ვინ დაწინაურდა და ჩამოქვეითდა - ქართული ავიაბაზრის TOP-კომპანიები

ვინ დაწინაურდა და ჩამოქვეითდა - ქართული ავიაბაზრის TOP-კომპანიები

ქართული ავიაბაზარი, საერთაშორისო მოგზაურების მატებასთან ერთად, წლიდან წლამდე იზრდება.

თუკი 2015 წელს ქართულ ავიასივრცეში 33 კომპანია იყო წარმოდგენილი, მათი რაოდენობა წელს 57-მდე გაიზარდა. ამასთან, თუკი 3 წლის წინ რეგულარული რეისებით ავიაკომპანიებმა 2.2 მლნ მგზავრი გადაიყვანეს, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 3.9 მილიონამდე გაიზარდა, 2018 წლის 9 თვეში კი ავიაკომპანიები უკვე 3.8 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურნენ. წლების განმავლობაში ავიაბაზრის ყველაზე დიდ წილს უცხოური ავიაკომპანია იკავებდა, 2018 წლის პირველ ნახევარში კი ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშე ქართული ავიაკომპანია გახდა. ბოლო წლებში, ე.წ. ტოპ ხუთეულიდან გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა ყველაზე მეტად Georgian Airways-ს და WizzAir-ს გაეზარდათ, რისი მიზეზიც ავიაკომპანების მხრიდან გაზრდილი სიხშირეების რაოდენობაა. 2015 წლის შემდეგ,  9-ჯერ გაეზარდა მგზავრების რაოდენობა ურალის ავიახაზებს, რომელმაც წელს ბაზრის 6%-ის დაკავება შეძლო.

2015 წელს, მაშინ როდესაც ბაზარზე 33 კომპანია იყო წარმოდგენილი, ყველაზე მსხვილ წილს შემდეგი კომპანიები იკავებდნენ:

  • Turkish Airlines – მთლიანი ბაზის 20%
  • Georgian Airways – მთლიანი ბაზრის 12%
  • უკრაინის ავიახაზები – მთლიანი ბაზრის 10%
  • პეგასუსი – მთლიანი ბაზრის 7%
  • Wizz Air – მთლიანი ბაზრის 5%

2018 წლის 9 თვის მონაცემები კი შემდეგია:

  • Turkish Airlines – მთლიანი ბაზრის 11%
  • Georgian Airways – მთლიანი ბაზრის 11%
  • WizzAir – მთლიანი ბაზრის 11%
  • ურალის ავიახაზები – მთლიანი ბაზრის 6%
  • ფლაი დუბაი – მთლიანი ბაზრის – 5%

მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის დომინანტმა კომპანიამ Turkish Airlines-მა წილის თითქმის 10% დაკარგა, ავიაკომაპნიას მგზავრების რაოდენობა არ შემცირებია და თუკი ის 2015 წელს ჯამში 435 000 მგზავრს მოემსახურა, წლის 9 თვეში ეს მაჩვენებელი უკვე 440 000 მგზავრია.

გაზრდილი ფრენების სიხშირისა და ახალი მიმართულებების პარალელურად, მკვეთრად გაეზარდა და თითქმის გაუორმაგდა მგზავრების რაოდენობა Georgian Airways-ს. თუკი ავიაკომპანია 2015 წელს ჯამში 253 000 მგზავრ მოემსახურა, ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის 9 თვეში უკვე 433 800-ია.

მგზავრები გაეზარდა  უკრაინის ავიახაზებსაც, თუმცა გაზრდილი კონკურენციის პარალელურად მან TOP ხუთეულში ადგილი დაკარგა. თუკი ავიაკომპანია 2015 წელს ჯამში 212 000 მგზავრს მოემსახურა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 282 000-მდე გაიზარდა, ხოლო წლის 9 თვეში კი უკრაინული კომპანია 172 000-ზე მეტ მგზავრს  მოემსახურა და მისი წილი მთლიან ბაზარზე 12%-დან 4%-მდე შემცირდა.

ხუთეულს გამოეთიშა თურქული ავიაკომპანია პეგასუსიც. ავიაკომპანიას წელს მთლიანი ბაზრის 3% უკავია, ნაცვლად 2015 წლის 7%-სა. თუმცა ავიაკომპანიამ ბაზრის წილთან ერთად, მგზავრების რაოდენობაც დაკარგა და თუკი 2015 წელს 145 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 129 000 მგზავრამდე შემცირდა.

ბაზრის წილიც და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაც გაეზარდა WizzAir-ს. კერძოდ, თუკი უნგრული ავიაკომპანია 2015 წელს ჯამში 100 000-ზე ემტ მგზავრს მოემსახურა, მხოლოდ მიმდინარე წლის 9 თვეში ეს მაჩვენებელი უკვე 425 000-ზე მეტია.

რაც შეეხება ურალის ავიახაზებს და ფლაიდუბაის, რომლებიც წელს (2018 წლის 9 თვე) ტოპ ხუთეულში იკავებენ ადგილს, ურალის ავიახაზების წილი 2015 წელს მხოლოდ 1% იყო, 17 000 გადაყვანილი მგზავრით, 2017 წელს კი ავიაკომპანიამ თითქმის 9-ჯერ მეტი 155 000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. მგზავრების რაოდენობა ორჯერ და მეტად გაეზარდა ფაი დუბაისაც, წელს კომპანია უკვე 244 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, 2015 წელს კი ეს ციფრი 90 000-ს შეადგენდა. ამასთან, ბაზრის წილიც და გადაყვანილიმგზავრების მოცულობაც გაეზარდა რუსულ Aeroflot-ს. კერძოდ, თუკი ავიაკომპანია 2015 წელს ჯამში 73 400 მგზავრს მოემსახურა, 2017 წელს რაოდენობა 198 000-მდე გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *