ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელობით შემუშავებული პროგრამა ACT-Accelerator-ის ფარგლებში ღარიბი ქვეყნებისთვის მკურნალობის თითოეული კურსისთვის საჭირო კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების 10 აშშ დოლარად შეძენა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მომავალი წლის სექტემბრამდე ჯანმო საკუთარ პარტნიორებთან ერთად ღარიბი ქვეყნებისთვის COVID-19-ის დასადგენი 1 მილიარდამდე ტესტის გაგზავნას გეგმავს. ასევე, დაახლოებით 120 მილიონი პაციენტის სამკურნალოდ სამყოფი კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების შეძენას აპირებს. ორგანიზაციის ვარაუდით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ვირუსით მსოფლიო მასშტაბით კიდევ 200 მილიონი ადამიანის დაინფიცირებაა მოსალოდნელი.
დოკუმენტი, რომელშიც პროგრამა ACT-Accelerator-ის გეგმებზეა საუბარი, ამ თვის ბოლოს იტალიის დედაქალაქ რომში დაანონსებული დიდი ოცეულის სამიტის წინ განსახილველად მსოფლიოს ლიდერებს გადაეგზავნებათ. ჯანმო საკუთარ პარტნიორებთან ერთად G20-ის წევრებსა და სხვა დონორებს 22.8 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას სთხოვს. ამ თანხას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და აბების, ასევე ტესტების შესაძენად გამოიყენებენ, რომლებითაც ღარიბ ქვეყნებს მოამარაგებენ. ACT-Accelerator-ის მიზანია, მომავალი წლის შუა პერიოდში COVID-19-ის ვაქცინით მსოფლიოს თითოეული ქვეყნის მოსახლეობის არანაკლებ 70% იყოს აცრილი. დონორებმა ჯერჯერობით პროგრამის მხოლოდ 18.5 მილიარდი აშშ დოლარით დაფინანსების პირობა დადეს.
მართალია, დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელი აბების შეძენას გეგმავს ჯანმო 10 აშშ დოლარად, თუმცა ამ დროისთვის დადებითი შედეგი მხოლოდ ერთმა მედიკამენტმა აჩვენა. ეს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck-ის მიერ დამზადებული ექსპერიმენტული პრეპარატი მოლნუპირავირია. მწარმოებელმა ანტივირუსული აბების გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვისთვის აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს (FDA) უკვე მიმართა. ისიც უნდა ითქვას, რომ პარალელურად, მსგავსი პრეპარატების შექმნაზე არაერთი კომპანია მუშაობს.