კარგი ჰაერი

არგენტინის დედაქალაქის, ბუენოს-აირესის პირდაპირი თარგმანი “კარგი ჰაერია”. ამ ჰაერის ჩასასუნთქად 30-საათიანი ფრენა ნამდვილად ღირს. ჰაერს მართლაც არა უშავს, მაგრამ ნესტოებს მხოლოდ ჰაერი არ დაგიბერავთ და სისხლს მხოლოდ ტანგო არ აგიჩქროლებთ. 

ბუენოს-აირესს სამხრეთამერიკულ პარიზს უწოდებენ და მესმის, რატომაც. მოსახლეობით საქართველოზე ოდნავ მცირე ქალაქში დახვეწილობა და ბოჰემური უცერემონიობა ერთმანეთს ისე შეეწყვნენ, როგორც ტანგოს მოცეკვავეები. მის სულში წვდომის მცდელობა მოგზაურობის ყველაზე მომაჯადოებელი ნაწილია. მარლენ დიტრიხი ალბათ საკმაოდ ახლოს იყო ამოხსნასთან, როცა თქვა: ლათინოსები მედიდური ენთუზიასტები არიან. ბრაზილიაში ისინი ყვავილებს შეგაგებებენ, არგენტინაში კი საკუთარ თავსო.

“ჩვენ შუალედური არაფერი გვაქვს. ჩვენ ან გვიყვარს, ან გვეზიზღება”, – მითხრა ერთმა ახალგაზრდა პორტენიომ – როგორც ამ საპორტო ქალაქის ბინადრები საკუთარ თავს უწოდებენ. მისი არასერიოზულობის არაჯანსაღი დოზა და გულანთებულობა შეიძლება რიგით გრინგოს უცნაურად ეჩვენოს, მაგრამ ნამდვილად არ გეუცხოებათ ქართველ “ელ მუჩაჩოებს” (შოთა პორტუგალიურად ისეთ რამეს ნიშნავს, მიმოყვრეს და სიცილის პირველი ტალღის შემდეგ შემითანხმდნენ, რომ ამიერიდან ასე მომმართავდნენ, ამიტომ ბრაზილიის მიმდებარე ტერიტორიებზე ელ მუჩაჩოდ მიცნობდეთ). როცა მთელი ცხოვრების განმავლობაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ მორევებში ცურავ, სახასიათო თვისებად იქცევა ამტანობა და მოქნილობა – უნარი, მოეშვა და დაისვენო თვითგადარჩენისთვის ძალისხმევის დროსაც კი. საქართველოს მსგავსად, არგენტინელთა უახლესი ისტორიაც არაპროგნოზირებადი ეკონომიკური გარემოსა და განმეორებადი კრიზისების ნოსტალგიური სიმღერაა. თუმცა ნუ დავუკარგავთ უპირატესობას – ცხოვრების გაძვირებასა და ინფლაციის ტემპში გვაჯობეს.

ზედმეტად მუქ ფერებში დავხატე. თავიდან ვცადოთ (პატიოსნად მოვიხადოთ ვალი ჩვენი Forbes-ის ბიზნესფორმატის წინაშე, სანამ სილამაზის ჭეშმარიტ ღმერთზე დაგელაპარაკებოდეთ): არგენტინა რესურსებით დახუნძლულია, ლათინურ ამერიკაში მესამე უმდიდრესი ქვეყანაა, ხოლო მისი საშუალო ფენა – მოსახლეობის 40% – სამხრეთ ამერიკაში პროპორციულად უდიდესია და რეგიონში ყველაზე მაღალანაზღაურებადიც.

მაგრამ უკეთესი დროებიც ახსოვთ. მეოცე საუკუნის დასაწყისში ქვეყანას მსოფლიოში მეშვიდე უდიდესი ეკონომიკა ჰქონდა. ოქროს ხანას ნელი და მეთოდური ჩამოქვეითება მოჰყვა, შუალედში – მემარცხენე პოპულიზმი და სამხედრო რეჟიმები, რაც, საბოლოოდ, 2001 წელს დეფოლტით დაგვირგვინდა. ათწლეულების განმავლობაში იზრდებოდა ინფლაცია – 2013 წელს, სკეპტიკოსი ეკონომისტების გათვლით, 25%-საც კი მიუახლოვდა ოფიციალური 10%-ის საპირისპიროდ, რაც სტატისტიკით მანიპულირების თაობაზე მხურვალე საჯარო დებატების საფუძველი გახდა. თუმცა ამ “შოკუნიების” მიუხედავად, არგენტინა დღეს მსოფლიოს 20 უდიდესი ეკონომიკის რიცხვშია.

დღეს ყველაზე მძვინვარე პრობლემად კორუფცია რჩება. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” 2014 წლის შეფასებით, ამ ნიშნით არგენტინა 175 ქვეყნიდან 107-ე ადგილს იკავებს. მოდი, გულწრფელი ვიქნები, დაჟინებით მტკიცებას არ მოვყვები, რომ ტურისტებს ეს უკანასკნელი მახასიათებელი უფრო განანებთ, ვიდრე გარგებთ. აი, ბიზნესის წამოწყების მსურველთ იმავენაირად ვერ დაგიყვავებთ. მოკლედ, ავიღოთ შევარდნაძის საქართველო, გავამრავლოთ მისი 25-წლიანი განვითარება 4-ზე, დავუმატოთ მზე, ავიყვანოთ ფერების კვადრატში და ფესვში ჩავუსვათ ბუნებრივი წიაღისეული. მივიღებთ არგენტინას.

სიტუაციამ შემობრუნება დაიწყო, როცა არგენტინელებმა მაურიციო მაკრი აირჩიეს, რომელმაც მთავრობა ეფექტიანი ეკონომიკური გუნდით დააკომპლექტა.

“შეიქმნა მითი, რომ თუ არ ხარ პერონისტი, არჩევნებს ვერ მოიგებ და ვერ მართავ ტრადიციულად მემარცხენე განწყობებით ატანილ არგენტინას. თუ მაურიციო მაკრის მთავრობა ამ ოთხი წლის მანძილზე დამარცხდა, მოხდა დევალვაცია, გაიზარდა ინფლაცია, თუ ქვეყანა ისევ ეკონომიკურ ჩიხში შევიდა, ძალიან ძნელი იქნება, მომავალი 50 წელი ქვეყანა ისევ პერონისტებმა არ მართონ. ხოლო თუ ქვეყანამ წარმატებას მიაღწია, დადასტურდება, რომ არგენტინა შეიძლება მართოს მემარჯვენე ცენტრისტულმა დემოკრატიულმა ძალამ. ჩემი აზრით, ეს ისტორიული მომენტია”, – მითხრა საქართველოს ელჩმა არგენტინაში. იგი არ მალავს სიხარულს არგენტინის საბაზრო რეფორმებისკენ შემობრუნების მიმართ. კირშნერის 10-წლიანი მმართველობა ეკონომიკური კარჩაკეტილობით, პროტექციონიზმითა და საგარეო ვაჭრობის შეზღუდვით ხასიათდებოდა. მთავარი პროდუქტების ექსპორტიც კი 30%-ით იბეგრებოდა! მაურიციო მაკრის ლიბერალური რეფორმების წყალობით მეტად ხელშესახებია პერსპექტივა, რომ საქართველოსა და არგენტინას შორის ბიზნესურთიერთობები დამყარდეს.

არგენტინაში ჩვენი ელჩი გელა სეხნიაშვილია; იგი აგრეთვე აკრედიტებულია საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ბოლივიის მრავალეროვან სახელმწიფოში, ჩილეში, პარაგვაიში, ეკვადორსა და ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკაში. რეგალიების ჩამონათვალი ნუ დაგაფრთხობთ. ჩემზე რომ იყოს, ამასაც არ ვაკმარებდი და უცხოპლანეტურ ცივილიზაციასთან პირველი კონტაქტის დამყარებისთანავე დედამიწის დესპანად გავუშვებდი ამ “ყველაზე მაგარ ელჩს, ვინც კი შემხვედრია” – როგორც იგი დათო ტურაშვილმა დამიხასიათა. ჩანს, ტურაშვილი წიგნების გარდა ადამიანებსაც კარგად კითხულობს. ტურიკასთვის სახასიათო, ემოციურობასთან შეზავებულ სადა შეფასებას თავადაც მოაწერდით ხელს, რომ დაგენახათ, რა თბილად მიესალმა გელა სეხნიაშვილს იმავე სასტუმროს ჰოლში შემთხვევით აღმოჩენილი არგენტინის მთავრობის წევრი. ეს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ბიუროკრატების ფორმალური კეთილგანწყობა. ჩემს არგენტინულ ვოიაჟს სწორედ გელა სეხნიაშვილსა და არგენტინის ტურიზმის დეპარტამენტს ვუმადლი. ვიტყოდი “გადამეხადოსო”, მაგრამ მგონი ზედმეტს ავიღებ საკუთარ თავზე. ბუენოს-აირესში ნაგრძნობი და განცდილი – შეუფასებელია.

სანამ ოფიციალური ფორმატი გაქრებოდა (ასე სწრაფად ფორმალურობა და ტროპიკული წვიმის ღრუბლები ალბათ მხოლოდ ბუენოს-აირესში იფანტება), გელა სეხნიაშვილმა, რომელიც, სხვათა შორის, სულ 38 წლისაა და შვიდ  ენას ფლობს არაბულის სირიულ-ლიბანური დიალექტის ჩათვლით, 2012 წელს გახსნილი საელჩოს საქმიანობა გამაცნო: “მიზეზი იყო, რომ საქართველოს არ ჰქონდა საკმარისი დაფარვა ამ რეგიონში. ლათინური ამერიკისა და აფრიკის ოკეანეთის ქვეყნებთან კონტაქტი ძირითადად მრავალმხრივი დიპლომატიის სივრცეებში ხდებოდა – მაგალითად, გაეროში”. ეს საკმარისი არ იყო. რუსეთი კარგად იხარჯება საკუთარი საგარეო პოლიტიკური ინტერესის გასატარებლად იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს ხმა მკაფიოდ არ ისმის, რაც პუტინისთვის საკმაოდ ხელსაყრელი შედეგებით დაგვირგვინდა ნიკარაგუასა და ვენესუელაში.

“თუმცა ეს არ არის ექსკლუზიური მიმართულება, იდეა  –  პოლიტიკური დიალოგია, რაც შეიძლება მაღალ დონეზე, – დაამატა ელჩმა. – არგენტინისთვის კავკასია ტერა ინკოგნიტაა. ეს არხები გასაჭრელია. ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ, რომ ჩვენი რეგიონით თუ დაინტერესდებიან, საუკეთესო გზა საქართველოა, თავისი თავისუფალი ეკონომიკური ზონებით, დაბალი გადასახადებით”.

წელიწადზე  ნაკლები დარჩა გელა სეხნიაშვილის მანდატის ამოწურვამდე. არ ვიცი, ამ დროში რამდენი არგენტინელის ბიზნესინტერესს მომართავს საქართველოზე, მაგრამ ერთ ქართველს ბუენოს-აირესში ემიგრირებაზე ნამდვილად აფიქრებინა (სახელი შოთა კვლავ ერთ-ერთ ბარიერად რჩება იმავე ქართველის გეგმაში). არა, არგენტინაში ბიზნესის კეთების სიმარტივეზე ჩემთან არ ულაპარაკია, უფრო ვერაგული ჩანაფიქრი ჰქონდა: ჩაგვსვა თავის სედანში და ამ მღვრიე წარსულის მქონე შარმიანი ქალაქის ქუჩები მოგვატარა, სანამ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდით, სადაც გასტრონომიული ჰედონიზმის აპოთეოზი გველოდა – მშრალი წითელი მალბეკით ანგუსის ჯიშის ძროხის სტეიკის ჩასველება. მაგრამ მთელი მაგია მანამდე დატრიალდა. გელა სეხნიაშვილმა იცის, სიტყვები საჭირო არ არის, როცა საქმე ერთი ნახვით სიყვარულს ეხება – ბრმა უნდა იყო, რათა გულყრით არ დასრულდეს პალერმოს უბნის ახალი და საუკუნოვანი ფერადი ფასადების ჰარმონიული მონაცვლეობა, ან მსუბუქად უსწორმასწორო ტროტუარებზე იტალიური, ესპანური, გერმანული და აბორიგენული სისხლის შემაკავშირებელთა უდარდელი ნარნარი. გაფრთხილება: თუ ესპანური არ იცით, თქვენი საქმე წასულია. ინგლისურად არავინ ლაპარაკობს. თუმცა ამას თავისი უპირატესობაც აქვს – შეგიძლიათ რობერტ ფროსტის პოეზია Google Translate-ში ჩააგდოთ და საკუთარად გაასაღოთ, სანამ ცოლობას სთხოვდეთ ღვთაებას, სახელად სოლანჟ, პორტენიოების საყვარელ კლუბში, რომელიც სამუშაო დღეებში სულ ღიაა, შაბათ-კვირას კი დახურული. 24/5. ამ ერთი წილადით, კლუბის ამ მუშაობის გრაფიკითაც კი შეიძლება სრულფასოვნად აღიწეროს არგენტინული ჭკუამხიარულება.

ბრმაზე გამახსენდა – პალერმოშია ბორხესის სახლი. აქ დაიბადა და გაიზარდა. აქაა ადგილი, რომელსაც ლექსში, სათაურით “ბუენოს-აირესი” იგი ქალაქის მითურ დაფუძნებას მიაწერს. მის სიცოცხლეში (1986 წელს გარდაიცვალა) ქალაქის ეს ნაწილი ღარიბული უბანი იყო, დანის მოტრიალე გაუჩოებითა და მთვრალი ყოჩებით, რომლებიც ტავერნებში ერთმანეთს ეჯგიმებოდნენ. დღეს პალერმო ვიეხოს სიმწვანით შემოსილ, კოხტად მოკირწყლულ ქუჩებში, ელეგანტურად შეფერილ სახლებს შორის უამრავი ჰიპსტერული ბარი, დიზაინერული ბუტიკი და რესტორანი იწონებს თავს. აქ ქალაქში საუკეთესო გრილზე მომზადებული ხორცი იღება. სხვათა შორის, თბილისური სტანდარტითაც საკმაოდ იაფად – 50 ლარის ეკვივალენტში, ერთ-ერთ გამორჩეულ გასტრონომიულ მოგონებას გაინაღდებთ.

მიუხედავად უბნის “დავარცხნისა”, ბორხესის ატმოსფერო იგრძნობა. 10 საათის შემდეგ ტურისტები სახლში მიდიან, პორტენიოები სავახშმოდ გამოდიან, ბარის მაღალ სკამებზე ადგილი არ რჩება, ტელევიზორში საფეხბურთო კომენტატორი გაჰკივის, მაგიდებზე საჭმელი ხვავდება და ღვინო გადმოედინება. ტურისტებივით ნუ მოიქცევით, თორემ ბუენოს-აირესი დაგსჯით და სახეს არ განახებთ. თამამად გამოელაპარაკეთ ადამიანებს. შეიძლება გაგიმართლოთ, აღმოაჩინოთ ინგლისურენოვანი არგენტინელი, შერჩეთ შემთხვევით ბარს, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩნდება – სადაც გარდელს უყვარდა ობლად სიარული – და საათ-ნახევარი არჩიოთ ტანგო, ორი არქიტექტორის შემწირავი ულამაზესი ოპერა, რომლითაც ძალიან ამაყობენ, ისაუბროთ წიგნების მაღაზიად გადაკეთებულ გუმბათოვან თეატრზე, არგენტინის ვნებაზე ფეხბურთისადმი და ზოგადად – არგენტინის ვნებაზე. იმაზე, თუ როგორ გაღმერთდნენ მარადონა ან ხუან პერონი, თუნდაც ნოსტალგიის კუთრ წონაზე ქართველებისა და არგენტინელების დამძიმებულ ცნობიერებაში.

აი, მარადონას უბანში, ბოკაში, საღამოს მარტო გასვლას კი ნამდვილად არ გირჩევთ. პრინციპში არც ჯგუფად, თუ თქვენი ჯგუფი კომანდოს ელიტარული ბატალიონის ქვეით ოცეულს არ მოიცავს. ოღონდ შეიარაღებულები უნდა იყვნენ. მძიმედ. ერთი ადგილობრივი ძმადნაფიცი ხულიგანით გახვალთ იოლას, მაგრამ ამხელა სახალხო დიპლომატიის წარმოებისთვის გარჯა არ ღირს. ღამით ისედაც არაფერია სანახავი, დღისით კი შეგიძლიათ თავისუფლად მიაკითხოთ ბოკას კამინიტოს სამეზობლოს უბანს, სადაც ულამაზესი ღარიბული სახლები ღია ვარდისფრის, ყვითლისა და ლურჯის გრადაციებად შემოგღიმიან. ეს იმ დროის მემკვიდრეობაა, როცა ღარიბი პორტენიოები საკუთარი სახლებისთვის გემებიდან ფხეკდნენ საღებავს. დღეს კამინიტოში არტისტები იყრიან თავს და იქაური “მშრალი ხიდი” მოუწყვიათ – ეს საუკეთესო ადგილია ულამაზესი ხელნაკეთი სუვენირების სახით პატარა არგენტინის თან გამოსაყოლებლად და ზემოხსენებული ხულიგანი მეგობრის გასაჩენად. არის კიდევ მდიდრული უბნის, რეკოლეტას ყოველკვირეულად ორგანიზებული ბაზრობა, სან-ტელმოს ბაზრობა, მაგრამ მარადონას სტადიონთან მდებარე კამინიტოს არაფერი შეედრება.

კამინიტო დრამატული ქუჩაა, ბუენოს-აირესი კი თეატრალური ქალაქი. ეს ბოკას ფერებშიც ჩანს და პორტენიოების ესპანურის აღტაცებულ, სცენურ ინტონაციაშიც (ამ აქცენტს თავად “კასტელანოს” უწოდებენ), მაგრამ არაფერი გამოხატავს ამ დრამას ისე კარგად, როგორც მგრძნობიარე ცეკვა და მუსიკა, რომელიც აფრიკულ, დასავლეთ- და აღმოსავლეთევროპულ გავლენებს ერთმანეთს შეაჯახებს, რათა ამ ბრძოლის სილამაზით დაგვატკბოს.

“ის ტანგო, რასაც კომერციულ შოუებზე წარმოვაჩენთ, სხვა სტილია  – მას საექსპორტო ტანგოს ვუწოდებთ”, – მითხრა პედრო გევარამ, არგენტინელმა მარკეტოლოგმა, რომელიც “იმ” გევარას ენათესავება (ხედავდეს!). – “მილონგა ტანგო უფრო ინტიმური და სრულიად განსხვავებულია. წელში გამართული,  ხელ-ფეხის ნაკლები ქნევით, ერთმანეთზე უფრო მჭიდრო გადაკონვით”.

მარლენ დიტრიხი მართალი იყო. ბუენოს-აირესი ჩაგიხუტებს და ყველაფრის უფლებას მოგცემს, მაგალითად, პუერტო მადეროს პორტში მისვლას, ბორანზე დაჯდომას და 3 საათში ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში აღმოჩენას. ალბათ ბუენოს-აირესმა იცის, რომ მონტევიდეოში თავისუფლება შეიძლება მეტია, სამაგიეროდ შესაძლებლობებია ნაკლები, ამიტომ არ ეჭვიანობს.  

ვიზები 2015 წლიდან აღარ გვჭირდება. თქვენი მოგზაურობა სამხრეთამერიკულ გაზაფხულს, ანუ სექტემბრიდან ნოემბრამდე შუალედს დაამთხვიეთ. თბილა საიმისოდ, რომ “დულჩე დე ლეჩეს” ნაყინი მიირთვათ, მაგრამ ამავდროულად ისე არ ცხელა, რომ გარეთ ფეხის გამოდგმისთანავე ოფლმა დაგასხათ. ზამთრის ნაცრისფერი ლეთარგია აღიგვება და არგენტინელები ცოცხლდებიან, რათა გაგაცოცხლონ. ერთხელ თუ მოახერხეს, მერე ნახევარი ძალით ცხოვრება აღარც მოგინდება. ყველაფერი ან არაფერი! ეგაა არგენტინა. სოლანჟ, მოვდივარ!

წინა სტატია

თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 11.2 პროცენტით გაიზარდა
01 მარტი, 2017

შემდეგი სტატია

ლარი 7 თეთრით გამყარდა
01 მარტი, 2017
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა