ზამთრის სპორტის მხარდამჭერი

ზამთრის სპორტის მხარდამჭერი

„სილქნეტი“ ზამთრის სპორტის მხარდაჭერაში დაფუძნების დღიდან აქტიურად ჩაერთო და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა. „სილქნეტის“ უწყვეტი პარტნიორობითა და მხარდაჭერით, 2023 წელს ბაკურიანში საქართველოს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა. მიმდინარე სეზონზე კი ზამთრის სპორტში მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანთან ერთად გუდაურშიც გაიმართა.

„სილქნეტის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებაში უკვე წლებია აქტიურად არის ჩართული. აღსანიშნავია, რომ ის თავად გახლდათ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი. ამ პერიოდში ფედერაციის მხარდამჭერი „სილქ როუდ ჯგუფი“ იყო, 2010 წლიდან კი მისი გენერალური სპონსორი „სილქნეტი“ გახდა.

„ამ დროს ჯერ კიდევ ძალიან ცოტას სჯეროდა ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის განვითარებისა და საქართველოს მთის კურორტების პოტენციალის. თუმცა ყოველთვის იყვნენ ენთუზიასტები, ჩვენი წინა თაობები, ვინც ამ მიმართულებით მცდელობას არ იშურებდა. ახლა ჩვენი ვალია, რომ ეს ტრადიცია გავაგრძელოთ და უფრო მეტიც გავაკეთოთ“, – აღნიშნავს გიორგი რამიშვილი.

ამ თანამშრომლობის წყალობით საქართველოში ზამთრის სპორტის პოტენციალი გაიზარდა. როგორც „სილქნეტის“დამფუძნებელი გვიყვება, პარტნიორობის დაწყების შემდეგ კომპანიამ ხელი შეუწყო ქვეყნის ნაკრებისა და ცალკეული სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებში ასპარეზობას. გარდა ამისა, „სილქნეტი“ ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ყველა ტურნირს გვერდში ედგა.

საქართველომ ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2018 წელს მოიპოვა, ამ ისტორიული ღონისძიების წარმდგენი კი სწორედ ზამთრის სპორტის აქტიური მხარდამჭერი, „სილქნეტი“გახდა. სპორტული ღონისძიების ჩატარების ადგილად სამთო კურორტი ბაკურიანი განისაზღვრა, რომელსაც დაახლოებით ხუთ წელიწადში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ მოთხოვნილი სტანდარტებისთვის უნდა ეპასუხა.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დიდი ინვესტიცია განახორციელა: ტერიტორიაზე ხელოვნური ტბები და გათოვლიანების სისტემები მოეწყო, აიგო საბაგირო კომპლექსები. კურორტზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, ბაკურიანი საერთაშორისო დონის სამთო სპორტულ ლოკაციად გადაიქცა.

„ამ წლებმა ლოგიკურად მიიყვანა ქვეყანა ისეთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებამდე, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია“, – აცხადებს გიორგი რამიშვილი.

სპორტული ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვისაც. აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას პირდაპირ ეთერში თვალს სხვადასხვა კონტინენტზე 175 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა. ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის სახეობებში მთლიანობაში მსოფლიოს 42 ქვეყნის 700-მა სპორტსმენმა იასპარეზა კოხტა-მიტარბისა და დიდველის ტრასებზე.

FIS-ის პრეზიდენტმა იოჰან ელიაშმა მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზების ხარისხს ასეთი შეფასება მისცა: „საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ზამთრის სახეობების ღონისძიებების ახალი ცენტრია. აქ დიდი წარმატებით შეძლეს ქვეყანაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება. ეს ფაქტი გვარწმუნებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ამიტომაც მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ორგანიზატორს, მათ არაჩვეულებრივად გაართვეს თავი ამ ამოცანას“.

„ბაკურიანი 2023“ მხოლოდ დასაწყისი იყო. 2023 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარების შემდეგ, საქართველომ FIS-ის ღონისძიებების მასპინძელი ისეთი ქვეყნების გვერდით დაიკავა ადგილი, როგორიცაა შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია, აშშ და კანადა. ქვეყნის მთავარი სამთო კურორტები, ბაკურიანი და გუდაური ამჟამად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სპორტული ღონისძიებების ყოველწლიურ კალენდარშია შეყვანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში საქართველოში ზამთრის სპორტის კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიება ჩატარდება.

მსოფლიო ჩემპიონატის ინფრასტრუქტურული მემკვიდრეობა საშუალებას აძლევს ქვეყანას, ყოველწლიურად უმასპინძლოს საერთაშორისო დონის შეჯიბრებებს. ამის დასტურად, 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე, დეკემბერ- -თებერვალში, ბაკურიანსა და გუდაურს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მასშტაბური სპორტული ასპარეზობის, მსოფლიო თასის ეტაპების მასპინძლობა ხვდა წილად.

შეჯიბრების ორგანიზების დონემ, ამ შემთხვევაშიც, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მაღალი შეფასება დაიმსახურა. FIS-ის დელეგატმა, უვე ბაიერმა, საქართველოში მსოფლიო თასების 2024 წლის სეზონი ასე დაახასიათა: „საქართველომ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა. მონაწილე გუნდების და სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენების მხრიდან მხოლოდ კარგი გამოხმაურება გვესმის. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გლობალურად მოხდა კავკასიონის თეთრი მთების პოპულარიზაცია“.

„სილქნეტისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის წარმატებული პარტნიორობის შედეგად, ზამთრის სპორტში ქვეყნის პოტენციალი მეტად გამოიკვეთა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიზანიც სვანეთში ოთხსეზონიანი სასწავლო-სამწვრთნელო ბაზების შექმნაა, სადაც ევროპის ქვეყნების სათხილამურო ფედერაციებს სპორტსმენების მომზადების შესაძლებლობა ეძლევა.

„ჩვენი ქვეყნის ორი მესამედი მთებითაა დაფარული. ყოველთვის მჯეროდა, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, ზამთრის სპორტის საერთაშორისო ცენტრი გახდეს. საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო შეჯიბრებების ჩატარება ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ ჩართული ვარ ზამთრის სპორტის განვითარების საქმეში, რაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთის კურორტების ცნობადობას მეტად გაზრდის. „სილქნეტი“აგრძელებს სათხილამურო ფედერაციის უწყვეტ მხარდაჭერას“, – აცხადებს გიორგი რამიშვილი.

S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *