ვებით აღმაშენებელი

ვებით აღმაშენებელი

ბაზარზე შემოსასვლელად საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ქართული სტარტაპი ემზადება. Construct.ge სულ მალე ინოვაციურ პასუხს შემოგვთავაზებს ძველისძველ კითხვაზე – “სოფლის შენებას რა უნდა?”

როცა გავიგე, რომ ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში ციფრული სტარტაპი აპირებდა დაფუძნებას, ძლიერ დავინტერესდი: მანამდე მხოლოდ ფიზიკური, ტრადიციული ბიზნესების არსებობის შესახებ მსმენოდა. სამშენებლო სტარტაპ Construct.ge-ს ვებგვერდი ჯერ ისევ “Under Construction” იყო. გადავწყვიტე, რომ საღამოს ფინჯანი ყავა და საუბარი დაამშვენებდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქვაბამბა, წებოცემენტი და ზუმფარა ნაჭრის ფუძე.

ქვეყნის ეკონომიკის შენებაში სამშენებლო ინდუსტრიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. 2010 წელს სექტორი 1,6 მილიარდ ლარს ითვლიდა, 2016 წელს კი იგივე მონაცემი 5,6 მილიარდამდე გაიზარდა. ასეთი სწრაფი ზრდის მიზეზად ორი ფაქტორი მოიაზრება: მასიური ინვესტიციები კერძო სექტორში და, ასევე, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მშენებლობები. ბაზარს ყოველწლიურად ემატებიან მოთამაშეები, ჩნდება ახალი გამოწვევები და საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილებასაც ახლებური ხედვა სჭირდება. ასეთი ხედვის აუცილებლობას პირველ რიგში კონკურენტული გარემო აჩენს: შენ არ გაქვს უფლება გაგეპაროს ის, რაც შეიძლებოდა, გაპარვოდა სხვას.

კომპანია Construct-ი 2016 წელს, “ვისეილის”, “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა” (ICCA) და შპს “მოდულატორის” მიერ დაარსდა. სტარტაპმა თავი პირველად გასულ წელს გამოიჩინა: ესპანეთში, ქალაქ სალამანკაში ქართული ბიზნესიდეა სტარტაპკონკურსის გამარჯვებული გახდა.

“კონკურსში 90 სტარტაპი იღებდა მონაწილეობას, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ვიყავით ჩასულები. ოთხი გამარჯვებული სახელდებოდა და ერთ-ერთი ჩვენ აღმოვჩნდით”, – მეუბნება გიგი გაჩეჩილაძე, Construct.ge-ს აღმასრულებელი დირექტორი.

Construct-ი გამოცდილ პროფესიონალთა გაერთიანებაა, რომლებმაც იციან, რომ სამშენებლო ინდუსტრიაში “მცირე შეცდომა” არ არსებობს. საჭიროა სიზუსტე, სისწრაფე და ეფექტიანობა. სტარტაპი მშენებლებსა და სამშენებლო მასალების მწარმოებლებს სწორედ ეფექტიან საკომუნიკაციო პლატფორმას სთავაზობს. მუშაობის პრინციპი ასეთია: მშენებელი კომპანია აქვეყნებს საკუთარ მოთხოვნას, ხოლო სხვადასხვა მასალის მწარმოებლები მომენტალურად პასუხობენ რეალური შეთავაზებებით. რამდენიმე საათში ყველაფერი მზადაა და მშენებელი სასურველ ადგილას ხვდება შეკვეთილ მასალებს.

სტარტაპის ოფიციალური გაშვებიდან თვეზე ნაკლებია გასული და მათს სერვისს უკვე 140-ზე მეტი კომპანია იყენებს; მათ შორის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორიცაა “ინ-სი”, “ანაგი”, “ელიტა ბურჯი” და მრავალი სხვა. ჩამონათვალი ვრცელია, პარტნიორობით ბევრია დაინტერესებული, თუმცა პროდუქტს ალღო, მისი კომპლექსური ბუნებიდან გამომდინარე, ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილმა აუღო.

წარმოიდგინეთ შესყიდვების მენეჯერი, რომელსაც არაფერი ავიწყდება, არაფერი ეშლება, თქვენ უბრალოდ ეუბნებით, რისი შესყიდვაა საჭირო და იგი სამუშაო დღის დასრულებამდე საუკეთესო შესყიდვას ახორციელებს. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები კი ალბათ ეცნობა ყველას, ვინც ამ ინდუსტრიაშია. ჯერ საოჯახო საყიდლებზე წასვლა რაა: ალბათ, სამყაროს ისტორიაში არავინ მობრუნებულა მაღაზიიდან 100%-ით ზუსტი შენაძენით. ახლა წარმოიდგინეთ იგივე, ოღონდ თქვენი დავალება გახლავთ არა სამკაციანი ოჯახის, არამედ თვრამეტსართულიანი სახლის საჭირო რესურსების მომარაგება.

პირველ რიგში, თუ შესყიდვების აგენტს გაუმართლა, შესაძენი მასალების სია სწორად დაჰყო და შემდეგ მართლაც სწორ ადრესატებთან გაგზავნა, საქმის ყველაზე უსიამოვნო ნაწილი მაინც წინ ექნება: როგორც წესი, საჭიროა თითოეულ მომწოდებელთან დარეკვა და შეტყობინება, რომ მათ ახალი შეკვეთა აქვთ. შემდეგ მოდის ლოდინი, დაზუსტებები, კომუნიკაციის შეცდომები და დაკარგული “ექსელის ფაილები”. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, შესყიდვის მენეჯერებს პროდუქტების შესამოწმებლად თუ შესაგროვებლად არაერთი ფიზიკური ლოკაციის მოვლა უწევთ. Construct.ge-ს ოპერატიული გუნდი მშენებლებს ამ საქმის თავიდან არიდებაში ეხმარება.

“სამშენებლო მასალების შესაძენად “ელიავაზე” და “ლილოში” სიარული რომ აღარ მიწევს, ეგეც კმარა Construct-ში ჩასართავად”, – გვეუბნება თორნიკე ჭკადუა “შპს ევორდიდან”, რომელსაც ვკითხეთ, რატომ ამჯობინებდა ძველი პრობლემებისთვის პასუხს ახალი, მაღალტექნოლოგიური მეთოდებით.

დროის ეკონომიასთან ერთად, ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება, რომელსაც სტარტაპი ქმნის, ფართო არჩევანი გახლავთ. ამ ეკოსისტემაში წარმოდგენილია სამშენებლო მასალების პრაქტიკულად ყველა მომწოდებელი, რაც მშენებლებს შესაძლებლობას აძლევს, არჩევანი საუკეთესო შემოთავაზებაზე შეაჩერონ. ანუ, თუ აქამდე კომპანიებს ხელი მხოლოდ “დაცდილი” პარტნიორების პროდუქტებზე მიუწვდებოდათ, Construct.ge-ზე მათ ამომწურავი არჩევანი ხვდებათ. მრავალი შეთავაზებიდან მშენებლები არჩევენ მათთვის ოპტიმალურს, რომელიც, პლატფორმის გარეთ, შესაძლოა, ვერც კი მოეძიათ. ცალკეა აღსანიშნავი, რომ ბაზარზე ახალგამოჩენილი მომწოდებლები, რომლებსაც სწრაფი დამკვიდრება სწადიათ, განსაკუთრებით დაბალ ფასებს სთავაზობენ მომხმარებლებს. მშენებელს უნდა გაუმართლოს, რომ ამგვარი კომპანიების შესახებ დროულად გაიგოს: კომპანიათა უმეტესობა ახალი მომწოდებლების ამბავს გვიან იგებს, ანუ მაშინ, როცა უკვე ყველამ იცის და შესაბამისად, მიმწოდებლებს აღარ უღირთ ფასის დაწევა. Construct.ge-ში ჩართული კომპანიები კი “ამომავალი ვარსკვლავების” შესახებ ინფორმაციას მომენტალურად იღებენ.

“ინდუსტრია იზრდება. ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ფართო არჩევანისა და ვრცელი ხედვის ქონა სამშენებლო კომპანიებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს. ამ ფაქტორმა გააჩინა უნიფიცირებული, უნივერსალური სავაჭრო პლატფორმის აუცილებლობა”, – ამბობს ანა საბახტარიშვილი, “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი.

გიგი გაჩეჩილაძის აზრით, მათი მთავარი გამოწვევა პლატფორმაზე გაცვლილი პროდუქციის ხარისხზე ზრუნვაა. სწორედ ამიტომ, ისინი ძალისხმევას არ იშურებენ და, როგორც თვითონ ამბობენ, მათი პლატფორმის შუამავლობით შესყიდული საქონლით არავინ დარჩენილა უკმაყოფილო. მომწოდებლები, პლატფორმაზე რეგისტრირებისას, საგარანტიო განაცხადს აკეთებენ: მათი მიწოდებული პროდუქცია სრულად შეესაბამება ციფრულ კატალოგს და ნებისმიერი ცდომილების შემთხვევაში, მომწოდებელი თავად უცვლის შემსყიდველს ძველ მასალას ახლით.

იმ სტარტაპებისგან განსხვავებით, რომლებიც მრავალსართულიანი რიტორიკით გამოირჩევიან და ეხებიან ყველაფერს, Construct.ge-ს გუნდი მყარი და კონკრეტული განაცხადით გამოდის. არსებობს პროცესები, რომლებიც ფასადურად არ ჩანს, თუმცა, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. დეველოპერული კომპანიის მდგრადობას სწორედ ასეთი პროცესების სიჯანსაღე განსაზღვრავს. ჟამთასვლას გაუძლებს მხოლოდ ის, ვინც ძველ, ჩაჟანგებულ პროცესებს დროულად ჩაანაცვლებს ინოვაციურითა და მძლავრით. საკითხავი ისაა, შეძლებს თუ არა Construct-ი საკუთარი კომპლექსური სერვისის ეფექტიან კომუნიკაციას, ხოლო შემდგომ – მისი გამოყენებადობის გაზრდას. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *