სახეშეცვლილი თბილისი

სახეშეცვლილი თბილისი

ტექნიკური რეგულირება და საინჟინრო განათლების სისტემის გამოწვევები

მშენებლობის დარგში მოქმედი რეგულაციები (ნაწილობრივ საბჭოთა პერიოდიდან გადმოყოლილი, ნაწილობრივ დამოუკიდებლობის წლებში ჩამოყალიბებული) უნდა დაიხვეწოს, ან ახლიდან ჩამოყალიბდეს. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაც მოითხოვს, რომ უნდა მოხდეს ეროვნული მარეგულირებელი აქტების მოდერნიზება და მათი ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზება.

ამჟამად პარლამენტში განსახილველად წარდგენილია კანონპროექტი “საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის შესახებ”, რომლის თანახმადაც, კანონში გათვალისწინებული უნდა იქნეს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CEN) მიერ შემუშავებული სამშენებლო კოდები (ევროკოდები) და სხვა საერთაშორისო სტანდარტები. ასევე, აზიის განვითარების ბანკის კრედიტით იგეგმება ევროპული ტექნიკური მარეგულირებელი აქტების შემუშავება საგზაო მშენებლობისთვის. ისმის კითხვები: თუ კანონპროექტი “სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის შესახებ” კანონად იქცა, ან აზიის განვითარების ბანკის პროექტი განხორციელდა, არიან თუ არა დღეს საქართველოში კვალიფიციური ინჟინრები, რომლებიც შეძლებენ ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული მარეგულირებელი დოკუმენტებით მუშაობას? ვინ და როგორ წარმართავს აღნიშნული კოდექსის თანხმლებ ინჟინერთა სერტიფიცირების პროცესს? იქნება კი შესაძლებელი მარეგულირებელი აქტების მუდმივი განვითარება ისე, რომ შენარჩუნებული იყოს მათი მიმდინარე დროისთვის შესაბამისობა? არის კი შესაძლებელი შესაბამისი სტრუქტურების ჩამოყალიბება, რომლებიც აღნიშნული სტანდარტების საფუძველზე მაკოორდინირებელი და მარეგულირებელი ფუნქციების (სამშენებლო ნორმებისა და წესების განხილვა-დამტკიცება, საზედამხედველო ფუნქციები და ა.შ.) სათანადოდ შესრულებას შეძლებენ?

ამ კითხვებზე პასუხად, ცხადია, პრობლემის უცხოელი ექსპერტების ე.წ. ტრენინგებით მოგვარება განიხილება. უნდა აღინიშნოს, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ტექნიკური დახმარების პროექტებზე, მათ შორის ადგილობრივ ტრენინგებზე, მრავალი მილიონი დოლარია დახარჯული. მიუხედავად ამისა, დღემდე ამ დახმარებებით არც ერთი საერთაშორისო დონის ადგილობრივი სპეციალისტი არ ჩამოყალიბებულა. ეს გასაგებია, ვინაიდან ქვეყანაში არასათანადო ფუნდამენტური საინჟინრო განათლების სისტემის უქონლობის პირობებში, “ტრენინგების პოლიტიკით”, ასეთი მიზნის მიღწევა შეუძლებელია. აღნიშნულში დონორი ორგანიზაციების დადანაშაულება არამართებულია და მიზეზად წლების განმავლობაში ტექნიკური დახმარების პროექტების არაეფექტიანი და არასათანადოდ კოორდინირებული მართვა უნდა იქნეს მიჩნეული.

ცხადია, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ადგილობრივი ინჟინრების არარსებობის პირობებში, ევროპულ ტექნიკურ სტანდარტებთან ჰარმონიზების ამოცანა მხოლოდ უცხოელი ექსპერტების დახმარებით შეიძლება გადაწყდეს. საყოველთაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ, ამ შემთხვევაში, პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მეშვეობით მოწვეულ იქნას კონკრეტული (მაგ. სამშენებლო) დარგის უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც რომელიმე ევროპული ქვეყნის სტანდარტების ანალოგიით, საქართველოს სახელმწიფო სტანდარტებსა და მარეგულირებელ აქტებს ჩამოაყალიბებს, რაც ქართულ ენაზე ნათარგმნი სახით მთავრობისთვის წარდგენისა და შესაბამისი განხილვის პროცედურის გავლის შემდეგ კანონის სახეს მიიღებს.

ამ მოყვანილი სქემით, სასურველი მიზნის მიიღწევა ძალიან ძნელი იქნება შემდეგი მიზეზების გამო:

–         უცხოელი ექსპერტების მიერ შექმნილი სტანდარტები, იმისათვის, რომ ისინი საქართველოში დამკვიდრდეს, უცილობლად საჭიროებს ადგილობრივი ექსპერტების მიერ მათ სრულ აღქმა-გათავისებას, რაც შესაბამისი აკადემიური ცოდნის გარეშე მიუღწეველია და ე.წ. ტრენინგებით არ კომპენსირდება. განვითარებულ ქვეყნებში ტექნიკურ სტანდარტებს ადგილობრივი კვალიფიცირებული ინჟინერ-ექსპერტთა ჯგუფები/ასოციაციები ქმნიან.

–         ტექნიკური სტანდარტები და მარეგულირებელი აქტები მუდმივ სრულყოფა-განვითარებას მოითხოვს, რასაც საერთაშორისო სტანდარტების მცოდნე ადგილობრივი ექსპერტები უნდა ახორციელებდნენ. ამ უკანასკნელთა არარსებობის პირობებში, საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად, შესაძლოა, ისევ უცხოელი ექსპერტების მოწვევა, ანუ კვლავ დონორებისთვის დახმარების მოთხოვნა გახდეს საჭირო.

რომელიმე დარგობრივი ტექნიკური სტანდარტისა და მარეგულირებელი აქტების დასანერგად, შესაბამისი დარგის ინჟინერთა ადგილობრივი კორპუსის ჩამოყალიბება აუცილებელი წინაპირობაა. სამწუხაროდ, სადღეისოდ, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული რეალობა არ იძლევა იმედის საფუძველს, რომ რომელიმე ქართული უნივერსიტეტი შეძლებს უახლოეს მომავალში საერთაშორისო კვალიფიკაციის ინჟინრების მომზადებას. ასევე არც დასავლეთში განათლებამიღებული თითო-ოროლა ქართველი ინჟინრის საქართველოში დაბრუნებით მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივაა დამაიმედებელი.

აქვე უნდა აღინიშნოს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიისა და ცნებების პრობლემა. ქართული ტექნიკური ტერმინოლოგია მრავალი ათეული წლის განმავლობაში ყალიბდებოდა და ქართულ ენაზე ტექნიკური კომუნიკაციის საფუძველს უზრუნველყოფდა, მაგრამ მას როგორც პრაქტიკული, ისე ქართულენოვანი უმაღლესი ტექნიკური განათლების სისტემის მიზნებისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მუდმივი განვითარება სჭირდება. ამიტომ აუცილებელია ახალი სტანდარტების ჩამოყალიბების პროცესში იმ ქართველ ინჟინერთა ჩართვა, რომლებიც წლების განმავლობაში ოპერირებდნენ საყოველთაოდ დამკვიდრებული ქართული ტექნიკური ტერმინებითა და ცნებებით. მათი მონაწილეობა ახალი სტანდარტის ჩამოყალიბების პროცესში უზრუნველყოფს თანამიმდევრულ გადასვლას ახალ ქართულ ტექნიკურ ტერმინებსა და ცნებებზე და დარგში მოქმედ ინჟინერთა ადეკვატურ “თაობათა ცვლას”.

ზემოთქმულიდან და ეკონომიკური განვითარების არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ტექნიკური რეგულირების სრულყოფის ამოცანა დაუყოვნებელ გადაწყვეტას ითხოვს და ვერ დაელოდება უმაღლესი საინჟინრო განათლების მიღებისა და პროფესიული სრულყოფის სრული ციკლის (სკოლა > უმაღლესი საინჟინრო განათლება > პროფესიული გამოცდილება) ჩამოყალიბებას. ზემოთ დასმული პრობლემები დღეს არსებული ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებით უნდა გადაწყდეს. კერძოდ, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ არსებული, სპეციალური კრიტერიუმებით შერჩეული, ზუსტ სამეცნიერო და საინჟინრო დარგებში ცოდნა-გამოცდილებისა და მაღალი ანალიტიკური უნარის მქონე პირების გამოყენებით. უნდა განხორციელდეს სპეციალური პროექტი, რომლის პირველ ეტაპზე მოხდება “ცოდნის იმპორტი” – საერთაშორისო/ევროპული სტანდარტის შესაბამისი ცოდნის მქონე ქართველ პროფესიონალ ინჟინერთა ძირითადი გუნდის ჩამოყალიბება. მეორე ეტაპზე კი განხორციელდება “იმპორტირებული ცოდნის გამოყენება” ორი მიმართულებით: 1) საერთაშორისო/ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებული ტექნიკური მარეგულირებელი აქტების შექმნა; 2) საერთაშორისო/ევროპული სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი სასწავლო კურსების დანერგვა/გავრცელება საქართველოს უნივერსიტეტებში.

პროექტი შეიძლება განხორციელდეს “სახელმწიფო-კერძო სექტორის პარტნიორობის” (Public- Private Partnership) კონცეფციის გამოყენებით, სადაც სავარაუდო პარტნიორებად განიხილებიან: საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, კერძო საინვესტიციო ფონდი, დაინტერესებული უმაღლესი სასწავლებლები, დარგთან დაკავშირებული კერძო საკონსულტაციო და პრაქტიკული საქმიანობით დაკავებული კომპანიები და პროფესიული ასოციაციები.

აღნიშნული თანამშრომლობის ერთ-ერთი ელემენტი შეიძლება იყოს საქართველოს მთავრობისა და ერთ-ერთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის საკრედიტო ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება პროექტის სხვა ზემოთ ჩამოთვლილ მონაწილეთა როლები და პასუხისმგებლობები. თუ დაფინანსებაზე სრულ პასუხისმგებლობას კერძო საინვესტიციო ფონდი აიღებს, მონაწილეთა როლები შესაბამისად ჩამოყალიბდება.

პროექტი სავარაუდოდ განხორციელდება 18-თვიან ვადაში საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე შერჩეული საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე საკონსულტაციო კომპანია/კონსორციუმის მიერ, რისთვისაც უნდა მომზადდეს შესაბამისი ტექნიკური დავალება. წინამდებარე ფორმატი ასეთი ტექნიკური დავალების განხილვის საშუალებას არ იძლევა.

შემოთავაზებული მიდგომით, რეგულაციების შექმნა, ინჟინერთა სერტიფიცირება და კონკრეტულ ტექნიკურ დარგში უმაღლესი განათლების სრულყოფა განიხილება ერთიან პროცესად, რაც პროექტის მაღალ ეფექტიანობას უზრუნველყოფს. ცხადია, არ იგულისხმება, რომ ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე მარეგულირებელი საქმიანობები უნდა შეჩერდეს და ზემოთ აღწერილი სქემით პრობლემის მოგვარებას დაელოდოს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება აქ არ განიხილება, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იგი ბევრად ნაკლები იქნება იმ თანხებზე, რომლებიც დონორი ორგანიზაციებისაგან შესაბამისი დარგობრივი განვითარების მიზნით მიღებულ კრედიტებსა და გრანტებში გამოიყოფა. ასევე, ეჭვს არ იწვევს, რომ სათანადოდ დაგეგმილი პროექტის ხარჯი-სარგებლის ანალიზი, 20-წლიან პერსპექტივაზე გათვლით, მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგს აჩვენებს.

დაბოლოს, აქ წარმოდგენილი მიდგომა მოიცავს ბევრ ისეთ ნიუანსს, რომელთა დეტალური განხილვა სცდება სტატიის ფარგლებს. შესაძლოა, ვინმეს უკეთესი იდეა ჰქონდეს. მაგალითად, ლაპარაკია, რომ უკვე დაიწყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის მშენებლობა, მაგრამ არაფერია ნათქვამი უნივერსიტეტის პრიორიტეტებზე, თუ რა უნდა ისწავლებოდეს და ვინ და როგორ უნდა ასწავლოს ასეთ უნივერსიტეტში. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ხომ ამთავითვე უნდა დაიწყოს მსჯელობა. საზოგადოდ, სხვადასხვა საპროექტო წინადადების შეფასებისას, საყოველთაოდ ცნობილი მეთოდია ამა თუ იმ საპროექტო წინადადების როგორც სხვა პროექტებთან შედარება, ისე იმ შედეგთან შედარება, რომელსაც პროექტის განუხორციელებლობა და არსებული ვითარების უცვლელად შენარჩუნება მოიტანს. ამ შემთხვევაში შესაძლოა მივიღოთ ბევრი იმის მსგავსი შედეგი, რაც ქალაქმშენებლობის არაკომპეტენტური რეგულირებით მივიღეთ “სახეშეცვლილი დედაქალაქის” სახით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *