ცხოვრება "გალფის" ფერებში

“გალფისა” და ნინო ჯიბლაძის თანამშრომლობა მეექვსე სრულ წლამდე ბოლო თვეებს ითვლის. ქართული ბაზრის ლიდერი ნავთობკომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ვიცე-პრეზიდენტი Forbes Georgia-ს საკუთარ ნარინჯისფერ “გალფს” აცნობს.

ნინო ჯიბლაძე კომპანია “სან პეტროლეუმ ჯორჯიაში” ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ, იმ დროს მივიდა, როცა საერთაშორისო ბრენდი “გალფი” ქართული ბაზრისთვის თავის გაცნობას იწყებდა. იმის მიუხედავად, რომ ტეხასის შტატში, მელონების ოჯახის მიერ ნავთობის საბადოს აღმოჩენის დროს დაარსებული Gulf Oil-ი არსებობის 100 წელზე მეტს ითვლიდა, ქართული სტარტისთვის ხელის წაშველება მაინც დასჭირდა.

“გალფისა” და ნინო ჯიბლაძის თანამშრომლობაც ამ პერიოდიდან -2011 წლიდან იწყება. ბრენდის სწორი კუთხით წარდგენით და ზუსტი მარკეტინგული სვლებით კომპანიამ პოპულარობა მალე მოიპოვა, რაც მისი შემოქმედის პროფესიულ წარმატებაზე პირდაპირპროპორციულად აისახა. მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში “გალფის” აღმასრულებელი დირექტორისთვის გაწეული ერთწლიანი კონსულტანტობის შემდეგ, ნინო ჯიბლაძემ მარკეტინგის სამსახურის უფროსის მანდატი დამსახურებულად ჩაიბარა და უკვე მეექვსე წელია, ,,გალფის” ფერებით ცხოვრობს.

რომელი უფრო მეტია “გალფში”, ლურჯი თუ ნარინჯისფერი -სუბიექტური აღქმის საგანია, თუმცა სავაჭრო ნიშნის მქონე პროდუქტის გაყიდვა “გალფმა” თავიდან ნარინჯისფერი ლოგოთი დაიწყო, რაც მაშინ კონტეინერებიდან და ტუმბოებიდან საწვავის რეალიზაციას გულისხმობდა. დღეს უკვე “გალფის” ბრენდი ოფიციალური დისტრიბუტორების მეშვეობით

ევროპის, აზიის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. მხოლოდ საქართველოში, არსებობის მეშვიდე წელს, 141 ავტოგასამართ სადგურს და 1300-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის.

გალფიადამდე ნინო ჯიბლაძის კარიერა რამდენიმე ეტაპს იტევს. საზოგადოებასთან ურთიერთობაში პირველი ნაბიჯები პროფესიის არჩევისას გადადგა -ეს არჩევანი საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი იყო. ექვსი წელი ხან საქართველოში და ხან ამერიკაში ისწავლა, იმუშავა კიდეც, მაგრამ ბოლოს მაინც დაბრუნდა, დაბრუნდა და პროფესიული გამოცდილების დაგროვება თარჯიმნობით დაიწყო. დღეს უკვე “გალფის” ვიცე-პრეზიდენტთან საუბრის დაწყება მეც ამ თემით გადავწყვიტე.

“თარჯიმნის პროფესიამ უამრავი გამოცდილება შემძინა, არა მხოლოდ ენის “გატეხის”, არამედ გადაწყვეტილებების მიღების კუთხითაც. ხშირად ვესწრებოდი შეხვედრებს, სადაც დიდი გადაწყვეტილებების მიღება იყო საჭირო... ასე ნელ-ნელა ყალიბდებოდა ჩემი ინტერესებიც, მისწრაფებებიც და ყველაზე მთავარი, რაც ამ პროფესიამ მომცა, არის ის,

რის თქმასაც არასოდეს ვერიდები: ბევრჯერ მდომებია დიდი შეხვედრის დროს, მოლაპარაკებებისას, სემინარისას თუ უბრალოდ ორმხრივი შეხვედრებისას -მე თავად ვყოფილიყავი ადამიანი, რომელსაც შეხვედრა მიჰყავდა, თავად მეპასუხა კითხვებზე, რომლებზეც შესაძლოა, პასუხი მქონოდა. ალბათ ეს იყო ახალგაზრდა ადამიანის ჯანსაღი ამბიცია, რომელიც ნელ-ნელა წავიდა რეალობისკენ. ახლა ხშირად ვარ მხარე, წარმოვადგენ ჩემს ჰოლდინგს, ჩემს კომპანიას და ამ პროცესშიც მაქვს ჩემი კონკრეტული მისწრაფებები... ვფიქრობ, ამბიცია სულაც არ არის ცუდი რამ, პირიქით, მის გარეშე ადამიანს გაუჭირდება წინსვლა, დიდი გეგმების რეალიზება. აუცილებელია, თავად გჯეროდეს შენი თავის, მაშინაც კი, როდესაც ეს შეუძლებლად მიგაჩნია.

როგორია თქვენი თვალით დანახული “გალფი”?

“გალფი” დიდი, ცოცხალი ორგანიზმია, სადაც უამრავი პროფესიონალი მუშაობს. კომპანიაში თითქმის არასოდეს არის წყნარი დღეები. ერთხელ, ერთ შეხვედრაზე, ერთმა ჩემთვის ძალიან პატივსაცემმა ადამიანმა, საუბრისას თქვა: “მე არც მძღოლი ვარ, არც მანქანა მაქვს, მაგრამ მომწონს “გალფი”, იმიტომ რომ ის არის მხიარული, კეთილი და “cool” ბრენდი...” ასეთმა შეფასებამ თავისთავად გამახარა. ხშირად ვისმენ კომპანიის შესახებ მოსაზრებებს, თავად ვარ ჩვენი ფეისბუკ -გვერდის ერთ-ერთი მმართველი და მიწევს ადამიანებთან პირდაპირი კომუნიკაცია. პასუხებს ვაძლევ კითხვებზე და კომენტარებზე, რომლებზეც პასუხის გაცემა არ ითვლება სწორად სოციალურ მედიაში. მაგრამ ამის მიზეზი არსებობს -ადამიანები არასოდეს სწერენ რამეს კომპანიას, ისინი ადამიანებს სწერენ, ამიტომ პასუხსაც ადამიანებისგან ელოდებიან. ვფიქრობ, მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია ჩემი პირადი მოვალეობაა. დამეთანხმებით, არ არის ადვილი საწვავით ადამიანების მოხიბვლა – თავად საწვავი არ არის შოკოლადი ან გამაგრილებელი სასმელი, რომელიც ხალხს უყვარს. ამიტომაც ვცდილობთ, მუდმივად მოვიგონოთ რაღაც დამატებითი, რითაც ადამიანებს ჩვენთან სიხარულით მოსვლის მოტივაციას გავუჩენთ.

რა არის თქვენი მთავარი სტრატეგია, ასეთი კონკურენციის პირობებში რა გამოარჩევს “გალფს” ბაზარზე?

ჩვენს მომხმარებელს, მაღალი ხარისხის საწვავთან ერთად, მუდმივად ვთავაზობთ რაიმე დამატებითს -იქნება ეს წყალი, გაზიანი სასმელი, ნაყინი, ყავა, გათამაშების ბილეთი, ბრენდირებული ნივთი თუ ვინ მოთვლის, კიდევ რამდენ რამეს. ასევე ვთავაზობთ მინის რეცხვას, ზეთის დამატებას, და, რაც მთავარია, გვყავს ერთმანეთზე უკეთესი ჩამსხმელი ოპერატორები, რის გამოც ხალხს უყვარს ჩვენთან მოსვლა, კარგი სალმისა და თბილი დამშვიდობების გამოც კი. ამას არ ვამბობ ყურმოკრული ამბებიდან გამომდინარე. ამას ადასტურებს ყველა ის კვლევა, რომელთაც ყოველი წლის დასასრულს ვატარებთ ხოლმე. სადაც ვისმენთ კარგსაც და ცუდსაც, რის მიხედვითაც შემდეგ წელიწადს ვგეგმავთ. ასევე ჩვენი ოპერატორების შესახებ ინფორმაციას ფეისბუკ-გვერდიდანაც ვიგებთ, ძალიან ხშირად მოდის წერილები, სადაც ჩვენს ხალხს აქებენ, და გვიყვებიან ისეთ ამბებს, რომლებიც თავადაც გვიკვირს – ხალხი აფასებს კარგ პერსონალს!

შეგიძლიათ, გვითხრათ, რა შესძინეთ თქვენ კომპანია “გალფს” და პირიქით?

ჩემს დამსახურებაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. რადგან დღესაც აქ ვარ – ალბათ რაღაც მაინც შევძინე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დაფუძნების პერიოდიდან ვარ ჩართული მის საქმიანობაში, მაინც არ მიყვარს, როდესაც ადამიანი სამსახურს საკუთარ სახლად აღიქვამს. – ეს არ არის ჩემი მიდგომა და თუ ვინმეს დღეს შეუძლია თავი უცხოდ

იგრძნოს გამოწვევების წინაშე, პირველი მე ვარ. ყოველთვის მაქვს ის შეგრძნება, რომ ვაი, რაღაცას ვაკლებ კომპანიას, რაღაც მეტის გაკეთება შეიძლება. სანამ ასე ვარ და ეს მეტიც კეთდება, ჩემს თავს ამ პოზიციაზე ვხედავ. როდესაც მოვა დრო და ვიგრძნობ -ახალს ვერაფერს ვქმნი, ჩემი თავისთვის რამე სხვა სამსახურს “გამოვიგონებ”. ერთი, რაც მომწონს ჩვენი დეპარტამენტის, არის ის, რომ ჩვენ კომპანიას შევუქმენით სრული დიჯითალ-პლატფორმა და ეს არის ჩვენი ძლიერი მხარეც. გვაქვს ყველანაირი საშუალება, ვიმყოფებოდეთ მუდმივ განახლების რეჟიმში და ასე ვართ. გვაქვს ძალიან მოქნილი ვებგვერდი, რომელსაც აქვს უამრავი ფუნქციონალი. ასევე მობაილ-აპლიკაცია ჩვენი გალფ კლუბის წევრებისთვის. ფეისბუკზე 225 ათასამდე ლაიკერი გვყავს და, როგორც გითხარით, მომხმარებლებთან მუდმივ ინტერაქციაში ვართ. ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა, რომ ჩვენი ფეისბუკ-აქტივობა იმდენად მაღალია, რომ მონაცემებით ქვეყნის ტოპ-ათეულში მეშვიდე ადგილს ვიკავებთ, ვგულისხმობ საქართველოში მოქმედ ბიზნესგვერდებს. ამას ყოველთვის აღვნიშნავ და მიმაჩნია, რომ თუ კომპანიას დიჯითალ მხარე არა აქვს სრულ თანხვდენაში დროსთან, ის ბევრს აგებს და წინ ვერ მიდის. ასევე სულ მალე გვექნება კორპორაციული კლიენტებისთვის ყველაზე მოქნილი სამართავი პანელი, რომლის საშუალებითაც შეძლებენ შეიძინონ, გააკონტროლონ, მართონ თავიანთი ავტოპარკები. ეს სისტემა ინოვაციური მეთოდით ინერგება.

თუ არის უკვე თქვენი საქმიანი დღის წესრიგი გაწერილი შემდეგი წლებისთვის და სად ხედავთ საკუთარ თავს ათი წლის შემდეგ? იქნება ეს ისევ “გალფი”?

გადაჭრით ვერ გეტყვით, მაგრამ მგონია, რომ ათი წლის შემდეგმე “გალფში”აღარ ვიქნები. ამ დროისათვის უფრო იმ საქმეს მივუძღვნი თავს, რომელიც მოუხდება ჩემს 50 წლის ასაკს. ვფიქრობ, მეყოფა გამოცდილება -ცხოვრებისეული თუ პროფესიული , რომ გადავინაცვლო თუნდაც საჯარო სექტორში, გავაძლიერო ჩემი სხვა მხარე და გავხდე დიპლომატი, ან სულაც დავუბრუნდე პირველად პროფესიას -ჟურნალისტიკას. მიმაჩნია, რომ დიპლომატიც და ჟურნალისტიც, დაგროვილი წლებით და გამოცდილებით, ბევრად უფრო ფასეული კადრია, ვიდრე ახალგაზრდა და გამოუცდელი. თუმცა გამონაკლისები ყოველთვის არსებობსდა კლიშეების მაინცდამაინც არ მწამს... ადამიანს წარმატების მიღწევა ახალგაზრდობაშივე შეუძლია და ამის უამრავი მაგალითი არსებობს.

და თავად “გალფს” როგორს ხედავთ წლების შემდეგ?

ვხედავ თანამედროვეობის ფეხდაფეხ მიმავალს, ვხედავ, რომ “გალფი” გადაეწყობა იმ მოთხოვნებზე, რომელთაც ახალი ტექნოლოგიები და ახალი გამოწვევები მოითხოვს.

კომპანია “გალფმა” მასშტაბური სოციალური პროექტები წამოიწყო, რა გახდა ამის მიზეზი და რაში გამოიხატება კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა?

“გალფი”, როგორც ფინანსურად ძლიერი კომპანია, გრძნობს პასუხისმგებლობას, იზრუნოს საზოგადოების სოციალურად დაუცველ წევრებზე – მათ დასაქმებაზე. გარემოს გაუმჯობესებაზე -გამწვანებაზე და პოპულარიზაცია გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს -აქტიურად უჭერს მხარს ქართული სპორტის განვითარებას. “ჩვენ გვაერთიანებს ენერგია” – ამ მესიჯით “გალფი” წლების განმავლობაში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ “თბილისის დინამოს” სპონსორი იყო.

რა კონკრეტული გეგმა გაქვთ 2017 წელს ამ მიმართულებით?

2017 წლისთვის ბევრი გეგმა გვაქვს. ისევ გვსურს, ჩართული ვიყოთ სხვადასხვა სოციალურ პროექტში, თუმცა ამას წინასწარ არ გავახმოვანებთ.

რამდენად აქტიურები არიან ქალები ბიზნესში და ეთანხმებით თუ არა მათი ნაკლები აქტიურობის შესახებ ჩამოყალიბებულ სტერეოტიპს?

ნამდვილად არ ვეთანხმები. ჩემ გარშემო უამრავი ქალბატონია, რომლებიც ყველას აოცებენ განსაკუთრებული ნიჭითა და იმ წარმატებით, რომელსაც მიაღწიეს. მიხარია, ასეთ ადამიანებს ბევრს რომ ვიცნობ...

თავად თქვენ - ნინო ჯიბლაძე, ეს არის ქალი ბიზნესში თუ?...

მიუხედავად იმისა, რომ მაქვს გარკვეული გამოცდილება ბიზნესის კეთების, მომსახურების სფეროში, საკონსულტაციო თვალსაზრისითაც – შორიდან ჩემი თავი ბიზნესგოგონა მაინც არ მგონია. ალბათ ეს იმ გარემოს ბრალია, სადაც მუდამ ვტრიალებდი, პატარაობიდანვე. მეტად მომწონს, როდესაც ადამიანი ქვეყნის სახელით გამოდის და სამშობლოს ემსახურება, საკუთარ ქვეყანას წარმოადგენს და თუ ოცნებაა, ბოლომდე გეტყვით, რომ ეს არის ჩემი ოცნება – ოდესმე შევძლო და სარგებელი არა მხოლოდ ერთ კომპანიას ან ჩემს ოჯახს, არამედ საკუთარ ქვეყანას მოვუტანო.

წინა სტატია

ბოლო ერთ წელიწადში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 9.6 პროცენტით გაძვირდა
20 მარტი, 2017

შემდეგი სტატია

ფორბსის მილიარდერთა 2017 წლის რეიტინგი
20 მარტი, 2017
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა