საით წავიდეთ ბატონო BoJo?

მაშ ასე, BoJo, სრულად კი ალექსანდრე ბორის დე პფეფელ ჯონსონი, ოფიციალურად შეუდგა ბრიტანეთის 55-ე პრემიერ მინისტრის მოვალეობის შესრულებას.

პირველი, რაც მან გააკეთა, მეორე დღესვე დაასახელა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა. ბრექსიტის ყოფილი მინისტრი, დომინიკ რააბი ბრიტანეთის საგარეო ოფისს სათავეში ჩაუდგა და იმავდროულად ვიცე-პრემიერიც გახდა, ხოლო ბრექსიტის მინისტრმა სტივ ბერკლიმ თანამდებობა შეინარჩუნა. რა თქმა უნდა, განხორციელდა სხვა ცვლილებებიც მინისტრთა კაბინეტში, მაგ. გავლენიანმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, პაკისტანური წარმოშობის საჯიდ ჯავიდმა ფინანსთა მინისტრის უაღრესად მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავა, მაგრამ ბუნებრივია, ამ დღეებში საერთაშორისო თანამეგობრობის მთელი ყურადღება გადატანილია დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერის მიერ საგარეო ურთიერთობებში არსებულ აქტუალურ საკითხებთან მიმართებაში პოზიციონირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ცხელია ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის ირანის მიერ დაკავების თემა, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მაინც რჩება ბრექსიტი და მის მიმართ ბორის ჯონსონის დამოკიდებულება.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბორის ჯონსონმა საკმაოდ ხისტად და მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია, არაერთხელ განაცხადა რა, რომ შეთანხმებით თუ მის გარეშე დიდი ბრიტანეთი აუცილებლად დატოვებდა 31 ოქტომბერს ევროკავშირს. ამის შესახებ მან თავის საინაუგურაციო გამოსვლაშიც აღნიშნა, ხოლო შემდეგ დღეებში უკვე არსებული შეთანხმების კრიტიკასაც არ მოერიდა, არსებული შეთანხმება შეაფასა, როგორც უვარგისი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული სეთანხმება აუცილებლად ხელახლა უნდა იყოს მოლაპარაკებული. ამის შესახებ მან განუცხადა სატელეფონო საუბრებში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს. ევროკავშირის მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადებები, რომ შეთანხმება არ გადაიხედება, თუმცა ბორის ჯონსონის ხისტი განცხადებების შემდეგ ევროკავშირის მხრიდან ბრექსიტის მთავარმა მომლაპარაკებემა მიშელ ბარნიემ ღიად დააფიქსირა, რომ პოლიტიკურ ნაწილში გარკვეულ ცვლილებებზე თუ კიდევ შეიძლება ლაპარაკი, შეთანხმების ძირითადი ელემენტები ნამდვილად არ გადაიხედება. ევროკომისიის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ასევე თქვა სეფე სიტყვა და შეთანხმებაზე ხელახალი მოლაპარაკებების დაწყება გამორიცხა.

აშკარად ჩიხურ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. ბრიტანეთში არავინ არ დაუშვებს ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის რაიმე ფორმის საზღვრის დაფიქსირებას, გნებავთ “უკანა გაჩერება” უწოდეთ და გნებავთ “ლაითი საზღვარი”. ამ საკითხზე თანხმობით საკუთარ პრემიერობას პრინციპში განაჩენი გამოუტანა ტერესა მეიმ, როდესაც მის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკეულ შეთანხმებაში გაჩნდა ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საკნოტროლო პუნქტების გაჩენის თავი. ბორის ჯონსონი მაშინაც პროტესტის ნიშნად გადადგა ტერესა მეის კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან (იქვე ალაპარაკდა კიდეც ხალხი ბორის ჯონსონის მომავალ პრემიერ მინისტრობაზე) და დღესაც ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს ირლანდიელ ძმებს შორის რაიმე საკონტროლო მექანიზმების შექმნას (როგორც მოგახსენეთ, არც ევროკავშირი აპირებს ამ პრინციპულ საკითხში უკან დახევას). სიტუაციას კიდევ უფრო მეტად ართულებს ის გარემოებაც, რომ ასეთივე პრინციპული წინააღმდეგობაა შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებითაც. ეს წინადადებაც უარყოფილი იქნა უმრავლესობის მიერ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში. უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულებაა ამ ვარიანტის მიმართ ბრიტანეთის ბიზნეს წრეებშიც და ზოგადად მოქალაქეების უმრავლესლობაშიც. არ უნდა დაგვავიწყდეს თავად ჩრიდლოეთ ირლანდიელების და შოტლანდიელების დამოკიდებულებაც. მათი მხრიდან სულ უფრო აქტიურად გაისმის, შესაბამისად, ირლანდიასთან გაერითიანების და დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე რეფერენდუმების ჩატარება. ამ გზით ირლანდიელებიც და შოტლანდიელებიც იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ევროკავშირში დარჩენასა და ხელახლა გაწევრიანებას.

მაშ რაღა რჩება? თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ დიდი ბრიტანეთი უნდა გავიდეს 31 ევროკავშირიდან ოქტომბრამდე. თეორიულად, მყარი არგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, ევროკავშირი შეიძლება იყოს მზად ამ ვადის გახანგრძლივებისთვის, მაგრამ არა უბრალოდ პრობლემის გადავადებისთვის.

ერთი გზა, რომელიც სულ უფრო მკაფიო კონტურებს შეიძენს დროთა განმავლობაში, არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ოპოიზიციურ ლეიბორისტულ პარტიას იმედი აქვს, რომ ამ არჩევნებს მოიგებს და მეორე რეფერენდუმსაც დანიშნავს. თავისი გამოსვლის მთავარ გზავნილში ბორის ჯონსონმა არც ლეიბორისტების ლიდერი ჯერემი კორბინი დაივიწყა: “ჩვენი 4 მთავარი მიზანია: ბრექსიტის განხორციელება, ქვეყნის გაერთიანება, კორბინის დამარცხება და ქვეყნის ენერგეტიკული დამუხტვა”. როგორც ექსპერტები ამბობენ, ბორის ჯონსონი თავისი გამოსვლების მანერით ცდილობს მიბაძოს ლეგენდარულ უინსტონ ჩერჩილს, რის თაობაზეც კრიტიკოსები ამბობენ, სერ უინსტონამდე ბევრი უკლია, გამოსვლებში მიბაძვას, საქმის კეთებაში დაემგვანოს ცოტათი, ის აჯობებსო. ცნობისათვის: ცოტა ხნის წინ ბორის ჯონსონმა უინსტონ ჩერჩილის ბიოგრაფიაზე წიგნიც კი გამოსცა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ BoJo-მ თავისი ჟურნალისტური წარსულიდან და შემდგომ პოლიტიკური კარიერიდან  ნამდვილად გააცნო და დაამახსოვრა თავი ყველას გამონათქვამებითა და გამოსვლებით. ასეა თუ ისე, დღეს ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრია, რამაც ბრიტანელების ნაწილში ოპტიმიზმის ნაპერწკალი გააჩინა, მაგრამ ალბათ უფრო დიდ ნაწილში ფორიაქი და შფოთი გააძლიერა.

ყველაზე ომახიანად ბორის ჯონსონის პრემიერ მინისტრის თანამდეობაზე დანიშვნას აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდა. მის ტვიტში ფაქტიურად იკითხებოდა: “ჩემნაიროო!!!” ))) დამეთანხმებით, რომ გარკვეული მსგავსებები, და არა მხოლოდ ვიზუალაურად, მათ შორის ნამდვილად არის. დონალდ ტრამპმა მხოლოდ მისასალმებელი ტვიტი კი არ შეჰქმნა. ბორის ჯონსონის პრემიერად დანიშვნის შემდეგ და ბრექსიტთან დაკავშირებით პოზიციების დაფიქსირების პროცესში დონალდ ტრამპმა ღიად განაცხადა, რომ ის და ბორის ჯონსონი უკვე მუშაობენ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმებაზე. როგორც ილო ბეროშვილი იტყოდა ასეთ შემთხვევაში, ამის გამო ყველა პროფესორები იყვნენ “ვ შოკე”!

მოკლედ, ტყუილად არ უძახიან დიდ ბრიტანეთს ნისლიან ალბიონს. ალბათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ძლიერი ნისლი ბრიტანეთის თავზე სწორად ახლა ჩამოწვა. ვეღარ გაიგო ხალხმა, საით წავიდნენ ბატონო BoJo.

წინა სტატია

ტანკერული ქრონიკები 2019
22 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

“გადამწვარი” მოსკოვი
05 აგვისტო, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართული სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი“ იწყებს ახალი "პეის ტერმინალის" პროექტს ფოთში
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 10, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა