GAUღე ცოდნას კარი

ამერიკელმა თავგადასავლების მოყვარულმა სიახლეების ძიებაში საქართველო აღმოაჩინა. რ. მაიკლ ქაუგილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი და დამფუძნებელია. პარალელურად ის ამერიკის სავაჭრო პალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პირველი უცხოელია, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმასრულებელ წევრად აირჩიეს.

“ჩემი წითელი კალმის ყველას ეშინია”, – ამბობს რ. მაიკლ ქაუგილი.გამომცემლის ოჯახში გაზრდილი ამერიკელი ბიზნესმენისთვის პრესა მშობლიური სფეროა. “თინეიჯერი რედაქტორი ვიყავი”, – სიამაყით იხსენებს ჩემი სტუმარი. მამის მიერ დაარსებული გაზეთი Milan Standard-ი მისურის შტატის პატარა ქალაქში დღესაც გამოდის. უმცროსი ქაუგილი კი კარიერას 9970.61 კილომეტრის მოშორებით, თბილისში განაგრძობს.

ინტერვიუსთვის დივანზე კომფორტულად მოკალათდა, კაბინეტურ სტილს თავისუფალი ფორმატი არჩია. ყველაფერი, რაც GAU-ს პრეზიდენტთან ასოციირდება, ქართულ-ამერიკულია – უნივერსიტეტით დაწყებული და მოქალაქეობით დამთავრებული. ორი სათაური საჭიროა. ცნობილი ქართული ფილმისგან განსხვავებით, აქ დასავლური მენეჯმენტია, თუმცა ტიანშანი ანუ დაუჯერებელი ამბავი ნამდვილად არის. GAU-ს ისტორია 2001 წელს MBA პროექტის სახით დაიწყო: “საწყისი კაპიტალი მიზერული იყო, იმდენად მცირე, რომ ჰარვარდის სასწავლო პროგრამის ქეისადაც კი გამოდგებოდა. დამფუძნებლებმა ჩადებული ინვესტიცია პირველი 2-3 წლის განმავლობაში დავიბრუნეთ, კომპანიის დღევანდელი EBITDA კი უკვე 100-ჯერაა გაზრდილი”, – ამბობს მაიკლ ქაუგილი.

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დღეს უკვე ოთხი სკოლაა: ბიზნესსკოლა, სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლა, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა. უნივერსიტეტმა ლოკაცია რამდენჯერმე შეიცვალა, 2011 წელს აუქციონზე შეიძინა ალექსიძის N8-ში მდებარე ყოფილი სეისმოლოგიისა და გეოგრაფიის ინსტიტუტის შენობა. 2013 წელს ამერიკული ფონდისგან – OPIC-გან მიიღო $3.5 მილიონიანი ინვესტიცია და შენობა OPIC-ის სტანდარტების შესაბამისად დააპროექტა და გაარემონტა.

თავდაპირველად, ატლანტის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, საქართველოში დაბრუნებული ელენე ჯამარჯაშვილის პროექტის მიხედვით უნდა შექმნილიყო სამართლის სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგაც მსმენელები სამართლის დოქტორისა (JD) და სამართლის ბაკალავრის (LLB) წოდებებს მიიღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ GAU-ს მიმართ თავიდანვე იყო ბიზნესინტერესი, საკმაოდ რთული მოსაძიებელი აღმოჩნდა ისეთი ინვესტორი, რომელიც დააკმაყოფილებდა უნივერსიტეტის კრიტერიუმებს – დასავლურ სტანდარტს და აბსოლუტურ გამჭვირვალობას. ამიტომ მაიკლ ქაუგილმა გადაწყვიტა, წამოწყებაში საკუთარი ფულიც დიდი პროპორციით დაებანდებინა.

“პროექტით დავინტერესდი, რადგან წარმატებისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი ხელთ გვქონდა. თუმცა, ცვლილებები შევიტანეთ და ბიზნესის სკოლა გავხსენით”, – აღნიშნავს ამერიკელი ანტრეპრენიორი. კითხვაზე, თუ რა არის GAU-ს მთავარი ამერიკული მახასიათებლები, ბატონი ქაუგილი სამ ძირითად ასპექტს ასახელებს: მფლობელობა, კურიკულუმი და მმართველობა. ქართულ- ამერიკულ უნივერსიტეტს 11 მფლობელი ჰყავს, მათ შორის ერთი მეწილე იურიდიული პირია. დამფუძნებელთა უმეტესობა უშუალოდ ხელმძღვანელობს უნივერსიტეტს.

დაფუძნების დღიდან პრინციპი უცვლელია: GAU იმართება როგორც ბიზნესი, რომელიც ორიენტირებულია უმაღლესი განათლების უმაღლეს ხარისხზე. “ჩვენს წარმატებას განაპირობებს ძლიერი მენეჯმენტი და მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა – ლექტორთა და თანამშრომელთა – გუნდი; კეთილსინდისიერი და სოციალურად პასუხისმგებელი ფისკალური პოლიტიკა,– განმარტავს დამფუძნებელი. – GAU მუდამ ითვალისწინებს კლიენტების, პარტნიორი ორგანიზაციების მოთხოვნებსა და საჭიროებებს, აქტიურად ზრუნავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ეფექტიან დასაქმებაზე მარკეტინგული და კარიერული მომსახურების სფეროში”.

განათლების ინდუსტრია გამოწვევების სიმცირეს არ უჩივის. კონკურენციის დონე ძალიან მაღალია: “საქართველოში დაახლოებით 25 000 სტუდენტი გვყავს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში 40 000-მდე ადგილი გვაქვს”,– ამბობს მაიკლ ქაუგილი. მდგომარეობას ართულებს სახელწიფო უნივერსიტეტებში უფასო ფაკულტეტების შექმნა. რასაკვირველია, ამერიკული უნივერსიტეტებიდან სტუდენტების საქართველოში მოზიდვაც არ არის იოლი საქმე. “სურვილი ხშირ შემთხვევაში ცალმხრივია. ამერიკელი სტუდენტების დათანხმება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაზე რთულია. ამჟამად წარმატებულად ვახორციელებთ პროექტს ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიასთან. წელს უკვე კადეტების მეორე ჯგუფს ვუმასპინძლეთ”, – აღნიშნავს GAU-ს დამფუძნებელი. ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად იგი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ასახელებს: “რაც ყველას გვეხება, ეს ლარის გაცვლითი კურსია, ბევრ ჩვენგანს აქვს სესხი დოლარში და ეს ყველა სფეროს აზარალებს. GAU-ს სწავლის გადასახადი ფიქსირებულია ლარში და თუ რაიმე ცვლილებებია ამ მხრივ, მხოლოდ აბიტურიენტების სასარგებლოდ”.

საქართველოს კერძო უნივერსიტეტებში ბაკალავრიატის სწავლის წლიური საფასური საშუალოდ 3,000- 7,000 ლარია. გადასახადის დაფარვაში სტუდენტებს ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შესაბამისი ქულების მიხედვით სახელმწიფო ეხმარება, თავის მხრივ, სასწავლებლებშიც მოქმედებს ფასდაკლების პრაქტიკა. GAU ცდილობს, აბიტურიენტებისთვის ბიუჯეტური თვალსაზრისითაც მეტად მიმზიდველი იყოს: ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად, სწავლა უფრო ხელმისაწვდომი გახდა. წელს ამოქმედდა გადახდის მოქნილი სისტემა და GAUგრანტი.

დღეისათვის GAU-ს უკვე 3,000 კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც, მაიკლ ქაუგილის თქმით, უნივერსიტეტისა და ქვეყნის “ელჩები” არიან საზღვარგარეთ. ამგვარი “ელჩობა” მისთვისაც არ უნდა იყოს უცხო საქმე: “მისურის უნივერსიტეტში ელექტროინჟინერიაზე სწავლა მეორე სემეტრიდან მივატოვე, ინდონეზიაში გავემგზავრე და მუშაობა Bechtel-ში დავიწყე – სამყაროს ნახვა მსურდა”. ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილეს სამშენებლო და სამოქალაქო ინჟინერიის კორპორაციაში ორი წლის წარმატებული მუშაობის შემდეგ ახალგაზრდა ქაუგილი კვლავ სწავლას დაუბრუნდა, თუმცა ამჯერად მექანიკური ინჟინერია არჩია. ბაკალავრის ხარისხი კანზასის უნივერსიტეტში მიიღო, შემდეგ კი კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის მაგისტრი გახდა: “სამაგისტრო პროგრამისთვის ღამე ვემზადებოდი, სწავლის პარალელურად დღისით Bechtel-ის სათავო ოფისში ვმუშაობდი”.

ინჟინერიამ ჩამოიყვანა ამერიკელი “მარკშეიდერი” საქართველოში. 18 წლის წინ მან აქ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტებზე დაიწყო მუშაობა, თუმცა ამერიკელ ბიზნესმენს ჩვენს ქვეყანასთან საქმეზე ბევრად მეტი აკავშირებს – მას აქ 9 წლის ანა მარი ციციშვილი- ქაუგილი ჰყავს (უფროსი ვაჟები პირველი ქორწინებიდან – 32 წლის გრაემ და 30 წლის რობი ქაუგილები კი შვილებთან ერთად ამერიკაში ცხოვრობენ).

GAU-ს პრეზიდენტის კაბინეტში ჩემი ყურადღება ერთმა ნახატმა მიიქცია. ზაალ სულაკაურის მიერ შესრულებულ შარჟზე ამერიკული ნავია დახატული საქართველოს დროშის იალქნებით. ჩემი სტუმარი ამბობს, რომ სწავლა GAU-ში წარმატებული დასაქმების გარანტიაა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე: “ჩვენი კლიენტები არიან ორგანიზაციები, სახელმწიფო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორი, პოტენციური დამსაქმებლები და სწორედ მათი მოთხოვნების შესაბამისი განათლება უნდა მივცეთ ახალგაზრდებს”. კურსდამთავრებულთა წარმატებული კარიერით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, გეგმა საუცხოოდ მუშაობს.

წინა სტატია

რატომ მყარდება ლარი?
15 მარტი, 2016

შემდეგი სტატია

პროგრესის ახალი სახე
17 მარტი, 2016
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | აპრ, 15, 2019
ქართული ბიზნესი ნოტრ-დამის აღდგენაში გეგმავს მონაწილეობას
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 16, 2019
კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა