ორლანდო ბრავომ პიკს 1980-იანებში, უმცროსი მოასპარეზე ჩოგბურთელის რანგში მიაღწია, თუმცა ის უდავოდ მსოფლიო ჩემპიონია გაცილებით უფრო სარფიან თამაშში. კერძო სააქციო კაპიტალს ვგულისხმობთ.
ორლანდო ბრავომ საკუთარი კონკურენტული უპირატესობა ადრეულ ასაკშივე აღმოაჩინა. 1985-ში, 15 წლისა შინიდან, მაიაგუესიდან – პუერტო-რიკოს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქიდან – ბრადენტონში (ფლორიდა) გაემგზავრა, რათა ჩოგბურთის ლეგენდარული გურუს, ნიკ ბოლეტიერის აკადემიაში ჩარიცხულიყო.
აკადემია მომთხოვნი, მკაცრი პირობებით გამოირჩეოდა. ბრავო მზის ამოსვლისას იღვიძებდა, St. Stephen’s Episcopal School-ში გაკვეთილებზე მიდიოდა, მერე კი, შუადღეზე, ბოლეტიერის ჩოგბურთის მოედანს უბრუნდებოდა. მცხუნვარე მზის ქვეშ ის საათებს ატარებდა ისეთ თანატოლ ჩოგბურთელებთან ასპარეზობაში, როგორებიც ანდრე აგასი და ჯიმ კურიე იყვნენ. შხაპისა და ჭამისთვის გამოყოფილი ერთი საათის შემდეგ, მზის ჩასვლისას, მეცადინეობას იწყებდა და შემდეგ, მოსასვენებლად, ნესტიან, ორსაძინებლიან ბინაში მიეშურებოდა, სადაც ორსართულიან საწოლებზე, ყაზარმულად, ოთხი ჩოგბურთელი იყო განთავსებული. ასე გრძელდებოდა მთელი წელი, კვირაში ექვსი დღე. “ბუზთა მბრძანებლის ჩოგბურთის ვერსია იყო”, – ამბობს მისი ყოფილი ოთახის მეზობელი კურიე.
ბრუტალურად კონკურენტული გარემო ბრავოს დაეხმარა, აშშ-ში, უმცროსი ჩოგბურთელის რანგში, პირველ 40-ეულში მოხვედრილიყო. მერე პიკსაც მიაღწია. “უცნაურია, მაგრამ ამან ერთგვარად საკუთარი უმნიშვნელობა დამანახვა, – იხსენებს ბრავო, რომელიც ყოველ კვირა თამაშობს ჩოგბურთს და დღემდე მშვენიერ ფორმაშია. – ეს მძიმე შრომის სულ სხვა დონე იყო. ცხადი გახდა, რომ შემეძლო ტკივილის უმაღლეს დონეებზე ფუნქციონირება”.
ამ შეუპოვრობამ და ძლიერმა ნებისყოფამ, რაღაც მომენტში, ბრავო კერძო სააქციო კაპიტალის სამყაროს წამყვან ეშელონებში გადაისროლა. ფინანსური სექტორის გარეთ ცოტას თუ სმენია 49 წლის ბრავოს შესახებ, მაგრამ სწორედ ის გახლავთ Wall Street-ის ყველაზე ცხელ-ცხელი ფირმის, $39-მილიარდიანი (აქტივებით) Thoma Bravo-ს მამოძრავებელი ძალა.
თებერვალში ფრანგულმა ბიზნესსკოლა HEC Paris-მა, Dow Jones-თან ერთად, 2005-დან 2014 წლამდე 898 ფონდისთვის მოზიდული კაპიტალის შესწავლის შედეგად, Thoma Bravo საკონტროლო პაკეტების შესყიდვების საქმეში ყველაზე ეფექტიან ინვესტორად დაასახელა. Forbes-ის მიერ დამუშავებული საჯარო მონაცემების თანახმად, ფირმის ფონდების უკუგება წელიწადში 30%-ს (გამოქვითვის გარეშე) შეადგენდა, რაც გაცილებით უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე მსგავს განთქმულ ფირმებს, მაგალითად, KKR-ს, Blackstone-სა და Apollo Global Management-ს აქვთ. უკეთესიც კია, ვიდრე პროგრამული უზრუნველყოფის დამფინანსებელ Vista Equity Partners-ის უკუგება – ფირმისა, რომელიც მისი ყველაზე მჭიდრო მეტოქეა და რომელსაც რობერტ ფ. სმიტი თაოსნობს, აფრიკელი ამერიკელი, ამას წინათ ჰედლაინების მთავარი გმირი რომ იყო Morehouse College-ის მთელი დამამთავრებელი კურსისთვის სტუდენტური სესხების დაფარვის გამო. 2015-ის დასაწყისიდან მოყოლებული, Bravo-ს გაყიდული ან ბაზარზე გატანილი აქვს $20 მილიარდის ტოლფასი 25 ინვესტიცია, რაც ოთხჯერ აღემატება ამ ინვესტიციებისთვის გაღებულ თანხებს. მისი საიდუმლო? ის კაპიტალს მხოლოდ მაღალი რეპუტაციის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებში აბანდებს, განსაკუთრებით კი მათში, ვისაც კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნების აშკარა უნარი აქვს.
“პროგრამული უზრუნველყოფის ეკონომიკა მართლაც ძალიან მძლავრი იყო. არც ერთი სხვა ინდუსტრიისას არ ჰგავდა, რაც მანამდე მქონდა შესწავლილი, – ამბობს ბრავო, რომელიც სან-ფრანცისკოს Transamerica Pyramid-ში, საკუთარ ოფისშია მოკალათებული. გატკიცინებული მეწამული პერანგი აცვია, მის სიტყვებს კი მცირედად პუერტორიკოული აქცენტი დაჰკრავს. – ეს უბრალოდ ძალიან ცხადი იყო”.
2003-დან მოყოლებული, ბრავოს ფირმას $68 მილიარდის ტოლფასი 230 პროგრამული უზრუნველყოფის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ხოლო დღეს პროგრამული უზრუნველყოფის იმ 38 კომპანიისგან შემდგარ პორტფოლიოს განაგებს, რომელთაც დაახლოებით $12 მილიარდის შემოსავალი მოაქვთ წლიურად და 40,000 ადამიანს ასაქმებენ. Forbes-ის შეფასებით, ფირმა, რომელსაც მთლიანად ბრავო და პარტნიორთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ფლობს, $7 მილიარდი ღირს. ფირმაში მის წილსა და ფირმის ფონდებში მის ნაღდ ფულს თუ გავითვალისწინებთ, ბრავო $3-მილიარდიანი ქონების პატრონი უნდა იყოს. ხოლო ეს გარემოება მას არა მარტო პუერტო-რიკოში დაბადებულ პირველ მილიარდერად აქცევს, არამედ საკმარისიც არის, დებიუტი რომ ჰქონდეს და 287-ე ადგილი დაიკავოს წლევანდელ Forbes 400-ში – ამერიკის უმდიდრესთა რეიტინგში.
როგორც ჩოგბურთელს შეშვენის, რომელიც დაუღალავად შრომობს, მოედანზე დავარდნილი ბურთის ხელახლა ასაგდებად, ბრავომ კერძო სააქციო კაპიტალის ინვესტირებას სადა სახე მისცა. არავითარი ჩახლართული ტაქტიკები. ის თითქმის ოცი წლის წინ მიხვდა, რომ პროგრამული უზრუნველყოფა და კერძო სააქციო კაპიტალი ბრწყინვალე კომბინაციას ქმნიდა. მას მერე სხვაგან არსად განუხორციელებია ინვესტიცია, სამაგიეროდ, ყოველი ახალი გარიგების შემდეგ ხვეწდა და ხვეწდა თავის სტრატეგიასა და ტექნიკას. ის ახალი პროდუქტებით აღჭურვილ ისეთ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიებზე ნადირობს, როგორიც ბერლინგტონში (მასაჩუსეტსი) დაფუძნებული Veracode-ია – ფასიანი ქაღალდების ფუნქციათა მწარმოებელი პროგრამისტებისთვის, ან პლიზანტონში (კალიფორნია) დაფუძნებული Ellie Mae – იპოთეკის ონლაინ გამსესხებელთა დეფოლტ-სისტემა, რომელიც ბრავოს ფირმამ აპრილში $3.7 მილიარდად მოიპოვა. ბრავოს ინვესტიციებს, როგორც წესი, სულ მცირე, $150 მილიონი მოჰყვება გაყიდვების სახით რეგულარული მომხმარებლებისგან და იმგვარ ბაზრებში გვხვდება, რომლებიც ზედმეტად სპეციალიზებულნი არიან, Microsoft-ისა და Google-ის მსგავსი გიგანტების ინტერესი რომ აღძრან. ბრავო ეძებს გზებს, რომ ეს ინვესტიციები, უკეთესი ოპერაციების მეშვეობით, ზომაში გაზარდოს, ბურთის ჩაგდების მომენტისთვის კი მას, როგორც წესი, უკვე გაკეთებული აქვს შესყიდვის ან გაუმჯობესების სტრატეგიის მონახაზი.
პოტენციურ გარიგებათა რიცხვი იზრდება. საჯარო ბაზრებზე დღეს თითქმის $1 ტრილიონის ტოლფასი, გამოწერაზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის 75-ზე მეტი კომპანიაა, რომლებიც ბრავოს შეუძლია, მიზანში ამოიღოს, ათი წლის წინ კი 20-ზე ნაკლები ასეთი კომპანია იყო და მათი ღირებულება $100 მილიარდსაც ვერ აღწევდა. რას არ აკეთებენ ინვესტორები მთელ მსოფლიოში, მისი ფირმის ფონდებთან რომ გაუჩნდეთ წვდომდა, გამსესხებლებს კი ჩეკის წიგნაკები აქვთ მზად, მისი მომდევნო დიდი გარიგება რომ დააფინანსონ. “დღეს ყველაზე დიდი შესაძლებლობებია, რაც კი ოდესმე მინახავს, – ამბობს ბრავო. – ამწუთას ჩვენ უშველებელ, ინტენსიურ და ცვალებად ინდუსტრიაში ვართ”.
ორლანდო ბრავოს ამბავი “გარაჟიდან” როდი იწყება. ის პუერტო-რიკოს პრივილეგირებულ ოჯახში დაიბადა, ესპანურ კოლონიურ ქალაქ მაიაგუესში, რომელიც ათწლეულების მანძილზე თინუსის თევზმჭერი გემების პორტი იყო – გემებისა, რომლებიც ადგილობრივი Starkist-ის, Neptune-ისა და Bumble Bee-ს საკონსერვო ქარხნებს ამარაგებდნენ.
1945 წლიდან ბაბუამისი, ორლანდო ბრავო, მერე კი მამა, ორლანდო ბრავო უფროსი, Shipping-ს თაოსნობდნენ, რომელიც აგენტის როლს ასრულებდა მაიაგუესის პორტში შემომავალი თინუსის თევზმჭერი მასიური გემებისთვის. სარფიანი ბიზნესი იყო. ბრავოს მშობლებმა ის და მისი უცმროსი ძმა, ალეხანდრო, ახალ ადგილას, მაიაგუესის მთებში გადაიყვანეს საცხოვრებლად, რომელიც დღეს შემოღობილი კომუნაა. ძმები იქ კერძო სკოლებში დადიოდნენ, თავისუფალ დროს კი ოჯახის 16-ფუტიანი კატერით სეირნობდნენ.
როცა 8 წლისამ ჩოგბურთს მიჰყო ხელი და ადგილობრივი უნივერსიტეტისა და სასტუმრო Hilton-ის კორტებზე ვარჯიშობდა, ოჯახმა შაბათ-კვირებზე სან-ხუანში, ორსაათ-ნახევრის სავალ გზაზე დაიწყო მისი ტარება, უფრო უკეთეს მეტოქეებთან რომ ევარჯიშა. “ის, რაც ჩოგბურთში მიყვარდა, შესაძლებლობა იყო, – იხსენებს ბრავო. – მე მაიაგუესიდან ვარ, ჰოდა, დიდ ქალაქში გადავალ და ყველაფერი გამომივა, – ამბობს ის. აბა, შენ იცი! გამარჯვების დროა!”
ის მალევე იქცა პუერტო-რიკოს ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ, რამაც ბოლეტიერის აკადემიაში მოუპოვა ადგილი, მერე კი Brown University-ის ჩოგბურთის გუნდში. “ისე მეშინოდა, მეგონა, ვერაფერს შევძლებდი”, – ამბობს ბრავო Ivy League-ის შესახებ, ამიტომ, პირველ კურსზე უმეტესი საგნები ჩათვლა/ჩაჭრის პრინციპით გაიარა. მაგრამ მალე შეძლო ბალანსის პოვნა და 1992 წელს, ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების დიპლომებით ხელში, უნივერსიტეტი საპატიო Phi Beta Kappa-ს წევრად დაამთავრა. ეს პრესტიჟული სამსახურის შოვნაში დაეხმარა, კერძოდ კი Morgan Stanley-ის კომპანიათა გაერთიანებისა და შესყიდვების განყოფილებაში ანალიტიკოსად დაიწყო მუშაობა. კვირაში ზოგჯერ 100 საათის მანძილზე, განთქმული მოვაჭრის, ჯოზეფ პარელას ხელმძღვანელობით, ბრავო ბეჯითად შრომობდა.
მაშინ, როცა სხვა ანალიტიკოსები მონაცემთა ოთახებში იყვნენ გახიზნულები, ბრავო, ესპანურის ცოდნის გამო, კლიენტებს უშუალოდ ხვდებოდა. საკონტროლო პაკეტების შესყიდვის სამყაროში კარი იმ პერიოდმა გაუხსნა, როცა 1993 წელს ვენესუელელი მილიარდერის, გუსტავო ცისნერის მიერ პუერტორიკოული სუპერმარკეტების ქსელ Pueblo Xtra International-ის შესყიდვის საქმეზე მუშაობდა. თუმცა, როგორც ამბობს, მთავარი, რაც ისწავლა, ის იყო, რომ ბანკირობა არ სურდა.
რაღაც მომენტში ბრავო დასავლეთით, Stanford University-ისკენ გაეშურა. იქ სამართლის სკოლაში უკვე მიღებული იყო, მაგრამ ბიზნესსკოლაშიც სურდა ჩართვა. უნივერსიტეტში დაჟინებით რეკავდა და, ბოლო-ბოლო, ორივეგან სწავლის ნება დართეს. ზაფხულში Seaver Kent-ში იმუშავა – მენლო-პარკში (კალიფორნია) დაფუძნებულ კომპანიაში, რომელიც დევიდ ბონდერმენის ე.წ. საშუალო ბაზრების გარიგებებში სპეციალიზებულ Texas Pacific Group-თან ერთად შექმნილიყო. სწავლის დასრულებისთვის, 1998 წელს, ბრავოს არც Seaver Kent-ში შესთავაზეს თანამდებობა და არც Texas Pacific Group-ში. ასე რომ, თვეების მანძილზე, სამსახურის ძიებაში, “დაუპატიჟებლად” ურეკავდა სხვადასხვა კომპანიას. ალბათ ასი ზარის შემდეგ, ბრავოს კარლ კარლ თომას ყურადღება მიიქცია – ჩიკაგოში დაფუძნებული კერძო სააქციო ფირმა Golder, Thoma, Cressey, Rauner-ის (ახლა ცნობილი, როგორც GTCR-ი) დამფუძნებელი პარტნიორის. უმალ დამეგობრდნენ. “ყველაზე დიდი შეცდომა, რაც Texas Pacific-მა დაუშვა, ის იყო, რომ ორლანდოს, რომელიც ბიზნესსკოლის პერიოდში ზაფხულში მათთან მუშაობდა, სამსახური არ შესთავაზეს”, – ამბობს 71 წლის თომა, რომელიც, როგორც Forbes-ი საჯარო დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე აფასებს, აგრეთვე მილიარდერი გახლავთ.
თომა – 1970-იანებში კერძო სააქციო კაპიტალის ინდუსტრიის ერთ-ერთი პიონერი – მაღალი, სასიამოვნო მანერების მქონე ოკლაჰომელია, რომელიც რანჩოს მფლობელთა ოჯახში დაიბადა. თომა და მისი პარტნიორები მაიკლ მილკენის მიერ პოპულარიზებულ საკონტროლო პაკეტების შესყიდვათა უფრო მეგობრულ ვერსიას მისდევდნენ – პატარა ბიზნესების ყიდვასა და მათ გაფართოებას ანიჭებდნენ უპირატესობას შესყიდვათა გამოყენებით. როცა 1998-ში მათ ბრავო შეუერთდა, თომა და პარტნიორი ბრაიან კრესი ის-ისაა, დასცილებოდნენ სტენლი გოლდერსა და ბრიუს რაუნერს, რომელიც მოგვიანებით ილინოისის გუბერნატორი გახდა. შედეგად, თომასა და კრესის Thoma Cressey შეექმნათ. თომამ ბრავო სან-ფრანცისკოში გაუშვა – ინვესტიციებზე სანადიროდ და იმისათვის, რომ, რაღაც მომენტში, ყურის ოლქში ფირმის წარმომადგენლობა გაეძლიერებინა.
ბრავოს პირველი რამდენიმე გარიგება, რომლებიც მანამ გაჩარხა, სანამ 30-ის გახდებოდა, კატასტროფა იყო. მან ვებგვერდის დიზაინის ორი სტარტაპი, NerveWire-ი და Eclipse Networks-ი, დააფინანსა ზუსტად მაშინ, როცა დოტ-კომ ბუშტი გასკდა. დუეტმა ბრავოს მიერ ინვესტირებული $100 მილიონი, ფაქტობრივად, დაკარგა. “ვისწავლე, რომ რისკიან რამეებში აღარასდროს დავაბანდებდი ფულს, – ამბობს ბრავო. – ძალიან მტკივნეული იყო ამ დანაკარგის გააზრება”. . Thoma Cressey-საც პრობლემები ჰქონდა, ოღონდ სხვა სფეროში: ნავთობსა და გაზში, ასევე ტელეკომუნიკაციებში არაეფექტიანი ინვესტიციები განეხორციელებინა. ფირმა იმხანად ყველაზე არანაყოფიერი იყო კერძო სააქციო კაპიტალის ინდუსტრიაში.
მაგრამ ამ წარუმატებლობას ეპიფანია მოჰყვა, რამაც ბრავოსა და მის პარტნიორებს მალევე მოუტანა მილიარდები. ბრავო მიხვდა, რომ მისი შეცდომა სტარტაპების ანტრეპრენიორთა დაფინანსება იყო – ანუ არსობრივად რისკიან ნაბიჯს დგამდა – მაშინ როცა იმავე ფულით ბაზარზე დამკვიდრებული კომპანიების ყიდვა შეეძლო, რომლებიც ნიშის მქონე პროგრამულ უზრუნველყოფას ერთგულ მომხმარებლებს მიჰყიდდნენ. თომას კურთხევით, ბრავომ ბიზნესსტრატეგია შეცვალა და ამ ბევრისათვის გაუგებარი ფირმების დარგში ექსპერტად მოგვევლინა. გასკლეცილი დოტ-კომიდან გამომავალი ბაზარი კოლაფსის პირას მყოფი კომპანიებით იყო დაბინძურებული, რომლებიც ბუშტის დროს საჯარო ბაზარზე გასულიყვნენ და ძალიან ცოტა დაინტერესებული მყიდველი თუ ჰყავდათ. ბრავო მუშაობას შეუდგა. მისი პირველი დიდი ნაბიჯი 2002-ში Prophet 21-ის ყიდვა გახლდათ – იარდლიში (პენსილვანია) დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერისა, რომელიც ჯანდაცვისა და წარმოების სექტორში მყოფ დისტრიბუტორებს ამარაგებდა და ბაზარზე ერთჯერადი სახით იყიდებოდა.
სახლის დასუფთავების ნაცვლად, ბრავომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ჩაკ ბოილი, ადგილზე დატოვა და მასთან ერთად მოგებათა სტიმულირებას შეუდგა – მეტწილად, მეტოქეთა თამაშში ჩართვის წახალისებით. როცა ბოილმა ერთი კომპანიის, Faspac-ის, ყიდვა მოისურვა, ბრავო სან-დიეგოში გაფრინდა, ხუთი დღე Faspac-ის მეპატრონის გარაჟში გაატარა და კონტრაქტების მთელი დასტა დაამუშავა, რათა ენახა, რამდენად ვარგისი იქნებოდა ეს გარიგება. “ორლანდო არა მხოლოდ ყველაზე მაღალ დონეზე, სტრატეგიის მიმართულებით გვეხმარებოდა, არამედ შავ სამუშაოშიც”, – იხსენებს ბოილი. შვიდი შესყიდვის შემდეგ ბრავომ ეს ბიზნესი $215 მილიონად გაყიდა და დახარჯული ფული გაახუთმაგა.
პროგრამული უზრუნველყოფა მალევე იქცა ბრავოს ერთადერთ ფოკუსად და Thoma Cressey-მაც იწყო აყვავება. 2005-ისთვის, ბრავომ და თომამ, პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებზე, კიბერუსაფრთხოებასა და ვების ინფრასტრუქტურაზე კონცენტრირების მიზნით, სამი თანამშრომელი აიყვანეს: სკოტ კრებილი, ჰოლდენ სპატი და სეტ ბორო. სამივე დღემდე ფირმაშია, მმართველი პარტნიორების რანგში.
ბრავოს დიდი შესაძლებლობა ფინანსური კრიზისის დროს გაჩნდა, როცა თომა პარტნიორ ბრაიან კრესის, ჯანდაცვის ინვესტორს, გაეყარა და ბრავოს სახელი დაიტანა ფირმის კარზე. ამ მომენტიდან Thoma Bravo, ბრავოს წინამძღოლობით, მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფაში აბანდებდა ფულს.
მილიარდდოლარიანი საკონტროლო შესყიდვები ერთმანეთს მიება: კალიფორნიაში დაფუძნებული ქსელის უსაფრთხოების ფირმა Sunnyvale-ი, ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Digital Insight-ი ვესტლეიკ-ვილიჯიდან (კალიფორნია) და Herndon-ი – ვირჯინიული Deltek-ი, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას პროექტების მენეჯმენტისთვის ყიდის. ბრავოს ზედამხედველობით, ყველა მათგანის ღირებულება, სულ მცირე, გაორმაგდა. ფირმის სადებიუტო, მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ფოკუსირებულმა 2009 წლის ფონდმა 44%-იანი (გამოქვითვის გარეშე) წლიური უკუგება აჩვენა იმ დროისთვის, როცა მისი ინვესტიციები გაყიდული იყო, ამით კი ინვესტორებისთვის დახარჯული ფული გააოთხმაგა და იმ სიბრძნის ილუსტრაციად იქცა, რომლის თანახმადაც, დისციპლინა და სპეციალიზება კარგ ნაყოფს იმკის. “ყოველ ჯერზე, როცა თავები წამოვწიეთ და იმ გარიგებას შევავლეთ თვალი, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას არ ეხებოდა, პროგრამული უზრუნველყოფის გარიგებამ თავად ამოგვხედა და დიდი წარმატებითაც”, – ამაყად აღნიშნავს ბრავო.
მაისის მიწურულია. ორლანდო ბრავოს მე-20 სართულზე განთავსებული, სან-ფრანცისკოს ყურის ოლქზე მომზირალი ოფისი მის პორტფოლიოში შემავალ კომპანიათა ათობით ტექნოლოგიური აღმასრულებლით არის სავსე. ხალხი ჰიუსტონური Quorum Software-იდან, რომელიც ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის ტექნოლოგიურ სისტემებს ქმნის, Redwood Shores-ის – ერთგვარი კალიფორნიული Imperva-ს – კიბერუსაფრთხოების ექსპერტებთან ირევა. ბორბლებიან ჩემოდნებსა და სქელტანიან ფინანსურ წიგნებს დაატარებენ, Thoma Bravo-ს პარტნიორები კი თეთრ დაფებზე კორპორაციული სტრატეგიების მონახაზებს აკეთებენ. შესვენებაზე გასულები, პატარა სამუშაო ოთახებში კლავიატურაზე აკაკუნებენ ან ქათმის სენდვიჩებს სანსლავენ პატარა უპრეტენზიო სამზარეულოში.
ეს Thoma Bravo-ს ერთ-ერთი საწვრთნელი ბანაკია, თვეში ერთხელ რომ აწყობს ახლად შესყიდული კომპანიებისთვის. ამ დამღლელ, მთელი დღის მანძილზე მიმდინარე სესიებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ფირმის წარმატებისთვის. პარტნიორები რეგულარულად დადიან ბრავოს სპარტანულ, შუშისკედლებიან ოფისში, თუმცა სიმშვიდეს ბურღვისა და ჩაქუჩების ფონური ხმა არღვევს: მუშები ახალ ოთახს აკეთებენ ცამეტი ახალი კოლეგისთვის.
პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლაში გატარებული ორი ათწლეულის შემდეგ ბრავოს მკაფიო ტრენდების დანახვა იოლად შეუძლია. მაგალითად, როცა კომპანია რაიმე პროდუქტის პიონერია, მისი გაყიდვები ჯერ ცაში ვარდება, მერე კი, მეტოქეთა გამოჩენის კვალდაკვალ, იკლებს. ხშირად აღმასრულებელი დირექტორი ამ ხრიკს ახალ ბაზრებზე შესასვლელად იყენებს ან კი ზედმეტად ბევრს ხარჯავს, გაყიდვების სტიმულირება რომ მოახდინოს. ბრავო ამას “ზედმეტად ბევრი კურდღლის დევნას” უწოდებს, და, გამოსწორების მიზნით, თავად და მისი ათი პარტნიორი პროგრამული უზრუნველყოფის 22 ამჟამინდელ და ყოფილ აღმასრულებელთან მუშაობენ, რომელთაც ერთგვარი კონსულტანტების ფუნქცია აკისრიათ. ყოველი პროდუქტის ხაზის მოგება-დანაკარგების დოკუმენტებისთვის თვალის მიდევნებით იწყებენ და, ცუდი გარიგებებისა თუ არასათანადოდ შეფასებული პროდუქტების ძიებაში, საათობით უკირკიტებენ კონტრაქტებს. იმ დროისთვის, როცა Thoma Bravo-ს შესყიდვის საბანკო ანგარიშსწორება სრულდება, არსებული მენეჯმენტი პრინციპულად შეთანხმებულია, რომ ეს უმოწყალო მიდგომა სასარგებლო იქნება. ბრავო მას “წარსულთან მშვიდობის დამყარებას” უწოდებს.
ფირმაში შემცირებებიც ხდება. შესაძლოა, სამუშაო ძალის 10% გაათავისუფლონ, რის გამოც ბრავო ბოდიშს არ იხდის. “იმისათვის, რომ ბიზნესს გეზი სათანადოდ უცვალო და მასშტაბური ზრდისთვის მოამზადო, ვიდრე წინ გადააბიჯებდე, პირველ რიგში ერთი ნაბიჯი უკან უნდა გადადგა. ეს ბოქსს ჰგავს. – ამბობს ის. – ეს არაჩვეულებრივი აქტივებია დიდი ინოვატორებით და, ხშირ შემთხვევაში, მათი არასათანადო განკარგვა ხდება”.
Flexera Software-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ბიშოპი – ჩიკაგოს გარეუბანში დაფუძნებული ე.წ. გამოყენებითი მენეჯმენტის კომპანიისა, რომელიც ბრავომ 2008-ში $200 მილიონად იყიდა, სამი წლის შემდეგ კი მისი გაყიდვით თითქმის $1 მილიარდის მოგება ნახა – ლაკონიურად აღწერს ამ ველურ წარმატებას. “ყველანაირ ფუჭ სისულელეს უგულებელყოფს, – ამბობს ბიშოპი. – ეს სუფთა ჰაერივითაა”. ბრავოს მფლობელობის პირობებში Flexera-ს მოგებები 70%-ით გაიზარდა, რაც დიდწილად ოთხი მსხვილი შესყიდვის დამსახურება იყო. “ორლანდო სერჟანტთან ერთად სანგარში მყოფი გენერალივითაა. იცი, რომ ბოლომდე შენ გვერდითაა”, – ენთუზიაზმით აღნიშნავს ბიშოპი.
2018 წლის მონაცემებით, Thoma Bravo-ს ზედამხედველობის ქვეშ, კომპანიებმა, საშუალოდ, ფულადი ბრუნვის გაზრდა და მარჟების 35%-ზე ასვლა შეძლეს, რაც ლამის სამჯერ აღემატება პროგრამული უზრუნველყოფის საჯარო ბაზარზე მბრუნავი კომპანიების საშუალო მაჩვენებლებს იმავე პერიოდში. “ოლიმპიადისთვის ვარჯიშს ჰგავს… განსაზღვრული მიზანი გაქვს, რომელსაც [ოთხ წელიწადში] უნდა მიაღწიო, და ეს ძალიან, ძალიან მკაფიო მიზანია”, – ამბობს ბრავო. დღევანდელი მგრგვინავი ბაზარი “რეცეპტების წიგნს” დამატებით პოტენტურობას აძლევს. გამსესხებლები ახლა პროგრამული უზრუნველყოფის სესხით იკვებებიან ხარბად, საფონდო ბირჟის რიცხვები კი ამ ბიზნესებისთვის სულ უფრო მაღლა იწევს.
ერთ-ერთ ბოლოდროინდელ მაგალითად დეტროიტული Compuware-ი გამოდგება – ათწლეულების პიონერი, რომელიც მძლავრი კომპიუტერული სისტემების სამართავად პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებს ქმნის. 2013-ში ეს Nasdaq-ზე მბრუნავი გიგანტი სიკვდილის პირას იყო მისული და გასაყიდად გამოტანილი. მისდამი ინტერესი მინიმალური იყო, ბრავოსა და პარტნიორ სეტ ბოროს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც Compuware-ის მიერ 2011-ში ნაყიდი Dynatrace-ით მოხიბლულიყვნენ – პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც კომპანიებს მონაცემების cloud-ზე გადატანაში ეხმარებოდა. Compuware-ის შესაძენად, Thoma Bravo-მ, ნაღდი ფულის სახით, $675 მილიონი გამოიყენა და, სესხის სახით, $1.8 მილიარდი მოიზიდა, მერე კი Dynatrace-ი ცალკე კომპანიად გამოყო. დუეტი მუშაობას შეუდგა: მონაცემთა ბაზის ლიცენზიათა გაყიდვიდან (რაც ერთ დროს Dynatrace-ის მნიშვნელოვანი ბიზნესი იყო), Dynatrace-ი cloud-ის გამოწერის სერვისებზე გადაიყვანა, რაც დღეს გაყიდვათა 70%-ზე არის პასუხისმგებელი. ამ გასულ აგვისტოს Dynatrace-მა საჯარო ბაზარზე დაიწყო ბრუნვა, ხოლო Thoma Bravo-ს 70%-იანი წილი ამ კომპანიაში დღეს $4 მილიარდზე მეტს შეადგენს, დანარჩენი აქციები, რომელთაც Compuware-ი ფლობს, თითქმის კიდევ ერთ მილიარდს უტოლდება. “პროგრამული უზრუნველყოფის ეფექტიანი კომპანიის შექმნის შესახებ ბოლო ოთხწელიწად-ნახევარში უფრო მეტი ვისწავლე, ვიდრე ჩემი კარიერის პირველი 30 წლის მანძილზე”, – ამბობს Dynatrace-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ვან სიკლენი.
ახალი $12.6-მილიარდიანი რეზერვით აღჭურვილი თავისი მე-13, 2018-ში მოზიდული ფონდისთვის, ბრავოს $10 მილიარდზე მეტის ტოლფას გარიგებებზე აქვს თვალი დადგმული და დღევანდელი ტექნოლოგიური გიგანტებისგან მთლიანი განყოფილებების ყიდვის დაწყებას გეგმავს. თუმცა ნაწილობრივ მისი ფირმის წარმატების გამო, დღეს ის უფრო დიდი კონკურენციის პირობებშია. ისეთი მძიმეწონიანი მოთამაშეები, როგორიც Blackstone-ი და KKR-ია, სულ უფრო მზარდ ყურადღებას უთმობენ პროგრამული უზრუნველყოფის გარიგებებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ბრავოს სტაჟიან მეტოქე Vista Equity-ზე. და არც ბრავოა მთლად იმუნური შეცდომების მიმართ. ამჟამად მის მიერ 2015-ში $3.6 მილიარდად შესყიდული სანფრანცისკოური Riverbed Technology – ციფრული ქსელისთვის თვალის მიმდევნებელი კომპანია – პრობლემებშია შენელებული გაყიდვებისა და ზედმეტად დიდი ვალის გამო. ბრავო არ ნერვიულობს. “დღეს უფრო დიდი და უფრო კარგი კომპანიები საჭიროებენ გაუმჯობესებას, ვიდრე ათი წლის წინ”, – ამბობს ის.
ბრავოს ყველაზე დიდი გამოწვევა ახლა ალბათ მშობლიურ პუერტო-რიკოს უკავშირდება, საიდანაც დაიწყო კიდეც ყველაფერი. მაისში მან განაცხადა, რომ თავის Bravo Family Foundation-ს $100 მილიონს სწირავდა, რომელიც ამ კუნძულზე ანტრეპრენიორული საქმიანობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას მოხმარდებოდა.
ამ ახალ ფონდს დასაბამი ქარიშხალმა “მარიამ” მისცა, რომელმაც ორი წლის წინ კუნძული გაანადგურა. ბრავო მაშინ იაპონიაში იყო – კიდევ ერთი მასიური ფონდისთვის იზიდავდა ფულს – და გიჟივით რეკავდა სან-ხუანში, რომ დედაქალაქში მცხოვრები მშობლების ადგილმდებარეობისთვის მიეკვლია. მათ ყველაფერი რიგზე ჰქონდათ, მაგრამ კუნძულს – არა.
ხუთი დღის შემდეგ თავისი თვითმფრინავით, Gulfstream-ით, მაიაგუესთან ახლო, აგუადილიაში, 1,000 ფუნტის მარაგი გადააფრინა – წყალი, “გრანოლას” ტკბილეული, მზა საკვები, სატელიტური ტელეფონები, საფენები, ინტრავენური მილები და ჰიდრაციული აბები. ბრავოს თქმით, როცა აეროპორტის თანამშრომელმა მისი თვითმფრინავის კარი გამოაღო, მის თვალებში აღბეჭდილი შიში დაუვიწყარი იყო. “მარტო იმის თქმა თუ შეგეძლო, რომ ძალიან წუხდი მომხდარის გამო”.
ორ კვირაში უფრო დიდი თვითმფრინავით და 7,000 ფუნტის მარაგით დაბრუნდა. მერე მასიური სატვირთო თვითმფრინავით, DC-10-ით, ჩაფრინდა და ბოლოს უკვე ორი, 600,000 ფუნტით დატვირთული გემი გაამგზავრა. “ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ხელშეკრულების დასადებად გაუფრთხილებლად ვრეკავდი კომპანიებში”, – ამბობს ბრავო შემოწირულებების შეგროვების პროცესზე. პირადად $3 მილიონი გაიღო პირველ ერთ თვეში, ჯამში კი $10 მილიონი დახარჯა.
როცა კუნძულზე სრულად დაიწყო ოპერირება საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტომ, ყველაზე მდიდარმა პუერტორიკოელმა ყურადღება სამშობლოს მომავალზე მიმართა. მართალია, პუერტო-რიკოს მცხოვრებთა 44% სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ბრავოს სჯერა ანტრეპრენიორობის გაღვივების პოტენციალისა, ერთ-ერთ არგუმენტად კი ის მოჰყავს, რომ მოსახლეობის მეათედს ბიზნესის წამოწყება ერთხელ მაინც უცდია.
მისი ფონდი, რომელიც მისი ფულით არის შეიარაღებული, პუერტორიკოელი ტექნოლოგიური ანტრეპრენიორების დაფინანსებას გეგმავს, მეტიც, მათი გამგზავრებაც განუზრახავს Thoma Bravo-ს სათავო ოფისში წვრთნისთვის. ბრავო აღიარებს, რომ პუერტო-რიკოს სახელმწიფოებრიობაზე დებატმა დაღალა და ენას კბილს აჭერს, როცა ქარიშხალ “მარიას” დროს პრეზიდენტ ტრამპის მოქმედებების შესახებ იღებს კითხვებს. “ჩემი გატაცება, რაც კომპანიების შემთხვევაშიც ასეა, სტრატეგიული, ხანგრძლივი პომპეზურობიდან გამოსვლა და იმ ოპერაციულ და ტაქტიკურ სვლებში გადანაცვლებაა, რომელთაც დღეს წინ მიჰყავხარ, – ამბობს ის. – ეკონომიკები ნელდება, კომპანიები ვერ აღწევენ მიზნად დასახულ რიცხვებს, ვაჭრობა ჩერდება, პროდუქტებს შეიძლება, ხარვეზები ჰქონდეთ და ხალხი ტოვებს საქმეს. [კითხვა ისაა,] გაქვს თუ არა პრობლემის გადასაჭრელად შემოქმედებითი მიდგომა. – ამბობს ბრავო. – ზოგი იჭედება… ზოგს კი უყვარს პაზლის აწყობა. მე უბრალოდ ვთვლი, რომ ყოველგვარი ოპერაციული პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი. გამოსავალი ყოველთვის არსებობს”.