სოციალური მედიაკომპანია X-ის შიდა შეფასებით, მისი ამჟამინდელი ღირებულება მხოლოდ $19 მილიარდია – 55%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ოქტომბერში მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა კომპანიის შესაძენად გადაიხადა.
New York Times-ის ინფორმაციით, რომელიც ყოფილი Twitter-ის შიდა დოკუმენტებს ეყრდნობა, თანამშრომელთათვის გადაცემულ აქციათა გრანტები მილიარდერის პლატფორმას $19 მილიარდად აფასებს. ერთი წლის წინ მასკმა სოციალური მედიაგიგანტი $44-მილიარდიანი გარიგებით შეიძინა, თუმცა მალევე განაცხადა, რომ მან Twitter-ში იმაზე მეტი გადაიხადა, ვიდრე იმ დროს კომპანია რეალურად ღირდა.
Times-ის ცნობით, მასკის კომპანიამ თანამშრომლებს შეზღუდული საფონდო ერთეულის სახით ფირმაში კაპიტალი შესთავაზა – აქციაზე 45 დოლარად. თუმცა პლატფორმა X-ში დასაქმებულები მაინც მიიღებენ $54.20-ს ბრუნვაში გაშვებული აქციებისთვის, რომლებიც მათ მასკის მიერ კომპანიის შესყიდვამდე გადაეცათ.
ცნობისთვის, Fidelity-მ, რომელიც X-ში მცირე წილს ფლობს, აგვისტოს ბოლოს პლატფორმა უფრო ნაკლებად, $16.9 მილიარდად შეაფასა.
შესყიდვის შემდეგ მასკმა ყოფილ Twitter-ზე რიგი ცვლილებები განახორციელა, მათ შორის იყო სახელის გადარქმევა, საიტის კონტენტის მოდერაციის წესების გამარტივება, პოსტების ნახვის დროის და მომხმარებლის მიერ გაგზავნილი პირდაპირი შეტყობინებების რაოდენობის შეზღუდვა და ა.შ. სექტემბერში მასკმა თავადვე განაცხადა, რომ შესყიდვის შემდეგ რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი კომპანიისთვის 60%-ით შემცირდა.
ცოტა ხნის წინ კი მასკის X-მა პლატფორმაზე ვიდეო- და აუდიოზარები დაამატა. განახლება, რომელიც კომპანიის ახალი აღმსრულებელი დირექტორის, ლინდა იაკარინოს შეფასებით, X-ის „ყველაფრის აპლიკაციად“ გადაქცევის ნაწილია.