებლობებს კანადაში SPAC-გარიგებით. რიგლი კომპანიის საჯარო ბაზარზე გატანას უარყოფს.

სულ რაღაც სამ წელიწადში რიგლიმ Parallel-ი კანაფის ახალი ტიპის კომპანიად გარდაქმნა. მარიხუანის პირველი მეინსტრიმული ბრენდის შექმნის მისიის შესრულებისას, მან თავისი მენეჯმენტი მსოფლიოს ზოგიერთი უმსხვილესი და ყველაზე ცნობილი კორპორაციის აღმასრულებლებითა და მრჩევლებით დააკომპლექტა – მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Coca-Cola, Walgreens-ი და Patrón Spirits-ი. რიგლი თვლის, რომ მისი კანაფის კონცერნი ერთ მშვენიერ დღეს კონკურენციას გაუწევს ოჯახის საღეჭი რეზინის ბიზნესს, რომელიც მან Mars, Inc.-ს $23 მილიარდად 2008 წელს მიჰყიდა.

„ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს უფრო დიდი, ვიდრე კომპანია Wrigley-ა, ამბობს ის. – Wrigleyში ჩვენ ხალხის ცხოვრებას სიხარული შევმატეთ. ეს ბევრად უფრო დიდი რამაა“.

Parallel-ი არ არის კანაფის უმსხვილესი ფირმა ამერიკაში – ეს სტატუსი მასაჩუსეტში დაფუძნებულ Curaleaf-ს ეკუთვნის, ან თუნდაც ყველაზე დიდი ფლორიდაში (ეს არის Trulieve), მაგრამ მან ნელა და მეთოდურად ააწყო თავისი ოპერაციები. მისი სტრატეგია მკვეთრად განსხვავდება Curaleaf-ის პოლიტიკისგან, რომელმაც აგრესიული ეროვნული გაერთიანების სტრატეგია მისი მილიარდერი თავმჯდომარის, ბორის ჯორდანის ხელმძღვანელობით ჩამოაყალიბა. ეროვნული სივრცის დატაცების ნაცვლად, რიგლი ძირითადად ფოკუსირებულია ფლორიდაზე, რომელსაც ის უწოდებს „ნიუ-იორკის სამხრეთს“, სადაც სამედიცინო მარიხუანა ლეგალურია.

ფლორიდას ყოველწლიურად ჰყავს 21-მილიონიანი მზარდი მოსახლეობა და 100 მილიონზე მეტი ვიზიტორი და რიგლი ვარაუდობს, რომ როდესაც კანაფის რეკრეაციული მოხმარება აქ ლეგალური გახდება, მისი კომპანია ათჯერ გაიზრდება. „პოტენციალი უზარმაზარია თუნდაც მხოლოდ ფლორიდაში“, – ამბობს ის.

Parallel-ის ფარული ღირებულება მდგომარეობს სამედიცინო და რეკრეაციულ კვლევასა და განვითარებაში ჩადებულ მის ინვესტიციებში. 2019 წელს კომპანიამ ექსკლუზიური პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა ბიოფარმაკოლოგიურ კომპანია Eleszto Genetika-სთან ბუდაპეშტში, უნგრეთში. საფუარის მიკრობული პროცესის მეშვეობით Eleszto Genetika-ს შეუძლია გენეტიკურად იშვიათი კანაბინოიდების გამოყვანა, ისევე როგორც კომერციული მასშტაბით კონკრეტული ეფექტების ინჟინერია. ერთ-ერთი მომავალი პროდუქტი, რომლითაც რიგლი აღფრთოვანებულია, არის CBN – კანაბინოიდი, რომელიც ხელს უწყობს ძილის გაუმჯობესებას.

უწოდეთ მას „ამბიენის მკვლელი“, – ამბობს ის.

Parallel-ი ასევე თვალყურს ადევნებს THCV-ს, რომელსაც იგივე ეიფორიული ეფექტები აქვს, რაც THC-ს, კანაფის მთავარ ფსიქოაქტიურ ნაერთს, მაგრამ არის მადის დამთრგუნველი, რაც მოწევის შემდეგ ჭამის მოთხოვნილების არარსებობას ნიშნავს, ამბობს ის. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას არაკალორიული ალკოჰოლის შემცვლელი, რომელიც „თავს უკეთესად გაგრძნობინებთ, ფინჯან ყავაზე მეტ დამოკიდებულებას არ იწვევს და არა აქვს თანამდევი მოვლენები, – დასძენს ის. – და, სხვათა შორის, ის თრგუნავს თქვენს მადას“.

რიგლი, რომელსაც ფეხებთან მისი იტალიური წყლის ძაღლი, რიო, უზის, განაგრძობს: „ამ პროდუქტებიდან ერთი-ერთი უფრო დიდია, ვიდრე მთელი კომპანია“.

რიგლი, რომელიც განტვირთვისთვის თავისი კომპანიის THC-წვეთებს ლაიმის LaCroix-ში იწვეთებს, ამბობს, რომ კანაბინოიდებს აქვთ „ცხოვრების ხარისხის“ გაუმჯობესების პოტენციალი, იქნება ეს ტკივილის შემსუბუქებით, შფოთვის შემცირებით თუ კარგი ღამის დასვენების ხელშეწყობით.

Parallel-ს ასევე აქვს ის, რაც კანაფის სხვა კომპანიას არა აქვს: Wrigley-ის სახელი.

მორგან პაქსია, სან-ფრანცისკოში მდებარე $150-მილიონიანი კანაფის საინვესტიციო ფირმის თანადამფუძნებელი თვლის, რომ Wrigley მზად არის, შექმნას წარმატებული, მეინსტრიმული კანაფის კომპანია. „ეს მათ დნმ-ში დევს, – ამბობს პაქსია. – მრავალი თაობის, ოჯახზე ორიენტირებული – ასე ვაშენებთ დიდ, გამძლე, მემკვიდრეობით ბრენდებს“.

რიგლი ამერიკის ერთ-ერთი დიდი ბიზნესდინასტიის შთამომავალია. მისმა სეხნიამ და დიდმა ბაბუამ, უილიამ რიგლი უმცროსმა 1891 წელს დააარსა William Wrigley Co., როგორც საპნის მწარმოებელი, მაგრამ 1893 წელს Wrigley-ის საღეჭი რეზინის წარმოება გადაწყვიტა. კომპანია გადაეცა თაობებს და მას ბოს მამა სიკვდილამდე, 1999 წლის მარტამდე მართავდა. ბო, რომელმაც კომპანიაში მუშაობა 13 წლისამ ზაფხულის არდადეგებზე დაიწყო, 35 წლის იყო, როცა მამის გარდაცვალების შემდეგ აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე გახდა.

მას მიაწერენ 100-წლიანი საოჯახო ბიზნესის გაცოცხლებას, რადგან მან ხელი შეუწყო მისი ნატურალური რეზინის ფორმულის შეცვლას უფრო ეკონომიური სინთეზური ბაზით და გააფართოვა გავლენა Life Savers-ისა და Altoids-ის შეძენით. 2008 წლის ოქტომბერში რიგლიმ გააფორმა თავის სიცოცხლეში უმნიშვნელოვანესი გარიგება – მან კერძო მფობელობაში გამოისყიდა Wrigley Co., მიჰყიდა რა ის Mars, Inc.-ს – კიდევ ერთ კომპანიას, რომელიც მილიარდერების ოჯახს ეკუთვნის.

გასაგებია, ბევრი ვარაუდობს, რომ რიგლი ერთ დღეს კანაფის საღეჭ რეზინს შექმნის. მეცნიერებისა და მოლეკულური ბიოლოგიის სამწუთიანი ახსნის შემდეგ, რომელიც საღეჭი რეზინის ბაზიდან სათანადო გემოვნების გამოთავისუფლებას უზრუნველყოფს, მას აფიქრებს, თუ რამდენად ძვირი შეიძლება იყოს კვლევისა და განვითარების პროცესი, ისევე როგორც ბავშვებთან დაკავშირებული რისკები. და მაინც: „არასოდეს თქვა არასოდეს“, – ამბობს ის.

Wrigley Co.-ის მსგავსად, Parallel-ს აქვს გლობალური ამბიციები. Forbes-ის მიერ მოპოვებული საინვესტიციო დოკუმენტის მიხედვით, Parallel-ი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კანაფის მოშენების ლიცენზიებს იკვლევს. (რიგლი აღიარებს, რომ ესაუბრა რეგიონის მთავრობის წარმომადგენლებს, მაგრამ ამბობს, რომ მოლაპარაკებები პანდემიის დროს შენელდა.)

„Wrigley-ს მსგავსად, ეს ასევე კულტურათაშორისი პროდუქტია, – ამბობს ის. – ისევე, როგორც კევს ვყიდდით 180 ქვეყანაში, კანაფსაც ყველგან მოიხმარენ“.

კითხვაზე, რას იფიქრებდნენ მისი წინაპრები ინდუსტრიაში მის შესვლაზე, რიგლი პასუხს არ ჩქარობს. თავისი სახლის მთავარი შესასვლელისკენ მიმავალ ხის ბილიკზე დგას, მის გვერდით კი დეკორატიული თევზებით, კოიებით, სავსე ორი აუზია. იქვე, პატარა მწვანე მდელოზე ჩარჭობილ დროშებს უორტის ტბიდან მობერილი ნიავი აფრიალებს.

„ღმერთო, თავიდან ისინი საფლავებში გადატრიალდებოდნენ“, – ამბობს ღიმილით.

მიუხედავად იმისა, რომ მოსაწევი ჯერ კიდევ არალეგალურია ფედერალური კანონის მიხედვით, 43-მა შტატმა შექმნა ამა თუ იმ სახის საკუთარი ლეგალური ბაზრები და როდესაც დემოკრატები ახლა კონგრესს აკონტროლებენ, ეროვნული მასშტაბის ლეგალიზაცია უფრო ახლოს ჩანს, ვიდრე ოდესმე. „მე არ ვთვლი ჩვენს ბიზნესს არაკანონიერად, – ამბობს ის. – ამ დროისთვის ის პოლიტიკურ ჭაობშია მოხვედრილი“.

რიგლი, $3.1-მილიარდიანი ქონების პატრონი, ამბობს, რომ თავს იღბლიანად თვლის, რადგან ეხმარება ინდუსტრიას შავი ბაზრიდან ლეგალურზე გადასვლაში. მეწარმეების ბოლო თაობამ, რომელმაც ეს პრეტენზია გამოთქვა, ქალაქი უდაბნოში, ლას-ვეგასი აქცია დიდ ქალაქად, სადაც მრავალმილიარდდოლარიანი საჯარო კორპორაციები არსებობენ. რიგლი დღეს კანაფის ინდუსტრიას ადარებს ვეგასს მაფიის შემდგომ პერიოდში, სანამ სტრიპში ძვირად ღირებული სასტუმროები გაიხსნებოდა

„ჩვენი თავი იმ ეპოქას მაგონებს, სანამ სტივ ვინი მოვიდოდა და მას დანიშნულების ადგილად აქცევდა, – ამბობს ის. – ნებისმიერს შეუძლია მაგიდაზე მწვანე თექის გაშლა და აზარტული თამაში. მაგრამ მან შექმნა მთელი ეს გამოცდილება ხელოვნებით, Bellagio-თი, შადრევნებით, და ეს გახდა დანიშნულების ადგილი. რიგლი თვლის, რომ Parallel-ი შეიძლება გახდეს მსოფლიოში პირველი ოქროს სტანდარტების კანაფის კომპანია, იმის შეცვლით, თუ როგორ უყურებენ ამერიკელები მარიხუანას, ისევე როგორც Wynn-მა შექმნა Sin City-ის იმიჯი. „ეს არ ეხება ნარკოტიკულ თრობას, – ამბობს ის. – ეს ეხება ცხოვრების ხარისხს“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *