2025 წლისთვის მთელი მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს ბლოკჩეინი შეინახავს. უკვე მივეჩვიეთ და ინფორმაციას სიამოვნებით ვცვლით დეცენტრალიზებული ონლაინპლატფორმის გამოყენებით. ეს ინტერნეტია. თუმცა, როცა რაიმეს ყიდვაზე მიდგება საქმე, ინტერნეტს არ ვენდობით. ჩვენთვის აუცილებელია, გამოვიყენოთ საბანკო ანგარიში ან ბარათი. ბლოკჩეინის ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი, ეს “შუამავალი” გამორიცხოს.
ორი ათწლეულის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ კომუნიკაცია ასეთი სწრაფი, მარტივი და ღია იქნებოდა.
1996 წელს ამერიკაში სასწავლებლად რომ წავედი, ჩემს მშობლებს საშინლად ძვირი უჯდებოდათ ჩემთან პირდაპირი კომუნიკაცია: ტელეფონით ამერიკაში ერთწუთიანი დარეკვა მსუყე საუზმეზე ძვირი ღირდა. ფოსტა კი ამანათს ან ჩამოიტანდა, ან – არა. ამის გარანტირებულად თქმა იმ დროს შეუძლებელი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ფოსტით გზავნილის მიღებას რამდენიმე თვე მაინც სჭირდებოდა, რაც ოკეანის მიღმა დარჩენილი 15 წლის გოგოსთვის დიდი შვება არ იყო.
წლების მერე ამერიკაში ისევ მოვხვდი – რამდენჯერმე – თუმცა კომუნიკაცია აღარ გამჭირვებია. რატომ? ინტერნეტის გამო. ჩართე ვიდეოთვალი და ილაპარაკე რამდენიც გინდა. თითქოს არც არსად წასულხარ.
სრული ჭეშმარიტებაა: ინტერნეტმა ჩვენი კომუნიკაცია უფრო იაფი და ეფექტიანი გახადა. თუმცა დროთა განმავლობაში თავისი ჯადოსნურობა დაკარგა. როგორც ყველაფერი, ეს მიღწევაც კაცობრიობამ მიიღო და მოინელა.
და მერე – ახალი მოთხოვნები გაუჩნდა.
წამყვანი გამოცემების დიდი ნაწილი – მათ შორის, Forbes-იც – ბლოკჩეინს “Internet of value”-ს უწოდებს, რაც ასე შეგვიძლია ვთარგმნოთ – “ღირებულების ინტერნეტი”.
ინტერნეტში ინფორმაციის განთავსება ნებისმიერს და მასზე წვდომაც ნებისმიერს შეუძლია. ბლოკჩეინით ღირებულების გადაცემა კი მხოლოდ ბლოკჩეინის სისტემაში შეიძლება. თუმცა იმისთვის, რომ წვდომა გქონდეს, აუცილებლად უნდა ფლობდე საკუთარ, კრიპტოგრაფიულ გასაღებს. ეს გასაღები მხოლოდ იმ ბლოკებს გახსნის, რომლებიც თქვენ გეკუთვნით. სხვისთვის ამ გასაღების გადაცემით, თქვენ ეფექტიანად გადასცემთ მას ნებისმიერ ღირებულებას, რასაც ბლოკჩეინის იმ კონკრეტულ სექციაში – ბლოკში ინახავთ.
რატომ არის ბლოკჩეინი განვითარების შემდეგი ეტაპი? იმიტომ რომ ის აკმაყოფილებს მოთხოვნას, რისთვისაც ინტერნეტი არც შექმნილა – ადგენს იდენტობას, ამკვიდრებს ნდობას და უსაფრთხოებას: ვერავინ შეძლებს ცვლილებები შეიტანოს ბლოკჩეინში შესაბამისი გასაღების გარეშე. ამის მცდელობა რომც იყოს, ეს ცვლილებები მაინც არ შეინახება.
“ამას გარდა, გლობალურად ბევრი დატაცენტრი და ინფრასტრუქტურაა, რაც აზღვევს ამ შედეგს. ამდენად, სისტემის მოტყუება პრაქტიკულად შეუძლებელია. კომპიუტერული ძალა, რომელიც ბლოკჩეინს იცავს, უდრის მსოფლიოს 500 სუპერძლიერი კომპიუტერის კომბინირებულ ძალას”, – გვიხსნის BitFury Group-ის დირექტორი ვალერი ვავილოვი, რომელიც საქართველოში მოკლე ვიზიტის დროს Forbes Georgia-თან ექსკლუზიურ ინტერვიუზე გვთანხმდება.
თეორიულად, რა თქმა უნდა, არსებობს იმის რისკი, რომ გასაღები – ისევე, როგორც, მაგალითად, ფული ან ოქრო – შეიძლება მოიპარონ, თუმცა კომპიუტერული კოდის რამდენიმე ხაზის შენახვას, როგორც წესი, დიდი ხარჯი არ სჭირდება, რასაც ვერ ვიტყვით თუნდაც ბანკის შემნახველ საკანზე, რომლის გატეხის ალბათობაც თეორიულად ასევე არსებობს.
გამოდის, რომ ბანკების მთავარ ფუნქციებს – იდენტობის შემოწმება თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და ლეგიტიმური ტრანზაქციების აღრიცხვა – ბლოკჩეინი უფრო სწრაფად და უფრო ზუსტად ასრულებს.
“თუმცა ბლოკჩეინი არ უნდა განვიხილოთ, როგორც ბანკების კონკურენტი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტერნეტი ბანკების კონკურენტია? არა, ინტერნეტმა შესაძლებლობა მისცა ბანკებს, თავიანთი ეფექტიანობა გაეზარდათ. ზუსტად ასევე, ბლოკჩეინი მისცემს ბანკებს შესაძლებლობას, გაამარტივონ ბიუროკრატია და თავიდან აირიდონ ზედმეტი ფურცლები”, – ამბობს ვალერი ვავილოვი.
ბლოკჩეინი არა მხოლოდ საფინანსო სექტორისთვისაა სასარგებლო. იმ დაცულობის წყალობით, რაზეც ცოტა ხნის წინ გავამახვილეთ ყურადღება, ბლოკჩეინი ყველაზე არაკორუმპირებული ციფრული პლატფორმაა, რომელმაც შეიძლება აღრიცხოს პრაქტიკულად ყველაფერი, რის გაციფრულებაც შესაძლებელია: დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობები, ქორწინების მოწმობა, საკუთრების უფლების დამამტკიცებელი დოკუმენტაცია, განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ჯანმრთელობის ისტორია, კონტრაქტები და, თქვენ წარმოიდგინეთ, საარჩევნო ხმებიც კი.
“სინამდვილეში, ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბლოკჩეინი. არჩევნები სამუშაო დღეს თუ უწევს, ბევრმა ადამიანმა შეიძლება უბრალოდ ვერ მოიცალოს ხმის მისაცემად. ბლოკჩეინის სისტემა, რომელიც მობილურს და პირად ნომერს მოითხოვს, ამ პრობლემას მთლიანად აგვარებს. მომავალში, დილით გაიღვიძებთ, აიღებთ თქვენს სმარტფონს და იტყვით: არჩევნების დღე ყოფილა, ვის ვაძლევ ხმას? – აჰა… აირჩევთ თქვენს კანდიდატს, დააჭერთ თითს და მორჩა, არჩევანი გაკეთებულია. თქვენი ხმა ბლოკჩეინზეა. ვეღარავინ შეცვლის მას და შედეგების გამოთვლა რეალურ დროში მოხდება”, – ასე ხედავს მომავალში ვალერი ვავილოვი ბლოკჩეინის კიდევ ერთ ფუნქციას.
ამერიკაში, ვაშინგტონში ბაზირებული სტარტაპი InnoVote-ი უკვე ცდილობს შექმნას ხმის მიცემის ბლოკჩეინ-პლატფორმა, რათა დემოკრატიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურა უფრო მოსახერხებელი და დაცული იყოს. თუ კომპანია წარმატებას მიაღწევს და თუ სისტემის ოფიციალურად აღიარებაც მოხდება, შეიძლება არჩევნები ისეთი აღარ იყოს, როგორსაც ჩვენ მივეჩვიეთ. სხვათა შორის, NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოსაც ესმის, რომ პროცედურის გაციფრულება შეიძლება არც ისე ცუდი იდეა იყოს: რესპონდენტების 55% მზად არის, ონლაინ მისცეს ხმა.
არჩევნები ბლოკჩეინზე გვექნება თუ არა, ცალკე თემაა: ჯერ ქვეყნის ინტერნეტიზაცია უნდა მივიდეს ბოლომდე. თუმცა ჩვენმა ქვეყანამ მაინც ერთ-ერთმა პირველმა დაინახა მომავალი. საქართველოში უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის გლობალური სისტემით იქნება დაცული – ეს მსოფლიოში პირველი პრეცედენტია. საჯარო რეესტრსა და BitFury Group-ს შორის მემორანდუმს ხელი თებერვალში მოეწერა. სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა ამ ჯერზე ვალერი ვავილოვი საქართველოში.
როგორც BitFury Group-ის დირექტორი ამბობს, ფორმულირება უნდა შევცვალოთ: გამოვიყენებთ თუ არა უფრო ფართოდ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას – საკითხი ასე საერთოდ არ დგას. კითხვა უფრო ის არის – როდის გამოვიყენებთ ბლოკჩეინს უფრო ფართოდ, რადგან ეს გარდაუვალია. ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე ინტერნეტი აღმოჩნდა გარდაუვალი რეალობა.
ზოგჯერ არსებობს თემები, სადაც სხვა მხარის ძიება საჭირო არ არის, რადგან ერთ მხარეს აქვს ყველა საჭირო ფაქტი და არგუმენტი.