უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შეთანხმებით დასრულდა თითქმის ერთწლიანი დაპირისპირება შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თავად ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობები კი, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის საპასუხოდ, მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

NATO-ში ახალი წევრის მიღებას ალიანსში შემავალი ყველა სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. თურქეთის შემდეგ, სამხედრო ალიანსში შვედეთის გაწევრიანების ერთადერთ მოწინააღმდეგედ რუსეთთან დაახლოებული პრემიერის, ვიქტორ ორბანის უნგრეთი რჩებოდა. Axios-ის ინფორმაციით, უნგრეთმა პოზიციები მას შემდეგ შეცვალა, რაც შვედეთი მისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას დათანხმდა.

Associated Press-ის ცნობით, შვედეთის ალიანში გაწევრიანება პარლამენტმა 188 ხმით, ექვსის წინააღმდეგ დაამტკიცა. პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კენჭისყრის შედეგებს გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. სტოლტენბერგი მიესალმა შვედეთს, როგორც NATO-ს 32-ე წევრს: “შვედეთის წევრობა ყველას გაგვაძლიერებს და უფრო უსაფრთხოს გაგვხდის”.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადრე განაცხადა, რომ მისი თავდასხმა უკრაინაზე, ნაწილობრივ აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოების შეჩერების მცდელობაც იყო. ფინეთმა და შვედეთმა სამხედრო ალიანსს გაწევრიანების თხოვნით სწორედ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიმართეს. ფინეთი NATO-ს წევრი გასული წლის აპრილში გახდა.