ტრეიდერი, რომლისთვისაც ფული მთავარი არ არის

27 წლის იგორ ვოლკოვმა 7 წლის წინ „მასტერ ფორექსი" დააარსა. ახალი კომპანია ახალ ბაზრებს იპყრობს, რომელთა რიგში საქართველოც მოექცა. იგორ ვოლკოვი საქართველოს საბროკერო ბაზარსაც ახალგაზრდული ენთუზიაზმით უყურებს.

2013 წლის ოქტომბერში „მასტერ ფორექსი" შვიდი წლის გახდა და ამ თარიღთან დაკავშირებით, კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ეწვია. აქ მათი მორიგი ფილიალი გაიხსნა.

იგორ ვოლკოვი 27 წლისაა და ის მილიონერია, უშუალოა, თავაზიანი და საინტერესოდ მოსაუბრე. არ უყვარს სიმაღლე და ფოტოების გადაღება, საკმაოდ თავმდაბალია, უყვარს ჩაი, თუმცა ინტერვიუს დროს მხოლოდ ყავას სვამდა. ჩვენი შეხვედრისა და საუბრის განმავლობაში პერიოდულად ცდილობდა დაკავშირებოდა მეგობარს დაბადების დღის მისალოცად და როდესაც დაუკავშირდა, მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის მისთვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდებში.

იგორმა 20 წლის ასაკში დააარსა კომპანია, რომელიც შვიდი წლის შემდეგ ერთ-ერთი წამყვანია მსგავსი ტიპის საბროკერო კომპანიებს შორის. როგორ, როდის, რატომ დაიწყო მან ეს ბიზნესი, როგორ იშოვა ფული და რატომ ასეთ ადრეულ ასაკში? - მიუხედავად იმისა, რომ საუბრისას გამომიტყდა, მაინცდამაინც არ მიყვარს ჟურნალისტებიო, იგი დაუზარლად და დაწვრილებით მიხსნიდა მისი მუშაობის სპეციფიკასა და ისტორიას.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც იგორმა სკოლა დაამთავრა და სტუდენტი გახდა. ბევრი სხვა სტუდენტივით ერიდებოდა ჯიბის ფულის მშობლებისგან აღება და საკუთარ ბიზნესზე ფიქრობდა, მაგრამ ასაკისა და გამოუცდელობის გამო ამ ახირებაზე დროებით უარი თქვა და სამსახურის ძებნაც დაიწყო. ძალიან მალე წააწყდა განცხადებას ტექსტით: „იყავი ფინანსურად დამოუკიდებელი, ისწავლე ვაჭრობა". მაშინ ზუსტად 17 წლის იყო და რადგან არასრულწლოვანს ბაზარზე ვაჭრობა ეკრძალებოდა, პირველი სავაჭრო ანგარიშის გახსნა მეგობრის სახელზე ითხოვა. მისი საქმიანობა ხან წარმატებული იყო, ხან - ნაკლებად, თუმცა მიაჩნია, რომ საბოლოო ჯამში გაუმართლა, მოჰყვა რა ვალუტით ვაჭრობის საუკეთესო ტალღაში - კურსების ცვალებადობის ეტაპი ხომ საუკეთესოა ვალუტით მოვაჭრისათვის. ასე გაჩნდა პირველი ფული, შემდეგ კი განვითარება იყო საჭირო. ფულით ვაჭრობა, როგორც თავად ამბობს, ძალიან რთული საქმეა - შენ, ფაქტობრივად, დაქორწინებული ხარ ნოუტბუკზე. თუ ვაჭრობ, სულ გრაფიკში ხარ, ცხოვრებას ტელეფონისა და ნოუტბუკის ეკრანს მიღმა უყურებ. ეს სფერო მოითხოვს მუდმივ ჩართულობას, უნდა ცხოვრობდე ამ ბაზრით, უნდა გრძნობდე ვალუტის ცვალებადობის რიტმს. შეუძლებელია, ეს იყოს ჰობი, შეუძლებელია, ტრეიდინგი იყოს დამატებითი შემოსავლის წყარო, ეს არის პროფესიული საქმიანობა, ეს არის ცხოვრების წესი და სტილი. ერთი მხრივ, საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს: იღვიძებ და იძინებ როცა გინდა, ხსნი ტერმინალს, აჭერ ღილაკს და ფული მოდის, თუმცა, რა თქმა უნდა, ასე მარტივად არ გამოდის ყველაფერი მაშინ, როდესაც გძინავს და ტრეიდინგზე ფიქრობ, იღვიძებ და ტრეიდინგზე ფიქრობ, როგორც მენდელეევს დაესიზმრა პერიოდულობის ტაბულა, ისე გესიზმრება სავაჭრო სტრატეგიები და სავალუტო ბაზრები.

20 წლისას გაუჩნდა იდეა, შეექმნა საკუთარი კომპანია, რადგან ის სერვისები, რომლებსაც იმდროინდელი საბროკერო კომპანიები სთავაზობდნენ მომხმარებელს, ყველა კლიენტისთვის კომფორტული არ იყო.

ამ სფეროში მუშაობის სამწლიანმა გამოცდილებამ და უამრავმა წაკითხულმა ლიტერატურამ განსაზღვრა იგორ ვოლკოვის სტრატეგია ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და მათი გათვალისწინებით. „20 წლის ასაკში გამიჩნდა იდეა, შემექმნა იმავე პროფილის კომპანია, როგორშიც ვმუშაობდი, ამ იდეის გადაფიქრებას მთხოვდა ყველა - დედა, ნათესავები, მეგობრები და ა.შ. მიზეზი კი მარტივი იყო: ბაზარზე წარმოდგენილ ყველა კომპანიას უკვე სერიოზულად ჰქონდა ფესვები გადგმული, ისინი 10-12 წლის განმავლობაში ლიდერები იყვნენ, მე კი ვრისკავდი, რადგან ამ საქმეში ვდებდი ფულს, რომელიც სამი წლის მუშაობის შედეგად გამოვიმუშავე".

ეს ფული უნდა დახარჯულიყო ბიზნესის პროგრამული უზრუნველყოფისთვის. იმ დროისთვის ბაზარზე სულ სამი ლიდერი კომპანია ოპერირებდა. საქმიანობის ორი წლის შემდეგ „მასტერ ფორექსი" მიიღეს КРОУФР-ში (Комиссия по Регулированию Отношений Участников Финансовых Рынков), ეს არის არაკომერციული მარეგულირებელი ორგანო, რომელიც თავად კომპანიებმა შექმნეს რეგულაციების არარსებობის გამო. КРОУФР-ში მიღების შემდეგ იგორ ვოლკოვი ბაზრის მეოთხე მსხვილ მოთამაშედ იქცა.

„ვაღიარებ, რომ ამ კომისიაში ჩემი მიღება მაინცდამაინც არ უნდოდათ, თუმცა იყო ერთი მიზეზი, რომელსაც მოგვიანებით შევეხები. ვინ ვიყავი მაშინ, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მოვიდა არსაიდან, არ წარმოადგენს არაფერს, იყიდა პროგრამული უზრუნველყოფა, მოიფიქრა და შექმნა ბრენდი, თუმცა მას უნდა გაეკეთებინა რაღაც ახალი, რაღაც სხვა. ასეც მოვიქეცით, ჩვენ ჩვენი პირველი ფული „მიკრო ფორექსის" ბაზარზე შესვლით ვიშოვეთ, იმ ეტაპზე ყველა ძირითად კომპანიაში სავაჭრო ფსონი $2000-ით იწყებოდა, ნაკლები ფსონი მათთვის საინტერესო არ იყო. მე კი მივხვდი, რომ $2000-მდე თანხის მქონე კლიენტებს წასასვლელი არსად ჰქონდათ. კომპანია, რომელიც ხსენებულ თანხაზე ნაკლებ ფსონებს იღებდა, იმ დროისათვის ერთადერთი იყო ამ კატეგორიაში, ანუ საქმიანობის დაწყებისას მე არ დავუწყე კონკურირება გიგანტებს, დავიწყე მუშაობა მიკრო- და მინიანგარიშების სეგმენტში. ყველა არსებული რუსული კომპანია მაშინ რუსეთსა და მაქსიმუმ დსთ-ს ქვეყნებზე სპეციალიზდებოდა, ჩვენ კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ბაზარზე გავედით. ჩემი კომპანიის დაარსების მეექვსე თვეს ჩვენი კლიენტების 60% ეგვიპტიდან და არაბული ქვეყნებიდან იყვნენ. ვხვდები, რომ ეს წარმატება მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა, თავის დროზე ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორი შევიძინეთ, რომელიც მოგვიანებით გამოგვეყო და მას ახლა ძალიან კარგი კომპანია აქვს, რომელიც ამავე ბაზარზე ოპერირებს".

„მასტერ ფორექსის" მუშაობის მთავარი ბაზარი დღესდღეობით ინდონეზიაა, აქ მოიხვეჭა იგორ ვოლკოვმა ყველაზე დიდი სახელი. მას ამ ქვეყანაში 15 ფილიალი აქვს გახსნილი. ფილიალები აქვს ასევე ჩინეთში, ლათინურ ამერიკაში, ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მივლინება კი, რომელსაც იხსენებს, ნიკარაგუაში წელიწად-ნახევარს გრძელდებოდა.

„მაშინ ეს მიკროანგარიშები იყო ჩემი კონკურენტული უპირატესობა, ნელ-ნელა სხვა კომპანიებმაც დაუშვეს ასეთი ანგარიშებით თამაში, თუმცა იმ ეტაპისთვის მე უკვე მქონდა კლიენტების დიდი ბაზა და ნელ-ნელა დაგროვდა ბაზა იმ ადამიანებისაც, რომლებიც უკვე დიდ ანგარიშებსაც ატრიალებენ. ჩვენი ყველაზე მსხვილი კლიენტი ინდონეზიიდანაა და მის ამჟამინდელ ანგარიშზე მილიონ-ნახევარ დოლარზე მეტია. რაც შეეხება მინიმალურ თანხას, რაზეც ბირჟაზე გარიგება შეიძლება ჩვენთან, 1 ცენტია. რატომ გავაკეთეთ ეს? არის ასეთი ცნება, დემოანგარიშები, რომელიც ძირითადად სასწავლებლადაა და ეს, რა თქმა უნდა, არაა ის რეალური განცდა, რომელიც რეალური ფულის დადებისას გიჩნდება. ამ სფეროში აუცილებელია, ფულის დაკარგვის შიში გქონდეს და აუცილებელია, რაღაც დოზით ძუნწი იყო. უნდა იცოდე, სად გადის ამ ორ ცნებას შორის ის ვიწრო ზღვარი და იშოვი რა თუნდაც 1 დოლარს, გეცოდინება, რომ ეს 1 დოლარი შენი რეალური ფულია შენივე გათვლებით და ჭკუით მოპოვებული. ამ 1 დოლარსაც კი განსხვავებულად აფასებ და ეპყრობი. ასე დავიწყე, მე ვიყავი მარტო, ახლაც მარტო ვარ, ჩემით შევქმენი კომპანია, რომელიც ახლა 7 წლისაა, რითაც ძალიან ვამაყობ, არ მყოლია და არ მყავს ინვესტორი, ესაა მთელი ჩემი ბიოგრაფია".

როგორ ვითარდებოდა კომპანია წლიდან წლამდე, როგორი იყო და არის თქვენი ბრუნვა?

იმის გამო, რომ ჩვენი სეგმენტი ძალიან განსხვავდებოდა „ფორექსის" სხვა კლიენტებისგან და იმის გამო, რომ მომხმარებლებს მიკროანგარიშებს ვთავაზობდით, ბუნებრივია, სწრაფად ვიზრდებოდით და ვვითარდებოდით, რადგან გაცილებით მარტივია, მოიზიდო 50-100 ადამიანი, რომლებიც მცირე ანგარიშებით ითამაშებენ, ვიდრე 10-15 მსხვილი ინვესტორი. დღესდღეობით 300 000 ადამიანზე მეტია ჩვენს ოფისებში ანგარიშის გასახსნელად მოსული. ეს ყველაფერი კი შვიდი წლის განმავლობაში მოხდა. ძალიან კარგად გვაქვს გაშლილი პარტნიორების ქსელი მთელ მსოფლიოში, პარტნიორები, რომლებიც იღებენ საკომისიოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის საფასურების სხვაობიდან. როდესაც საქართველოში შემოსვლას ვაპირებდი, კარგად გავეცანი აქაურ სიტუაციას და ვიცი, რომ, ფაქტობრივად, კონკურენტი არ გვყავს, შეგვიძლია ექვსი თვის მერე გადავამოწმოთ ჩემი პროგნოზი დიქტოფონების გარეშე, ზუსტად ვიცი ის, სულ ცოტა, ექვსი კომპანია, რომლებიც ნახევარი წლის შემდეგ ქართულ ბაზარზე შემოვა, ამ აზრს შეგუებულები ვართ და მზად ვართ კონკურენციისთვის, პირველებად კი მაინც ჩვენ დავრჩებით.

რაც შეეხება სტატისტიკას, თავიდან მარტივი იყო, სწრაფად ვიზრდებოდით, სწრაფად იზრდებოდა ჩვენი კლიენტების ბაზა, პირველი სამი-ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ბრუნვა 50%-ით იზრდებოდა, ბოლო დროს კი ეს მაჩვენებელი 20-25%-ია.

„მასტერ ფორექსს" ძალიან ბევრი ჯილდო აქვს მიღებული, რას ნიშნავს ეს კომპანიისთვის?

ბიზნესის თვალსაზრისით ჩემი კლიენტები ჩემთან არ მოდიან ჯილდოების იმ რაოდენობის გამო, რაც კომპანიას აქვს. კლიენტი ან გენდობა, ან არა. სხვა ბევრი მსგავსი კომპანიისგან განსხვავებით, ჩვენი უპირატესობა და რაც ხალხს ჩვენში მოსწონს არის ის, რომ კომპანიას ჰყავს მეთაური, რომელიც მუშაობს, რომელიც არ არის უმნიშვნელო ფიგურა, რომელიც დადის შეხვედრებზე, აქვს ურთიერთობა ხალხთან, ასწავლის მუშაობას კლიენტებს; რომელსაც იცნობენ და რომელსაც ენდობიან, ეს არის კომპანია ადამიანით სათავეში. ყოველთვის ჩანს, ვინ არის მმართველი, იცი, ვისაც ენდობი, ეს არ არის ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია, არის კონკრეტული იგორ ვოლკოვი, რომელსაც ყველა იცნობს. მე დასამალი არაფერი მაქვს და ამიტომაც არასდროს ვიმალები. ანუ ამ მხრივ ჯილდო უფრო ჩვენთვისაა, კომპანიის ხელმძღვანელებისთვის. გარდა შემოსავლისა, ასეთი ტიპის ჯილდოები ძალიან კარგი მოტივატორი და მასტიმულირებელია. მალე გაიმართება გამოფენა forex expo, ტრეიდერების ყველაზე დიდი შეკრება-გამოფენა, სადაც სამ პრემიაზე ვართ ნომინირებული და ჯერჯერობით სამივე ნომინაციაში ვლიდერობთ, ეს ნომინაციებია: აზიის საუკეთესო ბროკერი, საუკეთესო სასწავლო პორტალი, mfx ბროკერის გარდა ჩვენი mfx აკადემიაც გვაქვს, სადაც ტრეიდერების სწავლებით ვართ დაკავებულნი და მესამე - მიკროანგარიშები, სადაც, ჩვენდა სამწუხაროდ, კონკურენტი არ გვყავს. ხალხს ეშინია ბიზნესის პატარა ფულით დაწყება და გათვლების პატარა ანგარიშებზე წარმოება, „მასტერ ფორექსს" კი, საბედნიეროდ - არა. ჩვენ ყველა კლიენტი გვიყვარს, ვინც ფულს გვანდობს, იქნება ეს 1 თუ 100 000 დოლარი. mfx ერთნაირ მომსახურებას სთავაზობს ორივე კლიენტს.

Mfx აკადემიის საქმიანობაზე მოგვიყევით

მოთხოვნა სწავლებაზე, რა თქმა უნდა, დიდია, ოფისში მოსულმა ნებისმიერმა კლიენტმა ჯერ უნდა ისწავლოს ვაჭრობა. მომზადებული გვაქვს მთელი რიგი სემინარისა, ვასწავლით ძალიან ბევრ ენაზე, ანუ ყველა ფილიალი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაშია გახსნილი, იმ ქვეყნის ენაზე ასწავლის ადგილობრივ მომავალ ტრეიდერებს. ჩვენი მიდგომა სწავლებისას ასეთია: სინთეზი სასემინარო და დისტანციური სწავლებებისა. ჩვენთან მოსული ნებისმიერი მონდომებული ადამიანი რაღაც პერიოდში აუცილებლად ჩამოყალიბდება პროფესიონალ ტრეიდერად.

აკადემია პირველ რიგში კლიენტებს აქტივების მართვას ასწავლის. ახლახან ბაქოში მოველაპარაკეთ ერთ-ერთ ადგილობრივ უნივერსიტეტს, სადაც ერთობლივად შევქმნით პროგრამას და სახელმძღვანელოს მომავალი ტრეიდერებისთვის, ასეთი მოლაპარაკება გვაქვს ქართულ უნივერსიტეტებთანაც, ესენია კავკასიის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პირადად მე წელიწადში ორჯერ მაინც მზად ვარ, ჩამოვიდე თბილისში და წავიკითხო ლექციები, მასტერკლასები ჩავატარო. პირველ რიგში ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ ტრეიდინგი და ტრეიდერი აღქმული იყოს არა როგორც გასართობი ან დამატებითი შემოსავლის წყარო, არამედ როგორც პროფესია, როგორც მუდმივი სამუშაო და როგორც ცხოვრება, რადგან, შემოსავლების გათვალისწინებით, მას ვერც ერთი სამსახური ვერ შეედრება.

გვაქვს ასევე ერთი ახალი, ძალიან საინტერესო პროექტი. თუ აქამდე სპეციალიზაციას სავალუტო ბაზრებსა და აქციებზე გავდიოდით, ახლა ვხდებით კომპანია, სადაც მოსულ კლიენტს ერთი ანგარიშით ტერმინალის შეუცვლელად შეუძლია ჰქონდეს წვდომა სხვადასხვა ინსტრუმენტზე, შეუძლია იყიდოს ვალუტა, იყიდოს ნებისმიერი რამ, ვთქვათ, ნიკარაგუის ბირჟაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, მე ვქმნი ე.წ. უნივერსალურ ბროკერს. გამოვა თუ არ გამოვა, ამას ახლა ვერ ვიტყვი. ყოველთვის მინდება, გავაკეთო უფრო მეტი, ვისწავლო და დავნერგო სიახლე.

იმ პირობებში, როდესაც ქართული სავალუტო ვაჭრობის ბაზარი, ფაქტობრივად, არ არსებობს, როგორ ფიქრობთ, რა დრო დაგჭირდებათ იმისთვის, რომ დააინტერესოთ ქართველები და ამ ქსელში ჩართვა აიძულოთ?

10 წამიდან უსასრულობამდე. პრესკონფერენციაზე, როდესაც საუბარს და პრეზენტაციას მოვრჩი, მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, რაღაც ისეთი, რაც ეფექტს მოახდენდა მსმენელებზე, ჟურნალისტებზე. მე უბრალო ბიზნესმენი ვარ, არ ვარ შოუმენი, თუმცა ამ დროს მჭირდებოდა შოუ. ვითხოვე მოხალისე. ადამიანმა, რომელსაც არასდროს უვაჭრია ფულით და არც იცოდა, ეს როგორ კეთდებოდა, რამდენიმე წამში მიიღო $15, თუმცა რადგან ეს სადემონსტრაციო გარიგება ჩემს ანგარიშზე მოხდა, მე მას დიდი მადლობა გადავუხადე იმ $15-იანი მოგებისთვის, რომელიც მან ჩემს ანგარიშს მოუტანა. კონფერენციის დასრულების შემდეგ ჩემთან რამდენიმე ჟურნალისტი მოვიდა, რომლებმაც მკითხეს, სად შეიძლებოდა მოსულიყვნენ ვაჭრობის შესასწავლად და მეც ვუთხარი მათ, რომ უფასო სემინარების ჩატარებას ვიწყებთ. რამდენიმე წუთში მე დავინახე ადამიანების დაინტერესება, დანარჩენი ინდივიდუალურია და დროზეა დამოკიდებული. ეს არ არის მარტივი, ეს არ არის თამაში, ეს ხანგრძლივი და რთული სამუშაოა, სამუშაო, რომელიც არ სრულდება, სამუშაო, რომელიც მუდმივია და ითხოვს სიფხიზლეს თითქმის 24 საათის განმავლობაში. იცვლება ბაზრები, ვიცვლებით ჩვენ, იცვლება ჩვენი მოთხოვნები და ამ ყველაფერს ფეხი უნდა ავუწყოთ. მაგრამ თუ აქ ცხოვრობ, ამ ყველაფრის ცენტრში ხარ, მაინც არ კარგავ სიმშვიდეს, შენთვის სულერთია, სად ხარ, მთავარი კომპიუტერი და ინტერნეტია, თუ ესეც არ გაქვს, ყოველთვის არის ტელეფონი, რომლის მეშვეობითაც სანდო ბროკერს დაურეკავ. ჩემი მთავარი ამოცანაც ესაა, ვიყო ის საიმედო და სანდო ბროკერი, რომელსაც დაურეკავენ და დახმარებას სთხოვენ.

რას იტყვით საქართველოს არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოზე, ითვალისწინებდით თუ არა საქართველოში შემოსვლისას ამ ფაქტორს და რა რისკები ახლავს ხსენებულ გარემოში მსგავსი ტიპის ბიზნესის წარმოებას?

ჩვენ პოლიტიკას არ ვეხებით, ეს მე საერთოდ არ მაინტერესებს. მესმის, რომ ეკონომიკა და პოლიტიკა განუყოფელია და ერთი მეორეს განსაზღვრავს, თუმცა ჩემთვის ეს თემა არ არსებობს. რაც შეეხება ეკონომიკას, ნებისმიერი ბაზარი, რომელიც ზრდის ეტაპზე იმყოფება, ნიშნავს დიდ პერსპექტივას, უამრავ შესაძლებლობას, რომლებიც ჩვენ წინაშე ჩნდება. სანამ არსებობს ვალუტა, სანამ არსებობს ბიზნესი, ფული, აქციები, ჩემი ბიზნესი იმუშავებს. ვიქნები თუ არა მე კვლავ მასში, ეს არაა გადამწყვეტი, ეს ბიზნესი იყო ჩემამდე და იქნება ჩემ შემდეგაც, ასე რომ თქვენი გარემო ჩვენთვის შესაძლებლობების ზღვაა.

„მასტერ ფორექსი" იწყებს ახალ პროექტს, „ჯენტლმენების საღამო", რას ნიშნავს ეს საღამო?

ეს საცდელი პროექტია. ცოცხალი ურთიერთობები რეალურ ადამიანებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამ შეხვედრაზე მოწვეულ ჯენტლმენებს და ჩვენ ორმაგი ინტერესები გვაქვს, ამ ღონისძიებას მხოლოდ ფინანსების მოზიდვის დანიშნულება არა აქვს. მე ზოგადად ძალიან მიზიდავს სტარტაპები, მიყვარს ახალგაზრდა, ენერგიითა და რეალური იდეებით სავსე ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც მზად არიან, ღამეები გაათენონ და დაუღალავად იშრომონ. დაახლოებით ისე, როგორც მე დავიწყე 7-10 წლის წინ. ეს არ არის არც ქველმოქმედება და არც სიკეთე ერთმნიშვნელოვნად, ეს არის ინვესტიცია. მე ვყიდულობ იდეის ნაწილს. კლუბი კი ძირითადად ურთიერთობა იქნება, ახალი კონტაქტები და კავშირები ბიზნესებს შორის, გამოცდილებების გაზიარება, რაც ახალ პროცესებს დაძრავს და ეკონომიკურ აღმასვლას დააჩქარებს.

„ჯენტლმენების საღამო" მხოლოდ აქ არ ტარდება, ჩვენ ვნერგავთ ამ ტრადიციას ყველგან, სადაც ჩვენი ფილიალია გახსნილი. ნამდვილად ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რა გამოვა აქედან, ან რა შედეგს მივიღებთ საბოლოოდ. სხვა საკითხია, რა მინდა მე, მე მინდა ახალი მეგობრები. რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რომ შეუძლებელია მეგობრებთან ბიზნესის წარმოება, მე მაინც ყოველთვის ვისურვებ, რომ ჩემი ბიზნესპარტნიორები ჩემი მეგობრები იყვნენ. შედეგებზე ალბათ უფრო მეორე შეხვედრის შემდეგ შევძლებ საუბარს, ისე კი ეს არის საღამო, სადაც ჯენტლმენები ერთმანეთს შეხვდებიან, მოწევენ სიგარებს, დალევენ კონიაკს და ბევრს ისაუბრებენ ბიზნესზე. ერთგვარი უფასო სემინარები ერთმანეთისთვის.

როგორია თავად იგორ ვოლკოვი, არამილიონერი და არაბიზნესმენი?

ჩემი ცხოვრება - ჩემი სამსახურია. მე ვაკეთებ ამას და მე მიყვარს ეს. მე მიყვარს მოგზაურობა და ბევრს ვმოგზაურობ. თუ მკითხავთ, სად ვმოგზაურობ, ვმოგზაურობ იქ, სადაც ჩემი კომპანიის ფილიალები იხსნება. ერთადერთი ჩემი გატაცება, რომელიც ჩემს სამსახურს არ უკავშირდება, არის ჩემი უზომო სიყვარული ჩინური ჩაის, ჩინური ბალახებისა და ნაყენების მიმართ. საათობით შემიძლია ვისაუბრო ჩაიზე, რომელი როგორ უნდა დაყენდეს და ა.შ. ყველა დანარჩენი კი უკავშირდება ბიზნესს. ერთი მხრივ, ეს შეიძლება ძალიან მოსაწყენად მოგეჩვენოთ, თუმცა ასეა, მე ტრეიდინგის სტილში ვცხოვრობ.

რას გეგმავთ სამომავლოდ?

კონკრეტულ გეგმებს თუ გულისხმობთ, მე ვგეგმავ ბოლომდე მივიყვანო ჩემი პროექტი უნივერსალური ბროკერის შექმნის თაობაზე. ზოგადად კი ჩემი მთავარი გეგმა ისაა, რომ ისე ვიცხოვრო, ჩემი მეუღლე, ჩემი მშობლები, ნათესავები და მეგობრები ჩემით ამაყობდნენ.

რას ეტყოდა „ფორბსის" ქართველ მკითხველებს 27 წლის მილიონერი?

შემიძლია დავიწყო აგიტირება, რომ ისარგებლოთ ჩვენი კომპანიის სერვისებით, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ. ფულმა უნდა იმუშაოს, ფული გხდით დამოუკიდებელს, წარმატებულს, შემდგარს, თუმცა ფული მთავარი არ არის. მთავარია ოჯახი და ის ადამიანები, რომლებიც გარშემო გყავს. ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ცოტა მეგობარი მყავს ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე და ის ადამიანები, რომლებსაც ახლა ჩემს საქმეს ვანდობ და ვინც გვერდში მიდგას მუშაობისას, ჩემი პარტნიორებიც არიან და ჩემი მეგობრებიც, მათი ასაკი 45-50 წელია. უნდა დავაფასოთ, რაც გვაქვს. თუ მკითხავთ, დავთმობდი თუ არა ამ ყველაფერს, ამ წარმატებას, ამ შედეგს ოჯახის გამო - კი, რა თქმა უნდა, ძალიან ადვილად.

 

წინა სტატია

დავით საყვარელიძე – სახელმწიფო თეატრიდან საკუთარ ოპერამდე
28 ნოემბერი, 2013

შემდეგი სტატია

ციფრული დივიდენდები
03 დეკემბერი, 2013
Forbes Georgia: 30 Under 30 - პოლიტიკა და საზოგადოება
რეიტინგი | აგვ, 22, 2018
საქართველოს რკინიგზამ გასული წელი 354.1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | აგვ, 23, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ფინანსები
რეიტინგი | აგვ, 24, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა