უმცირესობის სახელით

შევეცდები, სტატია პოპულარული ენით დავწერო, რადგანაც აქ განხილული საკითხი მხოლოდ სამართალმცოდნეების თავსატეხი არ არის, ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება, მათ შორის სახელმწიფოსა და მის წარმატებულ სამეწარმეო მომავალს.

დავიწყოთ კონსტიტუციით, რომელიც ადგენს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას (საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და ამით აღიარებს მეწარმეობის სასიცოცხლო როლს ეკონომიკის განვითარების, დასაქმების, სოციალური პასუხისმგებლობისა და საჯარო წესრიგის განმტკიცების საქმეში.

“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი ხორცს ასხამს კონსტიტუციით აღიარებულ სახელმწიფოს ზემოაღნიშნულ ფუნქციას და ადგენს მეწარმეობის განხორციელების, მართვის, კონტროლისა და უფლებების დაცვის წესებს. მეწარმეობით დაკავებული ნებისმიერი პირი თანაბარია თავის უფლებებში იმ პირობით, რომ ეს უფლება პროპორციულია მეწარმეობაში განხორციელებული ინვესტიციის ოდენობის, გაწეული რისკისა და მონაწილეობის.

მეწარმეობის განვითარების მსოფლმხედველობრივი საყრდენი სწორედ ისაა, რომ მეტი საფინანსო რისკის გამწევს – მეტი სარგებელი; მეტი კაპიტალის ინვესტორს – მეტი სიკეთე ; მეტი თანხის დამხარჯავს მეტი დივიდენდი ეკუთვნის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეწარმეობას განვითარების სტიმული დაეკარგება, ინვესტირებას საფუძველი გამოეცლება და საფრთხე შეექმნება სამეწარმეო საჯარო წესრიგს.

რაც ზემოთ ვთქვით, იმის საწინააღმდეგო თამაშის წესებს ადგენს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 52 პუნქტი. ეს დებულება ეწინააღმდეგება სამეწარმეო სამართლის არსსა და პრინციპებს, ქმნის მნიშვნელოვან დაბრკოლებას სამეწარმეო საზოგადოებების ეკონომიკური განვითარების კუთხით, ხელს უშლის საქართველოში კაპიტალის შემოდინებას. საკმარისზე მეტი საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ ის საქართველოს კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება.

აი, რა წერია ამ მუხლში: “თუ წესდების/ პარტნიორთა შეთანხმების ცვლილება აუქმებს პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას, ან მას ისეთ ვალდებულებას აკისრებს, რომელიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მის რეგისტრირებულ უფლებაზე, პარტნიორის თანხმობის გარეშე ამგვარი ცვლილების შეტანა დაუშვებელია”. ამ შინაარსის, ან ანალოგიური შემადგენლობის დებულება არასდროს ყოფილა საქართველოს კანონმდებლობაში 2012 წლის მაისამდე – თარიღი, როდესაც ეს ჩანაწერი კანონში გაჩნდა.

იურისტები დაინტერესდნენ და მოიძიეს კანონის ამ ნორმის შემოტანის დასაბუთებაც, მაგრამ მან ვერაფერი გვითხრა კანონის ცვლილების რეალურ მიზანსა და ამოცანაზე. გამიკვირდებოდა რაიმე ლოგიკასთან მიახლოებული დათქმები მაინც აღმოეჩინათ. შესაბამისი კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არაფრის მთქმელია, რაც არც არის გასაკვირი, რადგანაც შეუძლებელია, სამეწარმეო სამართლის განვითარებისათვის დაასაბუთო ის, რაც ამ განვითარებას აფერხებს და ხელს უშლის.

ერთი შეხედვით სამეწარმეო სუბიექტის პარტნიორის ინტერესების დასაცავად ლამაზად ჩამოყალიბებული სამართლებრივი ნორმა, რეალურად, ამ პარტნიორის ინტერესების საზიანოდ ამოქმედდა, შეაფერხა თვით სამეწარმეო სუბიექტის საქმიანობაც, ხელი შეუშალა მეწარმეობის განვითარებას და, პირიქით, ხელი შეუწყო სამეწარმეო სუბიექტის პარტნიორთა შორის არაპარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

საზოგადოების პარტნიორის ერთადერთი რეგისტრირებული უფლება არის წილი. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 52 პუნქტის სულისკვეთებიდან გამომდინარე, პარტნიორის წილი ვერც გაიზრდება და ვერც შემცირდება მისი თანხმობის გარეშე, მაშასადამე, უმცირესობაში მყოფ პარტნიორს (მინორიტარს) აქვს აბსოლუტური ვეტოს უფლება საწარმოს საფინანსო საკითხებზე, საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ცვლილების ჩათვლით.

სამეწარმეო სამართლის ქვაკუთხედია ფუნდამენტური დებულება, რომ კაპიტალურ საზოგადოებებში, ყოველი პარტნიორის უფლება, როგორც წესი, განისაზღვრება და პირდაპირპროპორციულია საზოგადოებაში მისი შენატანის ოდენობისა. ამ ფუნდამენტური პრინციპის საწინააღმდეგო დებულებაა კანონის მე-3 მუხლის 52 პუნქტი, რომლის თანახმადაც, საზოგადოების საწესდებო კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში, იმ პარტნიორის კუთვნილი წილის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც არ განახორციელებს დამატებით შენატანს და არ დაეთანხმება საწესდებო კაპიტალის გაზრდას, არ შეიძლება შეიცვალოს (შემცირდეს) თვით ამ პარტნიორის თანხმობის გარეშე. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ უმცირესი წილის მფლობელი პარტნიორის წინააღმდეგობის პირობებში, საზოგადოება არ და ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საწესდებო კაპიტალის გაზრდის თაობაზე, რაც ეწინააღმდეგება მეწარმეობის არსს და გაუმართლებელ ბარიერს ქმნის მეწარმე სუბიექტებისათვის.

ძნელია წარმოვიდგინოთ ინვესტორი, რომელიც საქართველოში ფულს დააბანდებს იმ პირობით, რომ მხოლოდ მან განახორციელოს საზოგადოების კაპიტალში ფინანსების მობილიზება, ხოლო უმცირესობაში მყოფი სხვა პარტნიორები, მათი მხრიდან ახალი შენატანების განხორციელების გარეშე, მაინც იმდენ სარგებელს მიიღებენ, რამდენსაც იღებდნენ ამ ინვესტორის ბიზნესში შემოსვლამდე.

რას სთავაზობს “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-3 მუხლის 52 პუნქტი ინვესტორებს თუ სამეწარმეო სუბიექტის კაპიტალში უმეტესი წილის მფლობელ არსებულ მეწილეებს? არჩევანი სულ სამია: (1) მათ, უბრალოდ, უნდა “არჩინონ” მინორიტარები, მხოლოდ თავად მოიზიდონ კაპიტალი, მაგრამ გარანტირებული დივიდენდი მაინც უხადონ მინორიტარებს, რადგანაც მინორიტარების რეგისტრირებული წილის პროცენტული მაჩვენებლის ხელის ხლება აკრძალულია (2) უარი თქვან პარტნიორებზე და დააფუძნონ ისეთი სამეწარმეო სუბიექტები, სადაც მხოლოდ თავად იქნებიან სრული წილის მფლობელები; (3) სამეწარმეო სუბიექტთან კაპიტალური შენატანების განხორციელების ურთიერთობიდან გადავიდნენ სასესხო ურთიერთობაზე, რის უზრუნველსაყოფადაც სამართლებრივი ტვირთი თავად სამეწარმეო სუბიექტის ქონებას დააწვება. ვიყოთ რეალისტები, არჩევანი მხოლოდ ორია: არავითარი პარტნიორი საქმეში ან არავითარი ინვესტიცია – მხოლოდ სესხი. რაიმე ტიპის რეალური შენატანები საწესდებო კაპიტალში – დაივიწყეთ!

საღი აზრი, რასაკვირველია, დომინირებს – ბიზნესმენის გამჭრიახმა გონებამ უმალ იპოვა საუკეთესო გამოსავალი და ინვესტორმა/ წილის უმეტესი ნაწილის მფლობელმა პარტნიორმა თავისივე სამეწარმეო სუბიექტთან ურთიერთობა დააფუძნა მხოლოდ სესხის მიცემაზე, სანაცვლოდ კი, იპოთეკითა თუ გირავნობით დატვირთა კომპანიის ქონება. სამეწარმეო სუბიექტს დამატებით საფინანსო ტვირთად დააწვა სესხად ქცეული ის თანხა, რაც სამეწარმეო სუბიექტის კაპიტალში პარტნიორის შენატანი შეიძლებოდა ყოფილიყო (რასაც რაიმე გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი არ მოჰყვებოდა). ამგვარად, სესხის გასტუმრების ვადის დადგომისას, კომპანიის სათანადო ფინანსების არარსებობის შემთხვევაში, ინვესტორი თავის მოთხოვნებს სამეწარმეო სუბიექტის ქონებით დაიკმაყოფილებს და მინორიტარ მეწილეებს შერჩებათ თავიანთი წილი ისეთ კომპანიაში, რომელსაც შესაძლებელია, საქმიანობისთვის საჭირო ქონებაც კი აღარ გააჩნდეს.

მეწარმეობის განვითარების ცალსახად შემაფერხებელი, ვითომ მინორიტარი პარტნიორების ინტერესების დაცვის მიზნით შემოღებული სამართლებრივი ნორმა თვით ამ მინორიტარებს შემოუბრუნდათ საზიანოდ და სამეწარმეო სუბიექტის კაპიტალში მათი მონაწილეობის ღირებულება რეალური საფრთხის წინაშე დადგა. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ხედვას. სამწუხაროდ, კანონპროექტი, რომელიც “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-3 მუხლის 52 პუნქტის ამოღებას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტში აქამდე თაროზეა შემოდებული.

იმედის მომცემია თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე, რითაც იმგვარად განიმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-3 მუხლის 52 პუნქტი, რომ თვით ამ კანონის არსებობას, მეწარმეობის განვითარებას, პარტნიორობას ბიზნესში კვლავ დარჩა აზრი. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მანამ, სანამ პარტნიორის უფლება პროპორციულია კომპანიის კაპიტალში მისი შენატანის და ეს შენატანი ხელუხლებელია, ხოლო სამეწარმეო სუბიექტის კაპიტალის გაზრდა დასაბუთებულია, მაშინ პარტნიორის წილის პროცენტული გამოხატულების გადათამაშება მხოლოდ არითმეტიკაა და პარტნიორის უფლების დარღვევასთან, მისთვის ისეთი ვალდებულების დაკისრებასთან, რაც გავლენას მოახდენს წილზე, საქმე არ გვაქვს.

“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი ნათლად, ცხადად და საკმარისად იცავს უმცირესობაში მყოფი პარტნიორების უფლებებს და რაიმე ახალი, ხელოვნური, ვითომ მინორიტარების დაცვაზე ორიენტირებული, დაუსაბუთებელი, ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი რეგულაციის შემოტანა ყოვლად გაუმართლებელი იყო და ეს რეგულაცია უნდა გაუქმდეს, ან იმგვარად განიმარტოს, როგორც ამას მეწარმეობის არსი, მიზანი, სულისკვეთება და პრინციპები მოითხოვს, და რადგანაც საქართველოს პარლამენტი ჯერჯერობით არ ცვლის “მეწარმეთა შესახებ” კანონს, ახლა ბოლო იმედი მხოლოდ სასამართლოა.

წინა სტატია

თებერვალში უცხოური ვალუტის რეზერვები 21 მილიონი დოლარით შემცირდა
07 მარტი, 2016

შემდეგი სტატია

08 მარტი, 2016
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა