მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია СOVID-19-ის აღმოსაფხვრელად საჭირო პროდუქტებით ვაჭრობის შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით, მათი კომპონენტებითა და მედიკამენტებით ვაჭრობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ნაკლებად ვრცელდება. ინფორმაციის ნაკლებობა კი ართულებს მონაცემთა ზუსტ ანალიზს, რაც უარყოფითად აისახება პანდემიის დროს სახელმწიფოთა მიერ ეფექტიანი სავაჭრო პოლიტიკის წარმოების პროცესზე.
მსოფლიო საბაჟო (WCO) და მსოფლიო ჯანდაცვის (WHO) ორგანიზაციების კლასიფიკაციის მიხედვით, COVID-19-თან დაკავშირებული პროდუქტებია: დიაგნოსტირების ინსტრუმენტები, დამცავი (მაგ. ხელთათმანები და ნიღბები) და სადეზინფექციო პროდუქტები, ჟანგბადის მიწოდებისთვის აუცილებელი აღჭურვილობა, პულსოქსიმეტრები და სხვა აუცილებელი ხელსაწყოები.
ამ ეტაპზე მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგია არ არის დეტალური, სტანდარტიზებული და ერთიანი. შედეგად, ჩნდება ვირუსის საწინააღმდეგო პროდუქტების გავრცელებისა და ვაჭრობის შესახებ არასწორი დასკვნების გამოტანის საფრთხეც. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ ზუსტ მონაცემთა შეგროვების პროცესს. ანგარიშში ასევე მოყვანილია ის ფაქტორებიც, რაც ინფორმაციის სიზუსტეს გააუმჯობესებს. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ქვეყნებს შორის კოლაბორაციის ზრდა. ამას გარდა, მნიშვნელოვანია მოქნილი სისტემების შექმნა, რომელთა დახმარებითაც გამარტივდება ინფორმაციის შეგროვება და საერთაშორისო დონეზე გავრცელება.