უორენ ბაფეტმა Occidental Petroleum-ში ინვესტიცია გაზარდა

უორენ ბაფეტმა Occidental Petroleum-ში ინვესტიცია გაზარდა

ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგმა Berkshire Hathaway-მ ენერგეტიკულ კომპანია Occidental Petroleum-ში ინვესტიცია დამატებით $355 მილიონით გაზარდა. საინვესტიციო ჰოლდინგი ამჟამად ენერგოგიგანტის 22.2%-იან წილს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ენერგეტიკული ბაზრისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიებისგან Berkshire-მა სპეციალური ნებართვა მიიღო, რომელიც საფინანსო ჰოლდინგს Occidental-ის 50%-იანი წილის შეძენის უფლებას აძლევს.

ექსპერტთა ნაწილის ვარაუდით, 50%-იანი წილის შეძენის შემდეგ, Berkshire-ი Occidental-ს სრულად გამოისყიდის და მის მრავალფეროვან საინვესტიციო პორტფელს კიდევ ერთი წარმატებული კომპანიით გაამდიდრებს.

ბაფეტის მიერ კომპანიის აქციების შეძენის სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა პოზიტიურად მიიღეს – საფონდო ბირჟის გახსნიდან რამდენიმე საათში Occidental Petroleum-ის აქციების ღირებულება თითქმის 2%-ით გაიზარდა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი $55-მილიარდიან ნიშნულს მიაღწია.

საგულისხმოა, რომ ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის წინამძღოლობით Berkshire Hathaway მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა – ის ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში, $683-მილიარდიანი კაპიტალიზაციით, მეექვსე ადგილს იკავებს.

“ომაჰელი ორაკული“ ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული და გონიერი ინვესტორია. Forbes-ის მიერ ბაფეტის ქონება $108 მილიარდადაა შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ის მეხუთე ადგილს იკავებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *