ძველი თბილისის ბაზრებში, ისეთსავე ჭრელში, როგორიც იქ გამოტანილი ადგილობრივი თუ ეგზოტიკური პროდუქცია იყო, ვაჭრობას საკუთარი წესები და ენა ჰქონდა.
„დუქნებში სხვადასხვა ტომის ხალხი ვაჭრობს: და რა საოცარ ნივთებს ჰყიდიან! თეირანსა და კონსტანტინოპოლში ვაჭრობას სპარსელები და თურქები ეწევიან. აქ კი ყველა, ყველა, ვინც კავკასიაში ცხოვრობს: სპარსელი, ქურთი, სომეხი, არაბი, თურქმენი, პალესტინელიცა და ტიბეტელიც“, – აღნიშნავდა კავკასიაში ინკოგნიტოდ ჩამოსული ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატი – კნუტ ჰამსუნი.
სიჭრელე და მრავალფეროვნება იყო კიდეც მთავარი მიზეზი, რომ მოსახლეობა, მათ შორის, დიდი თუ მცირე ვაჭრები, მედუქნეები და ჩარჩებიც თავისებურ, ქალაქურ ენაზე მეტყველებდნენ.
როგორც იოსებ გრიშაშვილი წერდა, ქალაქურ ენაში ხშირად ისმოდა არაბულ-სპარსული თუ სომხური სიტყვები, რომლებიც ქართულმა ენამ შეისისხლხორცა. მისივე განმარტებით, თბილისში, რომელიც არა მხოლოდ ქართველების, არამედ სხვა წარმომავლობის ხალხთათვისაც კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი იყო, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრენი იმდენად უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, რომ ერთურთის ენას სწავლობდნენ და მუდმივი ურთიერთობის ზეგავლენით, ტფილისის ქართული ენაც განსაკუთრებულ ელფერს იძენდა.
თბილისის ბაზრებსა და მათ მრავალფეროვნებას არაერთი უცხოელი მოგზაური აღწერს, მაგალითად, გერმანელი მწერალი და მეცნიერი ფრიდრიხ ბოდენშტედტი, რომლის ცნობითაც „თბილისის უდიდესი ბაზარი – ქარავანსარაი ხმაურიანი ადგილია და თავისი დუქნებით, მაღაზიებით, გალერეებით ერთ ცალკე ქალაქს შეადგენს… აქ იშოვება აღმოსავლეთის უძვირფასესი ნაწარმი: შალი, აბრეშუმის ქსოვილები, ხალიჩები და რაც გნებავთ; დილიდან საღამომდე არის ერთი გნიასი და ვაჭრობა, ენათა უჩვეულო სიჭრელე, სახეთა და სამოსელთა ნაირფეროვნება, რომლის მსგავსს გერმანიის ქალაქებში დიდი ბაზრობის დროსაც ვერსად ნახავთ“.
გერმანელი აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი, ძირითადად, ერთსართულიანი დუქნებისაგან შემდგარ თბილისურ ბაზარს ასე აღწერს: „ბევრჯერ ვიყავი ბაზარში. აღმოსავლური ბაზარი არაჩვეულებრივად საინტერესოა. კვირა დღეს ქრისტიანები არ ვაჭრობენ, მაგრამ მოცლილი ხალხი ყველა მაინც ბაზარში იყრის თავს. აქ შეგვხვდება დიდი ჯგუფი, მომღერალს რომ შემორტყმია გარს. ის მღერის სპარსულ, თათრულ, ქართულ სიმღერებს მეორე პირის თანხლებით, რომელიც უკრავს სამ სამკუთხა ინსტრუმენტზე. ისინი უმღერიან ან სიყვარულს, ან წარსულ გმირებს. მეორე ჯგუფი შეკრებილა ზღაპრებისა თუ ლეგენდების მთქმელთან“.
ფრანგ მოგზაურსა და მეცნიერს – ბარონ დე ბაის კი თბილისის ბაზარში ის ქართული სიმღერა ჩაუწერია, „რომელიც თითქოს დრტვინვაა გასაყიდად გამოტანილი სავაჭრო იარაღისა: „ჩემო ხანჯალო! მე, პატრონი შენი, გყიდი და აი, მყიდველიც უკვე მოინახა; ო, ჩემო პატრონო! რატომ მყიდი? რა ნაკლი იპოვე ჩემში? მე არ ვიყავი, რომ მოვკალი ის, ვისაც შენი სიკვდილი უნდოდა?“
ძველი თბილისის ბაზრის სცენები ქართველი ავტორებისთვისაც არაერთხელ გამხდარა მომავალი საგაზეთო პუბლიკაციების თუ პასკვილის საფუძველი. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ამონარიდი გაზეთ „ივერიის“ 1887 წლის ერთ-ერთი ნომრიდან, სადაც თბილისის პატარა დახურული ბაზაზხანის შესახებაა ფელეტონი გამოქვეყნებული:
[ვაჭარი მიმართავს მუშტარს] „ვა, დალოცვილო, რას გარბიხარ, სხვის საქონელს ოქროები ასხია? მოდი ერთი მოვრიგდეთ ძმურად, კნიაზჯან! აბა უყურე რა საქონელია, ნახე და ვა, ნახე ერთი-მეთქი. ამისთანას სხვაგან იშოვნი? ეს ზაგრანიცია, სხვაგან მოსკოვს მოგცემენ. ამისმა მზემ [გულზე ხელს დაირტყავს], ამისთანა ვერ იშოვნო. კაი კაცი, რომ მოგატყუო, არ მინდა მეორედ გამარჯობა მითხრა? შენს გამარჯობას, შენმა მზემ, მილიონად არ გავყიდი, კნიაზჯან. ჰა, შევახვიო? სამი მანათი ვერ გაგიბედნია რაღა, ისევ მე უნდა გიხათრო. რა ვქნა, გიხათრებ; ხომ იცი, ხათრისაგან კაცი დაღუპულია. თოთხმეტი აბაზი, ეხლა? ვერც ეხლა მოვედით მე და შენ დამში, კნიაზჯან? ვა, კრიჭა რას შეგიკრავს, შე მამაცხონებულო, ხმა ამოიღე და! შენ შენი ფასი თქვი – ერთი შაური მაძლიე, მოძალადე ვინა გყავს. კიდევ მე უნდა დაგყვე, რაღა. ცამეტ აბაზ უზალთუნი, ეხლა? ესეც იაფად, შენი ხათრისთვის; სუფ-ნიშანი გამიწყრეს, სხვას მივცე ამ ფასად, მაგრამ შენ ჩვენი ხარ, კნიაზჯან, შინაური, შენზედ დაკარგული არ არის! შეუხვიე, ბიჭო!.. ვა, კიდევ არა რიგდები? აი, სიკეთე ეგ არის და. მაშ თორმეტ აბაზზე მეტს არ იძლევი, რაღა! მერე რომ მოხვიდე და მეხვეწო, ჩემი ბრალი არ იყოს. კნიაზ, მიდიხარ? ახში არ იშლი, რაღა! კნიაზ, ინანებ, წინანაურს გეფიცები, ინანებ! აქ მოიხედე, კნიაზჯან, დალოცვილო, შენი სიტყვა კაკალია, ნუ მაზარალებ და მოდი ცამეტ აბაზად წაიღე, ფეშქაშია; ესეც შენი სიტყვა, შუაში აბაზი თამაშობს რაღა…“
ამ ტიპის დიალოგებში, ისევე როგორც თბილისის ბაზრებში ხშირად გაიგონებდით სიტყვებს, რომელთაგან რამდენიმე შესაძლოა ბავშვობაში, თქვენი უშუალო წინაპრებისგან გსმენიათ, ან სულაც, რომელიმე ქართულ ფილმში მოგიკრავთ ყური. იოსებ გრიშაშვილის „ქალაქურ ლექსიკონში“ მრავლადაა ის სიტყვები, რომლებიც ხშირად გამოიყენებოდა ქალაქურ მეტყველებაში და თბილისურ ბაზარსა თუ ვაჭრობას უკავშირდებოდა.
თბილისის ბაზრებში ალბათ ხშირად გავიგონებდით ფრაზებს – „ქვაცა აქვს და კაკალიც“, რასაც მდიდარ კაცზე ამბობდნენ, „ქვაწვიას“, „ქვახარშიას“ კი ძუნწ, წუწურაქ და ხელმომჭირნე ადამიანებს უწოდებდნენ.
„ვაჭარი ენით ვაჭრობსო“, ქალაქური ძველი ნათქვამია. თავის მხრივ, ვაჭრობას, ანუ აღებმიცემობას, გნებავთ კომერციას – „ალეშ–ველიში“ ეწოდებოდა, გაცვლა-გამოცვლას კი – „სოვდა“. სწორედ აქედან მოდის „სოვდაგარი“ – „გამცვლელი. ისე კი, როგორც დიდი ვაჭარი, აღებ-მიცემობით მოვაჭრე. ერთიანი მოვაჭრე, ფულიანი კაცი. წინათ ეს სოვდაგრები აქლემებს დატვირთავდნენ საქონლით, მიჰქონდათ ხოლმე უცხო ქალაქში, იქ ასაღებდნენ, ჰყიდდნენ საქონელს, იქიდანაც დატვირთავდნენ აქლემებს იქაური საქონლით და ბრუნდებოდნენ ხოლმე“.
სურსათის მიმცემს, კომისიონერს – „თუშმალი“ ერქვა, მათ მიერ თბილისელი ვაჭრებისთვის მიწოდებულ საქონელში კი არცთუ იშვიათად, „ყარტალ–ყურტალი“, ანუ ნაყარნუყარი, წუნიანი საქონელიც გამოერეოდა.
ამასთანავე, ძველი თბილისელების ცხოვრებაში სპეციალური ტერმინით აღნიშნავდნენ მდგომარეობას, რომელიც თანამედროვე ადამიანისთვისაც არაა უცხო, როდესაც წვრილმანი სანოვაგის თუ პროდუქტის ყიდვის შემდეგ ვაცნობიერებთ, რომ „ხარახურა“ შეგვრჩა ხელში. ასეთ დროს ტფილისში ამბობდნენ: „დღეს ბაზარში ვიყავი და აი ეს „აინონი“ ვიყიდეო!“
ტფილისის აღმოსავლური ყაიდის ბაზრებში „აღებმიცემობის“ დროს ტყუილი და კლიენტის გაცურება რომ ხშირი იქნებოდა, ეს ბუნებრივი ამბავია. როგორც კიდევ ერთი უცხოელი მოგზაური, ჰერბერტ კოქსონი აღნიშნავდა, „ბაზარში გამოლაგებულ დახლებს სპარსელები, სომხები, ქართველი და ებრაელი ვაჭრები დასტრიალებენ გულუბრყვილო მუშტრის გამოჭერის იმედით“, ასეთ პირობებში კი „ქაფის გასვლა“, ანუ ანგარიშის დროს მოტყუება, თუნდაც კლიენტისთვის „შავი ფულის“ [„სპილენძის ფული 1-დან 5 კაპიკამდე“] დაცინცვლის მიზნით კარგად აპრობირებული პრაქტიკა იქნებოდა.
კიდევ ერთი ცნობილი და მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელსაც ძველი თბილისის ბაზარში ხშირად გაიგონებდით, „ქესატობა“ იყო, რაც უქონლობას ნიშნავდა. „ვაჭრობა აღარ არის, ქესატობას არ ვიცით, სად გავექცეთ“. ხშირად ვაჭრები ხელოვნურად ცდილობდნენ, რომ რომელიმე პროდუქტზე „ქესატობა“ ჩამოეგდოთ და ღირებულებაზე გაცილებით ძვირად გაეყიდათ. ხოლო თუკი ვაჭრობა ნამდვილად „აღარ იყო“, ამის წინააღმდეგ მედუქნეებს დღემდე შემორჩენილი „რიტუალი“ ჰქონიათ, გამვლელ-გამომვლელს ეუბნებოდნენ – „მოდი, კაცო, რამე იყიდე, „ნავსი“ გატეხეო“.
ზოგჯერ ვაჭრები სანდო პირს ამა თუ იმ საქონელს ვალადაც ატანდნენ. „ნისიის“ ან ვალის დასაბრუნებლად განსაზღვრულ დროს – „ყისტი“ ეწოდებოდა.
ზოგადად, ძველი თბილისის ბაზრებში, სადაც ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანი ირეოდა, პრაქტიკულად ყველაფრის შოვნა შეიძლებოდა. რას არ ნახავდით დახლებსა თუ ურმებზე: ხილს, ხორბალს, თევზს, ხორცს, თივას, შეშას…
„ალაფი“ ხორბლეულითა და ფქვილით ვაჭრობდა, „ბაყალი“ კი ხილითა და მწვანილეულობით. დღევანდლისა არ იყოს, განსაკუთრებით ძვირად ბაყლები ახალშემოსულ ხილს: ბალს, მარწყვს და, რა თქმა უნდა, ალუჩას ყიდდნენ. ამიტომაც იყო, მათი უმეტესობა „ნახუნაკს“ რომ ვერ იტანდა და კლიენტებს აფრთხილებდა – „ჰა, ნახუნაკი არ იყოს!“; „ნახუნაკი ითქმის ხილის ჭამაზედ ბაყლის დუქანში [მოვაჭრესთან] მუშტრისაგან, რომელიც ნახუნაკს იღებს [სინჯავს გემოთი ხილს] და არ ყიდულობს. თუ ბაყალთან ვაჭრობის დროს გემოდ გასინჯე და არ იყიდე, ამბობენ: ჰა, ნახუნაკი ჩაარტყიო“.
„ბაზაზხანაში“, რომელიც ბაზაზების ბუდეს, რიგს, უბანს, რაიონს ნიშნავს, „ბაზაზები“ ფართლეულით ვაჭრობდნენ: „აქ მოდი, დედიჯან, ქალბატონო, ყველაფერს მოგართმევთ: ჩითი, მიტკალი, დარაია, ბამბაზიონი, მადარფაკი ყალამქარი, ქიშმირი, ყუთნი, ალფაკა, ტერნო, მოვი, ალიში… სულ ახალ-ახალი მოტანილი, ზაგრანიცური“.
„პატარა დახურული ბაზაზხანა ვინ არ იცის; ამ საკვირველს ბაზარში თითქმის ყველა გლეხიც-კი ყოფილა, არამც თუ ქალაქელი. ჯვარის-მამის ეკლესიის ქვემოდ ქუჩა ჩადის, ამ ქუჩის ზემო თავში ჯვარის-მამის ლავაშებს აცხობენ და კუბოებს აკეთებენ, ამათ ქვემოდ-კი სულ ბაზაზები არიან; ამ ბაზაზების დუქნებს გვერდზედ კიდევ პატარა შესახვევია, სადაც თელეთელებს რძე-მაწონი ჩამოაქვთ და მექოშეები და მექალამნეები სხედან.
დილის ათი-თერთმეტი საათია და თითქმის მთელი ბაზაზხანა გაჩაღებულია, მუშტრის დროა. ამ დროს ვაი იმას, ვინც ამ ქუჩაზედ გაივლის, უეჭველად რომელიმე ბაზაზის შეგირდი ჩამოეკიდება კალთებზე, ვაჟკაცი იყოს თუ მანდილოსანი სულ ერთია, და თავის ოსტატის დუქანში შეათრევს“, – ასე აღწერს ბაზაზხანას ჟურნალისტი და მწერალი არტემ ახნაზაროვი.
მისი მონათხრობის სინამდვილეს კი 1897 წლის „ივერიის“ ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებული ცნობა ადასტურებს: „პოლიცია ამ ჟამად ქარვასლაში და ბაზაზხანაში მოვაჭრეთ ხელ-წერილებს ართმევს, რომლის ძალით ეს უკანასკნელნი ვალდებულნი არიან მუშტარი ძალად არ მიიწვიონ მაღაზიასა, ან დუქანში და საერთოდ არავითარი შეურაცხება არავის მიაყენონ ხოლმე“.
თბილისის ბაზრებში ხშირად „მეწვრილმანეებსაც“ გადააწყდებოდით, მოხეტიალე ვაჭრებს, თუმცა, იოსებ გრიშაშვილის ცნობით, ძველად მეწვრილმანეები მოხეტიალე ვაჭრები როდი ყოფილან, მეტიც, გარკვეულწილად ისინი აფთიაქის როლს ითავსებდნენ.
ცალკე ამბავი იყო სავაჭრო დუქნები, ერთ- ან ორსართულიანი შენობები, რომელთა წინა ოთახი, როგორც წესი, სავაჭროდ გამოიყენებოდა, უკანა კი – საქონლის საწყობად ან სახელოსნოდ.
ყოფილა შემთხვევები, როდესაც ორი ვაჭარი ერთ დუქანს აიღებდა. დუქნის ქირის მოზიარეს „კისადარი“ ერქვა. ასევე ხშირად ხდებოდა, რომ ვაჭარი, რომელსაც საქმე არ წაუვიდა, „დაჭერილ“ დუქანს ასხვისებდა. დუქნის ღირებულებასთან ერთად, მყიდველი გამყიდველს ხშირად დამატებით თანხას – „სარყუფსაც“ უმატებდა – „ვა, მეტი რა უნდა, ათ თუმანს ფულს ვაძლევ სარყუფად და დამითმოს რაღა ის დუქანი!“
დუქნის შეძენისას, მიუხედავად იმისა, დიდი იყო თუ – „ხულა“, ანუ პატარა დუქანი, ან ახალი დუქნის თუ სახელოსნოს გახსნისას, ასეთი მილოცვა სცოდნიათ: „მუბარაქი“ იყოსო!“
დუქნის ბატონ-პატრონი – „დუქანდარი“ ყოველთვის ცდილობდა, რომ აუცილებლად ჰქონოდა „შეშუდი“– იშვიათი ნივთი, რომელიც „მუშტრის შესაჩვევად ყოველთვის და ყოველ დროს იშოვება დუქანში. შეიძლება ეს საქონელი მუშტარმა წელიწადში ერთხელ მოითხოვოს, მაგრამ იმ საქონლის ვაჭარი შეშუდისთვის მაინც ინახავს – „მინდოდა გამეხსნა ერთი კაი დუქანი, გამეჩინა ყველანაირი შეშუდი“.
„დახლიდარი“, ანუ დაქირავებული გამყიდველი თანხას „დახლში“, ფულის შესანახ უჯრაში ათავსებდა. „დახლი“ ეწოდებდა ასევე შემოსავალსაც, ვაჭრობის შემდეგ ამბობდნენ „დღეს როგორი დახლი გქონდაო“.
ამ ფრაზას ყველაზე ხშირად საღამოს პირზე გაიგონებდით, როდესაც თბილისის ბაზრებში ვაჭრობა სრულდებოდა. როგორც „ძველი თბილისის სურათებში“ თეიმურაზ ბერიძე აღწერს, „ბინდი ჩამოწვებოდა თუ არა, გაცხოველებული ვაჭრობაც თანდათან ცხრებოდა, ყაყანი და ჟრიამული ნელდებოდა. დუქნებში ერთი-მეორის მიყოლებით ინთებოდა ზეთის ფარნები და სანთლები, მბჟუტავ სინათლეზე მედუქნეები მთელი დღის ნავაჭრი ფულის თვლას იწყებდნენ, შემდეგ კი სავაჭროებს კეტავდნენ და დუქნები დარაბებით იხურებოდა… წყნეთის, ტაბახმელის და კუმისის გზა გაიჭედებოდა ტვირთისაგან გათავისუფლებული სახედრებით, კუნტრუშით და ტლინკაობით რომ მიუყვებოდნენ გზას, რათა მეორე დღეს, გარიჟრაჟზე, ისევ დატვირთულნი და თავჩაქინდრულნი ხლებოდნენ ჩაძინებულ თბილისს“.