გაერთიანებულ სამეფოში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა გაიმართება. პრემიერი დაკავებული თანამდებობიდან შესაძლოა კორონავირუსის პერიოდში კარანტინის წესების დარღვევის გამო გადააყენონ. შეგახსენებთ, რომ ჯონსონს ლოკდაუნის პერიოდში მის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებებზე დასწრება ედება ბრალად, რისთვისაც პრემიერმა პარლამენტს ბოდიში უკვე მოუხადა.
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში კენჭისყრა მას შემდგომ ჩაინიშნა, რაც კონსერვატიული პარტიის სულ მცირე 54-მა წევრმა, პარტიის დეპუტატების 15%-მა, ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადა. კონსერვატიული პარტიის დეპუტატები ფარულად კენჭს უყრიან ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს, მისი გადაყენებისთვის კი დეპუტატების უმრავლესობა, მინიმუმ 180 ხმაა საჭირო.
უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, პარტია ახალი ლიდერის გამოსავლენად არჩევნებს ჩაატარებს, ხოლო თუ ჯონსონი თანამდებობას შეინარჩუნებს, მოქმედი პრემიერი უნდობლობის გამოცხადებისგან კიდევ ერთი წელი იქნება დაცული. თუმცა საინტერესოა, ვინ განიხილება გაერთიანებული სამეფოს პრემიერობის კანდიდატად, ბორის ჯონსონის თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში.
ლიზ ტრასი: ვებგვერდ Conservative Home-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, პარტიის წევრებს შორის რჩეული გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასია. გასულ წელს ტრასის ტანკზე გადაღებული ფოტოც გავრცელდა, რამაც ბევრს გაერთიანებული სამეფოს პირველი პრემიერი ქალის, მარგარეტ ტეტჩერის 1986 წლის ცნობილი სურათი გაახსენა.
46 წლის ტრასმა ჯონსონის პრემიერობის პერიოდში პირველი ორი წელი საერთაშორისო ვაჭრობის მდივნის თანამდებობაზე გაატარა, შარშან კი გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირთან მთავარ მომლაპარაკებლად დაინიშნა. ელიზაბეტ ტრასის განცხადებით, ბორის ჯონსონს მისი სრული მხარდაჭერა აქვს და კოლეგებსაც სწორედ ამისკენ მოუწოდებს.
ჯერემი ჰანტი: ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა 2019 წელს გაერთიანებული სამეფოს პრემიერის თანამდებობისთვის ბრძოლაში მეორე ადგილი დაიკავა. მეტად სავარაუდოა, რომ 55 წლის ჰანტის სტილი, ჯონსონის პრემიერობის დროინდელი არეულობების შემდგომ, შედარებით უფრო სერიოზული და ნაკლებად საკამათო იქნება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰანტი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებდა და მის რეპუტაციას პანდემიის პერიოდში ზიანი არ მიყენებია. როგორც წლის დასაწყისში ჰანტმა განაცხადა, პრემიერად გახდომის სურვილი მასში ჯერ კიდევ არ გამქრალა.
რიში სუნაკი: გასულ წლამდე რიში სუნაკი ჯონსონის შემცვლელებს შორის მთავარი ფავორიტი იყო. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ეკონომიკის გადარჩენის პაკეტმა ქვეყანას თავიდან მასობრივი უმუშევრობა ააცილა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს 410 მილიარდი გირვანქა სტერლინგი ($514 მილიარდი) დაუჯდებოდა.
მიუხედავად ამისა, რიში სუნაკმა ბრიტანელების კრიტიკა ჯონსონთან ერთად ლოკდაუნის წესების დარღვევისა და ოჯახებისთვის არასაკმარისი საარსებო ხარჯების გაცემის გამო დაიმსახურა. სუნაკიც ღიად უჭერს მხარს მოქმედ პრემიერ ბორის ჯონსონს.
ნადიმ ზაჰავი: განათლების საკითხებში მოქმედმა მდივანმა მოქალაქეების სიმპათია ვაქცინაციის მინისტრად ყოფნის პერიოდში დაიმსახურა, როდესაც გაერთიანებული სამეფო ვაქცინაციის მხრივ ყველაზე სწრაფი აქტივობით გამოირჩეოდა. ზაჰავის კონსერვატორი კონკურენტებისგან პირადი ისტორია გამოარჩევს, ის ერაყიდან ლტოლვილია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ბავშვობაში ჩამოვიდა. 2010 წელს, პარლამენტში შესვლამდე, ზაჰავიმ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის კომპანია YouGov დააარსა.
პენი მორდანტი: თავდაცვის ყოფილი მინისტრი თანამდებობიდან გაპრემიერების შემდგომ ბორის ჯონსონმა გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც მორდანტმა მხარი მის კონკურენტ ჯერემი ჰანტს დაუჭირა. მორდანტი ევროკავშირის დატოვებისადმი ძლიერი მხარდაჭერითაც გამოირჩეოდა. ამჟამად ვაჭრობის უმცროსი მინისტრის პოსტზე მყოფმა მორდანტმა, ლოკდაუნის წესების დამრღვევ პარტიებს „სამარცხვინო“ უწოდა და განაცხადა, რომ ამომრჩევლებს „პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის“ დანახვა სურთ.