კოლოსალური ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ზიმბაბვეს ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 200%-მდე გაზარდა. შეგახსენებთ, რომ ეს ზიმბაბვეში რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის პირველი შემთხვევა არ არის – საერთო ჯამში, წელს, მთავარი საპროცენტო განაკვეთი თოთხმეტი ათასი საბაზისო პუნქტითაა გაზრდილი.
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი შეშფოთებულია ინფლაციის ზრდით“, – განაცხადა ზიმბაბვეს ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ჯონ მანგუდიამ. – „კომიტეტმა აღნიშნა, რომ ინფლაციის ზრდის ფონზე იკლებს მომხმარებლების მოთხოვნა და თავდაჯერება და იმ შემთხვევაში, თუ ის არ გაკონტროლდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეული მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები გაქრება“.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ინფლაცია ზიმბაბვეს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, რომელიც უკვე ორი თვეა, სამნიშნა ნიშნულებს შორის მერყეობს. მაისში ინფლაციის მაჩვენებელი 131.7%-ის ტოლი იყო, ხოლო ივნისში 191.6%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ზიმბაბვეურ დოლარს, ის ამერიკულ დოლართან შედარებით 69%-ით გაუფასურდა.
საინტერესოა, რომ ქვეყანაში ვითარების დასარეგულირებლად, ზიმბაბვეს ხელისუფლებამ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ამერიკული დოლარის გამოყენების ნებართვა გასცა. თუმცა ეს პირველი გადაწყვეტილება არ არის, რომელიც აფრიკული სახელმწიფოს ხელისუფლებამ ზიმბაბვეური დოლარის გასამყარებლად შემოიღო – მანამდე, ათი დღით აიკრძალა სესხების გაცემა, ხოლო ზიმბაბვეს საფონდო ბირჟაზე შეზღუდვები დაწესდა.
აღსანიშნავია, რომ ზიმბაბვე ერთადერთი სახელმწიფო არ არის, რომლის ცენტრალური ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებს – პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ეს გლობალური ტრენდიცაა, რომელიც გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების პოლიტიკას გვახსენებს.