WSJ: ჯანმო პანდემიასთან ბრძოლის ეფექტურ ინსტრუმენტად უნდა იქცეს

WSJ: ჯანმო პანდემიასთან ბრძოლის ეფექტურ ინსტრუმენტად უნდა იქცეს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიმართ უკმაყოფილება იზრდება და ორგანიზაციას კორონავირუსთან არაეფექტურ ბრძოლაში სდებენ ბრალს. “ჯანმო ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს“, – წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ უკმაყოფილებას აშშ-ს პრეზიდენტიც გამოთქვამს. დონალდ ტრამპმა 18 მაისს ჯანმოს ხელმძღვანელს, ტედროს ადანო გებრეისუსს გაუგზავნა წერილი, რომლითაც ორგანიზაციას სისტემური ცვლილებებისკენ მოუწოდებს.  “ტრამპის განცხადებით, აშშ WHO-სთვის დაფინანსების სამუდამოდ შეწყვეტასაც განიხილავს, თუკი ორგანიზაცია მომდევნო 30 დღის განმავლობაში ძირეული ცვლილებების განხორციელების გეგმას არ წარადგენს.“ 

“ჯანმომ საკუთარი ძირეული მისია დაივიწყა და ახლა ის განვითარების არასწორ გზაზე დგას“, ვკითხულობთ The Wall Street-ის სტატიაში. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ წარმატებებზე და ჩავარდნებზე, რომლებიც მას 72-წლიანი არსებობის განმავლობაში ჰქონდა. 

1948 წელს WHO-ს მთავარი მისია მსოფლიოში ადამიანთა ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლებელ დონეზე შენარჩუნება იყო. თავდაპირველად WHO-ს მანდატი ეპიდემიურ დაავადებებთან ბრძოლაში მდგომარეობდა, ეს სწორედ ის დაავადებები იყო, რომლებიც “საზღვრებს არ სცნობდნენ“ შესაბამისად, მათზე გლობალური პასუხი იყო აუცილებელი.  როგორც WSJ-ი წერს, ჯანმოს საქმიანობის ეს ეტაპი შეიძლება ვერტიკალური განვითარების პროცესად ჩაითვალოს.

ასეთი ვერტიკალური განვითარების შედეგად რამდენიმე წარმატებული პროექტი განხორციელდა, ერთ-ერთი მათგანი მალარიასთან ბრძოლა იყო. 1955 წელს ორგანიზაციამ განვითარებად ქვეყნებში მალარიის ეპიდემიის აღმოფხვრისთვის გლობალური პროექტი წამოიწყო, რომლის შედეგადაც უკვე 1970 წლისთვის მალარიით ინფიცირების შემთხვევები 1 მილიარდით შემცირდა.

თუმცა, დროთა განმავლობაში ორგანიზაციამ საკუთარი მანდატის სხვა მიმართულებებით განვრცობაც დაიწყო. ამ პროცესს WSJ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰორიზონტალური განვითარების პერიოდს უწოდებს. ამ დროს WHO-მ მის პირველად მისიასთან ერთად, სხვა მიზნებიც დაისახა და ეს მიზნები ადამიანთა ჯანმრთელობის ყველა ასპექტის შესახებ ზრუნვას გულისხმობს. 1979 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეამ, ქვეყნების საყოველთაო ჯანდაცვის სისტემების დანერგვის შესახებ გააკეთა მოწოდებები. სწორედ ამ პერიოდიდან ჯანმოს მთავარ მისიად, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ქრონიკულ დაავადებებთან ბრძოლა იქცა. WHO-ს ყურადღების ცენტრში ჯანდაცვის სისტემების განვითარება, ინფრასტრუქტურის აშენება და ჯანმრთელობისთვის საზიანო ჩვევებთან ბრძოლა მოექცა.  

ჯანმოს განვითარების შეცვლილი მიმართულება უფრო მეტად უჭერდა მხარს ჯანდაცვის სექტორში, კერძო მოთამაშეთა შემცირებას თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს მიერ ოპერირებულ ჯანდაცვის სისტემების დანერგვას. 1980-იან წლებში ჯანმო, ქვეყნებს შიდა ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარებისკენ მოუწოდებდა, რაც არაერთი განვითარებადი ქვეყნებისთვის არარეალურ შეთავაზებას წარმოადგენდა. ამასთანავე, ორგანიზაცია კერძო ფარმაცევტული ინდუსტრიის ფასწარმოქმნის რეგულირებასაც ცდილობდა. ამ მოწოდებების გამო, ორგანიზაციამ 1985 წელს აშშ-ის მთავრობის კრიტიკა დაიმსახურა, რასაც დროებით მისი დაფინანსების შეწყვეტაც მოყვა.

“ჯანმომ დაივიწყდა მისი მთავარი მისია – ყოფილიყო ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოები ეხმარებოდნენ განვითარებად ქვეყნებს, გაეტარებინათ სხვადასხვა ჯანდაცვის კამპანია, და ებრძოლათ ისეთ დაავადებებთან, როგორიც არის ჩუტყვავილა თუ ონქოცერკოზი.

დღეს, Covid-19 ჯანმოს ყველაზე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციას საკუთარი არსებობის მიზნის გადახედვა და საწყის მიზანზე დაბრუნება სჭირდება,“ – წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.