ცოტა ხნის წინ, „თიბისისა“ და USAID-ის პარტნიორობით, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) შემსწავლელი ორწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა „TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ დაიწყო. პროექტისთვის React.js-ის Front-end მიმართულების კურსის შესაქმნელად 23 წლის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, ვალერი ქუფარაშვილი შეარჩიეს, რომელიც პროექტში ჩართულ ექპერტებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა.
კურსზე მუშაობის ფარგლებში ვალერი ქუფარაშვილს ქართულ ენაზე სილაბუსის, კურიკულუმის, მასალის, პრეზენტაციების, დავალებების, ქვიზებისა და ფინალური პროექტების მომზადება დაევალა. მის მიერ შექმნილ კურსს მოსწავლეები ონლაინ, უფასოდ გაივლიან, ვინაიდან პროგრამა TBC-სა და USAID-ის მიერ ფინანსდება.
„მიხარია, რომ კიდევ ერთი და დიდი შესაძლებლობა მომეცა ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავაზიარო საქართველოში, თანაც ასეთი მასშტაბით.
პრაქტიკულ საქმიანობაში განვითარებასთან ერთად, მუდმივად ვცდილობ, თეორიული ცოდნა თავადაც გავიღრმაო და სხვებსაც გავუზიარო. კარიერის დასაწყისიდანვე დამოუკიდებლად ვეხმარებოდი დამწყებ პროგრამისტებს განევითარებინათ თავიანთი უნარები და გამხდარიყვნენ კონკურენტუნარიანი პროფესიონალები გლობალურ ბაზარზე.
ვფიქრობ, ეს პროექტი დიდი პროგრესის მომტანი იქნება როგორც მონაწილეებისთვის, ასევე პროექტის შემქმნელებისა და მხარდამჭერებისთვის“, – განაცხადა ვალერი ქუფარაშვილმა Forbes Georgia-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ვალერი ქუფარაშვილი Forbes Georgia-ს პროექტის 30 Under 30-ის 2021 წლის გამარჯვებულია, ტექნოლოგიების კატეგორიაში.
„თიბისის“ ინფორმაციით, პროექტი „TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ მთელი საქართველოს მასშტაბით, 18 წელზე უფრო ასაკის, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებებით: IOS Development, DevOps, Information Security, Python, React, Blockchain, TOT.