უნგრეთის მთავრობა ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ ინიციატივას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციების პაკეტის დამტკიცების შესახებ.
მთავრობის კაბინეტის მინისტრის, გერგელი გულიასის განცხადებით, უნგრეთის მთავრობა არ დაუშვებს, რომ ევროკავშირმა რუსეთიდან ნედლი ნავთობის ან ბუნებრივი აირის იმპორტი აკრძალოს, რადგან ამით ქვეყნის ეკონომიკა და ენერგეტიკული სექტორი დაზარალდება, მოსახლეობას კი ელექტროენერგია, გაზი და საწვავი მკვეთრად გაუძვირდება.
„მსგავსი მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ერთსულოვან თანხმობას. აზრი არ აქვს კომისიის მიერ ისეთი ინიციატივის წარდგენას, რომელიც რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვით უნგრეთის შესყიდვებს შეზღუდავს – მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ასეთ ინიციატივას მხარს არასდროს დავუჭერთ“, – განაცხადა გულიასმა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, კომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შედგენაზე მუშაობს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება რუსული ენერგორესურსების იმპორტის ნაწილობრივ შეზღუდვა. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შესყიდვების სრულად აკრძალვასაც განიხილავენ.