“გადამწვარი” მოსკოვი

იწვის ტაიგა! ცეცხლის ალშია მილიონობით ჰექტარი ტაიგაში. როგორც ექსპერტები ამბობენ, დამწვარი ტყეების აღდგენას 1 საუკუნე მაინც დაჭირდება. სამაგიეროდ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ხანძრის ჩაქრობას აზრი არ აქვს, ვინაიდან ეს უფრო ძვირი იქნება, ვიდრე სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზარალი. ბოლოს ასეთი მასშტაბის “ადექვატურ” განცხადება ჩვენი ერთ-ერთი რეგიონის სხარტი საჯარო მოხელისგან გავიგე, რომელმაც განაცხადა, რომ ფერიცვალების მერე ამინდი შეიცვლება, წვიმები წამოვა და წყლის მარაგები შეივსებაო. მართლაც, რომ ტოლს არ უდებენ არავის ჩვენი “ჩინოვნიკები”!

ბოლო-ბოლო, მაინც მიაღწია კვამლმა მოსკოვამდე და ქვეყნის ხელმძღვანელობამ გაძლიერებული სამხედრო-საჰაერო დაჯგუფება მიავლინა მეხანძრეების დასახმარებლად. ამ დროს, კვამლი და ცეცხლის ალი მოსკოვს თავისიც არ აკლია. ოპოზიციის პროტესტი მოსკოვის საქალაქო დუმაში სექტემბერში დანიშნულ არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატებისთვის უარის თქმაზე 2000-იანების დასაწყისში გამართული საპროტესტო აქციებზე უფრო მასშტაბურია. როგორც ჩანს, ციმბირისგან განსხვავებით, ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში პირიქით ჩათვალა, რომ ჯობია დროულად ცეცხლის ჩაქრობა, თორემ ნაპერწკალისგან აალების მწარე გამოცდილებით შეიძლება ტაიგაც და თეთრი დათვებიც უკან დარჩეთ და “თეთრი გედებიც” სანატრელი გაუხდეთ.

რამ შეაშინა ვლადიმერ ყოვლისშემძლე? რატომ “წავიდა ფსკერზე” 27 ივლისს და რატომ იჭერს ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს ყოველ “უიქ-ენდზე”? (წავიდა ის დრო, ახალგაზრდა ნიკიტა მიხალკოვის ჰიტს რომ ღიღინებდა ხალხი “მე დაავდივარ, დავაბიჯებ მოსკოვში”. მაგისთვის, ანუ მოსკოვის ცენტრში სიარულისთვის იჭერენ ბატონო ხალხს!) განა რა საფრთხეა ასეთი მისთვის ფერიასავით მოფარფატე და შიმშილობისგან ღონმიხდილი ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი? რატომ ებრძვის ოფიციალური მოსკოვი (ბუნებრივია არ ვგულისხმობთ მხოლოდ მის მერს სობიანინს) საკუთარ ხალხს, დიდს და პატარას, კაცს და ქალს?

იმიტომ, რომ ტაიგაზე უფრო ადრე და მაგრად თავად ოფიციალური მოსკოვი გადაიწვა.

გადაიწვა გამეფებული კორუფციის გამო. რა გაგიკვირდათ ხალხო, ჩვენთან თავდაცვის ყოფილი მინისტრები რომ ფლობენ და ხსნიან ტელევიზიებს? რუსეთში თავდაცვის მინისტრის ყოფილი პირადი ბორტგამცილებლები იგებენ მრავალმილიონიან ტენდერებს და ფლობენ მილიონიან ქონებებსა და საბანკო ანგარიშებს. პრეზიდენტის პირად შეფ-მზაურელზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ. სულ სხვა დონეა!

გადაიწვა ძალოვანი სტრუქტურების კლონირების და მათი არნახულ დონემდე აღზევების გამო. გეგონება ბევრი ქართველისთვის ავადმოსაგონარი “მასკოვსკაია მილიცია” არ იყოს საკმარისი მოსკოვის ცენტრალურ ქუჩებში მშვიდობიანად მოსიარულე მოქალაქეების დასარბევად, როსგვარდიაც საოცარი მონდომებით იჭერს ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს, სცემს მათ და თავს იწონებს ამით.

გადაიწვა მაჩო კაცის იმიჯიც, რომელმაც წლების მანძილზე უდავოდ წარმატებულად იმუშავა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ისე, კიდევ საკითხავია, სად უფრო მეტად იმუშავა, რუსულ “გლუბინკაში” თუ დემოკრატიული თანამეგობრობის გავლენიან წრეებსა და ინსტიტუციებში.

გადაიწვა დაუსჯელობისა და თავგასულობის გამოც. სათავისოდ, შინაურულად, ვიწროში მოქუჩებულად უსაზღვრო გამდიდრება, გავლენების მოპოვება და “სილოვიკების” სისტემაზე მთლიანად დაყრდნობა, არასასურველი და უხერხული პიროვნებების, პოლიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების, ფიზიკური მოშორება არ ნიშნავს პრობლემების მოგვარებას და მითუმეტეს ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას. 

მოკლედ, მოსკოვი, თავისი რეპრესიული პოლიტიკით, ავტორიტარული მმართველობით, კორუფციული სისტემის უსასრულო ყვავილობით, თავის მაჩო კაცით და მთელი მისი კაგებესდროინდელი “პიტერსკი” საძმო-აპარატით ბოლო-ბოლო გადაიწვა. ამას ათვითცნობიერებენ მოსკოვშიც, მ.შ. ოფიციალურ მოსკოვშიც. შეიძლება ამას შეიძლება ჯერ ვერ ხვდებოდნენ აქ, მისი იდუმალი თუ გამოაშკარავებული, ბოტი და დასპონსორებული ფანები საქართველოში, რომლებიც აუცილებლად იტყვიან, გადამწვარი ის კი არა, შენ ხარ, ეგრე იყოს ნეტა ყველაო. ნახე, რა მაგრადაა მთელ მსოფლიოში (განსაკთრებით საოცარია, როდესაც მის წარმატებებს შორის პირველს სირიაში რუსეთის წარმატებულ პოზიციონირებას ასახელებენ. სირიელი ხალხის სისხლი ასადის ხელებზე უფრო მეტია თუ პუტინის, ამას მომავალში საერთაშორისო ტრიბუნალი გაარკვევს). ყველა მაგას ეფერება, ყველას მასთან ურთიერთობის დამყარება/აღდგენა უნდა და ჩვენ რატომ უნდა გვიხაროდეს მისი ცუდიო.

მე პირადად მოსკოვის ოკუპანტური რეჟიმის სწრაფად დასრულება და დემოკრატიული ძალების სათავეში მოსვლა ნამდვილად ძალიან გამიხარდება, მაგრამ საქმე ჩემს სიხარულსა და მოწონებაში ნამდვილად არ არის. რეალობა დადგა ასეთი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ევროპის საბჭოში 77 მილიონ ევროდ დაბრუნდა; მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ამჟამინდელ პრეზიდენტს მასთან შეხვედრები, ტელეფონით საუბრები და მჭიდრო კონტაქტები კვლავინდებურად უნდა (ევროსაბჭოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, აშშ-ს შემთხვევაში ნამდვილად შეიძლება პრაგმატიზმის და სტრატეგიული ხედვის ნიშნების დანახვა); მიუხედავად იმისა, რომ აქა-იქ ევროპის წამყვან დედაქალაქებში სკანდალური გარიგებების დადების მცდელობების დეტალები აშკარავდება, ვლადიმერ პუტინთან და მის რუსეთთან სრულფასოვნად, თანასწორად და თუ გნებავთ გამოსაჩენადაც ურთიერთობა აღარავის უნდა. პრაქტიკულად ყველა ჩამოყალიბებულია დასავლეთში, რომ ვიდრე ვლადიმერ პუტინი არ შეიცვლება, აღარავითარ ურთიერთობების გადატვირთვაზე და მითუმეტეს გლობალური თუ რეგიონული საკითხების მოგვარებაში რაიმე გარღვევაზე საუბარი ზედმეტი იქნება. 2 აგვისტოს შემდეგ, როდესაც რუსეთი ოფიციალურად გავიდა 1987 წელს დადებული ბირთვული შეიარაღების შეიარაღებიდან, ეს რეალობა კიდევ უფრო თვალნათელი და ხელშესახები გახდა. ცხადია, რომ “ვარსკვლავურ ომებში”, შეიარაღების სრბოლაში აშშ-სთან რუსეთი, ისევე როგორც საბჭოთა კავშირი,  კვლავ დამარცხდება. ჩინეთის ქვეშ ვასალობა კი ნამდვილად გულზე არავის ეხატება, მ.შ. ოფიციალურ მოსკოვშიც, რომლის სტრატეგიული დედმამიშვილური ურთიერთობები ბეიჟინთან უფრო საჭიროებაა, ვიდრე რეალობა. ამიტომაც, მართალია, ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, არის მხოლოდ დიდი გამოღვიძება და არა ცეცხლის ნაპერწკლიდან აალება, მაგრამ ნამდვილად შეიძლება ითქვას: “გადამწვარ” მოსკოვში ცვლილებების დრო ახლო მომავალში აუცილებლად დადგება.

წინა სტატია

საით წავიდეთ ბატონო BoJo?
29 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

10 კითხვა, რომელიც უნდა დასვა რესტორნის გახსნამდე
07 აგვისტო, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართული სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი“ იწყებს ახალი "პეის ტერმინალის" პროექტს ფოთში
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 10, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა