"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ფინეთის ნატოიზაცია ნატოს ფინლანდიზაციის მაგივრად

პეტრიაშვილი2 (2)

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერი რომ არ იყოს გაცემული, სისასტიკეებს რომ არ სჩადიოდნენ უკრაინაში მისი ბრძანებით მისივე სამხედროები, „ვაგნერის“ მსჯავრდებული და დაქირავებული მებრძოლები, საერთოდ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია რომ არ დაეწყო რუსეთს, ვლადიმირ პუტინი მართლა იმსახურებს ნატოს წლის საუკეთესო „სეილსმენის“, ანუ გამყიდველის სტატუსს. დღემდე ბევრისთვის გამოცანად რჩება, რატომ და რის საფუძველზე გადაწყვიტა პუტინმა, რომ 2021 წლის 17 დეკემბერს იყო სწორი დრო, აშშ-სა და ნატოსთვის წაეყენებინა ულტიმატუმი ნატოს გაფართოების 2008 წლის გადაწყვეტილების გაუქმების და 1997 წლამდე არსებული მდგომარეობით ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების ზომების შემცირების შესახებ (ანუ მოთხოვნა იყო შავი და ბალტიის ზღვის ნატოს წევრი ქვეყნებიდან, აგრეთვე ცენტრალური ევროპიდან ჯარებისა და შეიარაღების გაყვანა). ყველასთვის ხომ ცხადი იყო, მათ შორის თავად რუსეთისთვის, რომ ამ ულტიმატუმს არ მიიღებდა ამერიკის შეერთებული შტატები და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი?! როგორც ჩანს, პუტინს სხვა სადაზვერვო მონაცემები და სხვა დათვლები ჰქონდა. კერძოდ, პუტინის მოლოდინი, რომ ნატოს შიგნით ტრამპის პრეზიდენტობის დროს გაჩენილი უთანხმოებების ნაპრალი კიდევ უფრო გაიზრდებოდა; მისი თავდაჯერებულობა, რომ დასავლეთის და განსაკუთრებით გერმანიის ენერგეტიკულ ნემსზე დამოკიდებულება ვერ გადაილახებოდა; პუტინის სრულიად მცდარი კალკულაცია, რომ უკრაინაში მას ხალხი პურით, მარილით და ყვავილებით ელოდა – ყველა ეს ფაქტორი წარმოადგენს იმ დრამატული, შეიძლება ითქვას, საბედისწერო შეცდომის საფუძველს, რასაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყება წარმოადგენს.

ყველაფერი იმის საპირისპიროდ მოხდა, რაც კი იყო ვლადიმირ პუტინისა და მისი რეჟიმის დაანგარიშებაში. კერძოდ, ნატო აღმოჩნდა ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს; ევროპის კავშირი რეალურად იქცა გეოპოლიტიკურ მოთამაშედ; გასულმა ზამთარმა საერთოდ მოხსნა რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების მრავალწლოვანი ტკივილი. გაზაფხული დაიწყო და გერმანიისა და ევროპის კავშირის ბუნებრივი აირის მარაგები 75%-იან ნიშნულსაც კი არ ჩამოსცდა (ამინდის ღმერთებმაც გადმოხედეს ევროპას); რაც შეეხება შეიარაღებას, ნატოს წევრი სახელმწიფოები სულ უფრო მეტ უსაფრთხოების ზომებს იღებენ ალიანსის წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისა და ტექნიკის მათ ტერიტორიებზე განთავსებით; უკრაინა ისეთ შეიარაღებას იღებს საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომელზეც მანამდე ვერც კი იფიქრებდა, ხოლო ნატოს წევრი ქვეყნები ამ შეიარაღების ნაწილის ნაცვლად იღებენ სუპერთანამედროვე თვითმფრინავებს, ტანკებსა და ჯავშანმანქანებს.

ახლა რაც შეეხება გაფართოებას: 2022 წლის 18 მაისს ისტორიულად ნეიტრალურმა ევროპულმა სახელმწიფოებმა, შვედეთმა და ფინეთმა, ოფიციალურად შეიტანეს ნატოში გაწევრების განაცხადი. ცხადია, ორივე ქვეყნის ნატოში გაწევრებას დიდი მნიშვნელობა აქვს ალიანსის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთიც და ფინეთიც საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობდნენ სამხედრო სფეროში ნატოსთან, მათი სამხედრო თავსებადობა ნატოს წევრ ქვეყნებთან არასდროს წარმოადგენდა პრობლემას, ხოლო დემოკრატიული სტანდარტების თვალსაზრისით, შვედეთიც და ფინეთიც ნატოს წევრი ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას საგრძნობლად უსწრებდნენ, ორივე ქვეყანაში საზოგადოებები არ უჭერდნენ მხარს ნატოში გაწევრებას. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე ფინეთსა და შვედეთში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ნატოში გაწევრების მხარდამჭერთა რიცხვი არ აღემატებოდა 32-35%-ს. რა მოხდა 24 თებერვლის შემდეგ? ორივე ქვეყანაში ფაქტობრივად გაორმაგდა გაწევრების მხარდამჭერთა რაოდენობა. როგორც შვედეთში, ისე ფინეთში ყოველთვის იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ყოველთვის მხარს უჭერდნენ ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმას და ნატოში გაწევრების გადაწყვეტილებას, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პუტინი „დაეხმარებოდა“ მათ ამ მიზნის მიღწევაში.

მე-6 წელია მიყოლებით ფინეთი გაეროს ბედნიერების მსოფლიო ანგარიშის მიხედვით ყველაზე ბედნიერი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს. ფინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს 297 მილიარდ დოლარს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით (53.654 ათასი დოლარი 1 სულ მოსახლეზე 2021 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემებით), ფინეთი ცოტათი უსწრებს გერმანიას და უტოლდება ავსტრიასა და ნიდერლანდებს. ყველაზე სახიფათო მეზობლისგან – რუსეთისგან მას 1250-კილომეტრიანი ზღვარი ყოფს და მიუხედავად იმისა, რომ მათ განსაკუთრებული კეთილმეზობლობა არასდროს ჰქონიათ, ათწლეულების წინ ფინეთმა საბჭოთა კავშირთან დადო შეთანხმება, რომლის მეშვეობითაც ფინეთმა შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება და განვითარების თანამედროვე დონემდე ასვლა, თუმცა ამ შეთანხმებით შეიზღუდა მისი საგარეო პოლიტიკური თავისუფლება და წლების შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობებში გააჩინა ტერმინი ფინლანდიზაცია, რომელიც პატრიოტ ფინელებს არასდროს უყვარდათ და ძალიანაც ეხამუშებოდათ ამ სიტყვის გაგონება. თუმცა ფინეთს ჰქონდა აწყობილი სავაჭრო ურთიერთობები ჯერ საბჭოთა კავშირთან და შემდეგ მის მემკვიდრე რუსეთის ფედერაციასთან; როგორც ევროპის კავშირის წევრ ქვეყანას, არ ჰქონდა რუსეთისგან მომავალი რაიმე საფრთხის განცდა და მიუხედავად ყველაფერ იმისა, რაც ჩაიდინა რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთში, დნესტრისპირეთში, ჩეჩნეთში, შემდეგ ისევ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, ბოლოს კი 2014 წელს უკრაინაში, 2022 წლის 24 თებერვლამდე, როგორც ზემოთ გითხარით, არც კი განიხილავდა სერიოზულად სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრებას.

ფინეთსა და შვედეთს ნატოში გაწევრების გზაზე გარკვეული დაბრკოლებები შეექმნათ თურქეთისა და უნგრეთის ხელისუფლებების მხრიდან. შვედეთის ნატოში გაწევრება ჯერ კიდევ ფერხდება, მაგრამ ფინეთმა პრაქტიკულად ყველა პროცედურა დაასრულა. ჯერ უნგრეთის პარლამენტმა, ხოლო შემდეგ თურქეთის მილი მეჯლისმა მოახდინეს შეთანხმების რატიფიცირება, შესაბამის დოკუმენტებს უკვე მოაწერეს ხელი ორი ქვეყნის მეთაურებმა. ნატოში დამკვიდრებული წესების თანახმად, ახლა ისღა დარჩა, რომ ფინეთი გადასცემს აშშ-ს ნატოში გაწევრების ინსტრუმენტს და ეს უკანასკნელი ოფიციალურად დაადასტურებს ფინეთის ნატოში გაწევრებას.

საინტერესო იყო იმთავითვე რუსეთის რეაქცია. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ფინეთისა და შვედეთის მიერ განაცხადის ოფიციალურად შეტანის შემდეგ აღნიშნა, რომ შვედეთი და ფინეთი დიდი ხანია, დე ფაქტო ალიანსის წევრები არიან და მათი ნატოში გაწევრება განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა საჭიროებისამებრ რუსეთი მიიღებს ფინეთის საზღვრის გაყოლებაზე თავდაცვითი საშუალებების გამაგრების ზომებს. ბუნებრივად ჩნდება ორი კითხვა: რატომ იყო მიუღებელი ბულგარეთში, რუმინეთსა და ბალტიის ქვეყნებში ნატოს სამხედრო ძალების განლაგება და რატომ არ წარმოადგენს საფრთხეს ნატოსთან ახალი 1250-კილომეტრიანი საერთო საზღვრის გაჩენა? სინამდვილეში არც ფინეთის ნატოში გაწევრების და არც ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის შესუსტების მოლოდინი ჰქონია პუტინს. უბრალოდ, მას ჰქონდა გათვლა, რომ უკრაინას სწრაფად დაიპყრობდა, რუსეთისადმი ლოიალურ რეჟიმს დააყენებდა კიევში და ისე განაგრძობდა თანაარსებობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეის რეალიზაციის გზაზე მორიგი აგრესიის განხორციელებამდე.

ძალიან მტკივნეულია, რომ ათასობით მებრძოლმა გაწირა თავი უკრაინისა და ევროპის თავისუფლებისთვის; ათასობით უდანაშაულო ადამიანი შეეწირა რუსეთის აგრესიას, მაგრამ დემოკრატიული სამყაროსთვის და მასთან ერთად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ეს ყველაფერი უკრაინაში ყოველდღიურად ადამიანური მსხვერპლის ფასად ხდება, მაგრამ ისეთ ბედნიერ, ეკონომიკურად და სამხედრო-პოლიტიკურად ძლიერ ქვეყნებშიც კი, როგორებიც ფინეთი და შვედეთი არიან, საზოგადოებები დარწმუნდნენ, რომ რუსეთის პირობებში ნეიტრალური სტატუსი და ევროკავშირის წევრობაც კი არ იძლევა უსაფრთხოების სრულფასოვან გარანტიას. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ვინც პერიოდულად ლექციებს უკითხავს ახალგაზრდებს ნატოში გაწევრების მნიშვნელობასა და ნეიტრალური სტატუსის ჩვენთვის მიზანშეუწონლობის შესახებ, ყველაზე ძლიერი არგუმენტი, გნებავთ „ქეის სთადი“ სწორედ ფინეთმა და შვედეთმა შექმნა. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში შვედეთიც მიაღწევს თავის მიზანს და გადაილახება თურქეთთან არსებული ყველა დაბრკოლება, ფინეთი კი ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წევრი გახდება და მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანაც კარგა ხანს იქნება.

გააზიარე