Xiaomi-მ MicroLED დისპლეის მქონე ჭკვიანი სათვალე წარმოადგინა

Xiaomi-მ MicroLED დისპლეის მქონე ჭკვიანი სათვალე წარმოადგინა

Xiaomi-მ ჭკვიანი სათვალის კონცეპტუალური დიზაინი წარმოადგინა, რომელსაც Facebook-ისა და Ray-Ban-ის ახლად წარმოდგენილი სათვალისგან განსხვავებით, MicroLED დისპლეი აქვს, რომელზეც გაფართოებული რეალობის (AR) დეტალების წარმოჩენა შეიძლება, – ამის შესახებ The Verge წერს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ სათვალე Android-ის ოპერაციული სისტემის მქონე დამოუკიდებელი მოწყობილობაა, რომელსაც სმარტფონთან მუდმივი წვდომა არ სჭირდება – მეტიც, Xiaomi-ს თქმით, ერთ დღეს, შეიძლება ჭკვიანმა სათვალემ ტელეფონი ჩაანაცვლოს. აღსანიშნავია, რომ Ray-Ban Stories-ის წარდგენისას, მსგავსი რამ Facebook-ის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმაც განაცხადა. Xiaomi-ს თქმით, ამ ეტაპზე, ამ ჭკვიანი სათვალის გაყიდვა არ იგეგმება.

Xiaomi-ს განცხადებით, მონოქრომატული MicroLED დისპლეიზე არჩევანი მათ მასში პიქსელების სიმკვრივის, გამძლეობისა და მისი მარტივი აგებულების გამო შეაჩერეს. MicroLED დისპლეი თვითგამოსხივებადი ტექნოლოგიით ფუნქციონირებს, რომელიც OLED დისპლეის ბუნებრივ გაგრძელებად ითვლება. თუმცაღა  ეს ტექნოლოგია ჯერჯერობით საკმაოდ ძვირია, რის გამოც ის მხოლოდ რამდენიმე პროდუქტში გამოიყენება.

Xiaomi-ს ახალი სათვალის დისპლეი მცირე ზომისაა, მაგრამ საუცხოოდ ნათელია, ის სულ რაღაც 2.4მმ x 2.02მმ-ისაა, მაგრამ 2 მილიონი ნიტის სიკაშკაშეს აღწევს. Xiaomi-ს განცხადებით, ასეთი სიკაშკაშე იმისთვის არის საჭირო, რომ დისპლეიზე გამოსახული ობიექტები ადამიანმა მზეზე ყოფნის დროსაც დაინახოს – თავისთავად ცხადია, რომ თვალში მოხვედრამდე სიკაშკაშე მცირდება.

Xiaomi-ს ჭკვიანი სათვალეს Wi-Fi-ისა და Bluetooth-ის მოდემები, ელემენტი და ხუთმეგაპიქსელიანი კამერა აქვს. გარდა ამისა, ის აღჭურვილია quad-core Arm პროცესორით, რომლის მწარმოებელი ჯერჯერობით უცნობია. Xiaomi-ს თქმით, სათვალე სულ რაღაც 51 გრამს იწონის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჭკვიანი სათვალე კონცეპტუალური ქმნილებაა, ამ ახლად აღმოცენებულ ინდუსტრიაში Facebook-ის ჩართვის  შემდეგ, Xiaomi-ს გამოჩენა გამორიცხული არ არის.