შეუძლია თუ არა გუნდს ქალაქის გარდაქმნა?

Sacramento Kings-ისა და Dallas Mavericks-ის თამაშის წინ, ვივეკ რანადივე იმყოფება თავისი გუნდის სავარჯიშო ბაზაზე მდებარე მოკრძალებულ ოფისში. შემდეგ უკეთესი იდეა უჩნდება: “მოდი, ეზოში ჩავიდეთ. ჩემი ვაჟი იქ სროლაში ვარჯიშობს”.

Kings-ის ახალი მფლობელი სავარჯიშო დარბაზის, Sleep Train Arena-ს წინ, პლასტმასის სკამზე ზის და უყურებს, როგორ ისვრის მიზანში მისი 26 წლის ვაჟი ანდრე. ის მშვიდად იღიმის, კალათბურთის ბურთის მონოტონური დარტყმების ფონზე თავის ბუნებრივად რბილ ხმას უწევს და ჩვენ ვიგებთ, რომ მილიარდი დოლარი, რომელიც მან და მისმა პარტნიორებმა Sacramento-ში დააბანდეს, “ათწლეულის საუკეთესო ინვესტიცია” იქნება.

თქვენი და თქვენი პარტნიორების საუკეთესო ინვესტიციას გულისხმობთ?

“არა, ყველას”.

გეპატიჟებით ვივეკ რანადივუს სამყაროს კარგად გასაცნობად. მან განათლება მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და ჰარვარდის ბიზნესსკოლაში მიიღო. 56 წლის რანადივემ ქონება მომავალ სილიკონის ველზე შეიძინა, როდესაც უოლ-სტრიტისთვის პირველმა შექმნა ინფორმაციის რეალურ რეჟიმში დამუშავების საშუალებები (მისი წილი მის მიერ დაფუძნებულ საფინანსო კომპანია Tibco-ში $150 მილიონს აღემატება). მოგვიანებით რანადივემ ახლებურად გაიაზრა კალათბურთი და მისი 12 წლის ქალიშვილის პატარა გუნდი, რომელიც მუდმივი პრესით ღლიდა უფრო ძლიერ და გამოცდილ მოწინააღმდეგეებს, ლამის ნაციონალურ ჩემპიონად აქცია. (დავითისა და გოლიათის ამბავი 2009 წელს გახდა პოპულარული, New Yorker-ში გამოქვეყნების შემდეგ). მისი პირველი ნაბიჯი NBA-ში იყო პატარა (10%-ზე ნაკლები) წილი Golden State Warriors-ში, რომელიც სამ წელიწადში თითქმის გაორმაგდა, ვინაიდან, თანამედროვე სტადიონის წყალობით, გუნდის ღირებულება $450-დან $800-მდე გაიზარდა. რანადივემ ის Kings-ის შეძენის შემდეგ გაყიდა.

“ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის არასტანდარტულად აზროვნებს. მისი აზროვნება წესებზე მაღლა დგას, – ამბობს კევინ მანეი, რომელიც რანადივესთან ერთად გახლავთ წიგნ The Two-Second Advantage-ის თანაავტორი, – დაივიწყეთ ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ აკეთებდით ყველაფერს და იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდით წესების არარსებობის შემთხვევაში”.

სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, როდესაც რანადივემ გასული წლის ივნისში Kings-ის საკონტროლო პაკეტი მოიპოვა, მან ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ გუნდი ქალაქიდან არ წამოსულიყო. “ჩვენ ვქმნით 21-ე საუკუნის ქალაქს, – გვიხსნის ის და მის ხმაში საერთოდ არ ისმის არც ეჭვი და არც ირონია, – ასე იყო რომის იმპერიაში. ქალაქები შენდებოდა კოლიზეუმების ირგლივ”. საკრამენტოს გარდაქმნისთვის ქალაქს ექნება ახალი სტადიონი და Kings-ი მის ირგვლივ განვითარდება, რაც ქალაქის აღორძინებას შეუწყობს ხელს.

თავის აზარტულ თამაშში რანადივე ხშირად აკეთებს მცდელობებს, ხშირად არ უმართლებს ეკონომიკური განვითარების მოდელის განხორციელებაში, რომელიც ამჯერად სან-ფრანცისკოდან გადმოიღო. მისი თქმით, Bay Area-ზე ფასების ზრდა ხელს შეუწყობს აღმოსავლეთის მიმართულებით 90 მილის მანძილზე მიგრაციას, რაც საკრამენტოზე მოთხოვნას შექმნის. “აქ არის კვების საწარმოები, ჯანდაცვის ინდუსტრია. სან-ფრანცისკო უფრო ძვირი ხდება”, – ამბობს ის და ჩუმდება, ფიქრს იწყებს იმაზე, რომ საკრამენტო არ არის სან-ფრანცისკო (რასაც სან-ფრანცისკოს ნებისმიერი მცხოვრები მაშინვე გეტყვით). რაც შეეხება ახალ სტადიონს, საქალაქო დაფინანსება ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. ის ამაზე არ ნერვიულობს. “დიდ ქალაქში შესვლას აზრი არა აქვს, – ამბობს ის, – უფრო მნიშვნელოვანია, რაღაცა აქ ავაშენოთ”.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი სპორტული ეკონომისტი გეტყვით, რომ ამისთვის ის მეორე რობერტ მოზესი უნდა ყოფილიყო. შტატის დედაქალაქი საკრამენტო განსაკუთრებით სარისკოა. დავიწყოთ იმით, რომ ეს არ არის კორპორაციული ქალაქი – აქ არ ტრიალებს იმდენი ფული, რამდენიც სილიკონის ველზე. უმუშევრობა 8%-ს შეადგენს. უმრავლესობა საჯარო სექტორშია დასაქმებული და არა რომელიმე კერძო საწარმოში. გარდა ამისა, საოფისე ვაკანსიების დონე 20%-ზე არის შეჩერებული. ძნელი წარმოსადგენია, ვინ უნდა იცხოვროს რანადივეს მომავლის ქალაქში.

მას ჯერ კიდევ ჰყავს ადამიანები, რომლებსაც ამის სჯერა და მათ უკვე საფულეები ამოიღეს. ის და მისი პარტნიორები, – Qualcomm-ის აღმასრულებელი დირექტორი პოლ იაკობსი, Facebook-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი კრის კელი, 24-Hour Fitness-ის დამფუძნებელი მარკ მასტროვი და NBA-ს ლეგენდარული მოთამაშე შაკილ ო’ნილი, ფლობენ Kings-ის აქციების 65% წილს, რომელიც მათ ყოფილი მეპატრონეებისგან, ჯო და გევინ მალუფებისგან, $348 მილიონად შეიძინეს. ამ გარიგების წყალობით კლუბის გაყიდვის ფასმა $534 მილიონი შეადგინა – ეს რეკორდულად მაღალი ფასია (გარიგებასთან მიახლოებული წყაროები იუწყებიან, რომ გუნდის ყიდვისთვის მათ თანხის 43% NBA-ს საკრედიტო განყოფილებიდან ისესხეს). მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა უძრავი ქონების დეველოპერმა, რომელმაც თავი ბანკროტად გამოაცხადა, ბობ კუპმა აქციები შეიძინა, მათი წილი 72%-მდე გაზარდა.

მათ ასევე დააბანდეს $190 მილიონი $448-მილიონიან ცენტრალურ სტადიონში, რომელიც 2016 წელს გაიხსნება და მთავარი – $500-მილიონიანი ინვესტიცია, მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ, მაგრამ ჯერ დაუზუსტებელ პროექტში, რომელშიც განთავსდება საოფისე ფართები, საცალო მაღაზიები, კონდომინიუმები და რესტორნები.

პარტნიორების $1-მილიარდიანმა ვალდებულებამ გავლენა მოახდინა NBA-ს მმართველ საბჭოზე, რომელსაც არ სურდა სხვა გუნდის წაწევა და უარი თქვა, Microsoft-ის CEO-ს, სტივ ბალმერისა და ჰეჯ-ფონდის მმართველის კრის ჰანსენის (რომელსაც Kings-ის სიეტლში გადაყვანა უნდოდა), მიერ შემოთავაზებულ უფრო მაღალ ფასზე.

ასევე სასიკეთოა რანადივეს მზადყოფნა, უარი თქვას ლიგიდან მიღებული შემოსავლის განაწილებაზე, მხარი დაუჭიროს საკრამენტოს მერს, კევინ ჯონსონს, რომელიც NBA-ს ვარსკვლავი იყო Phoenix Suns-ში და რომელსაც, როგორც პოლიტიკოსთა უმრავლესობას, ეშინოდა გამხდარიყო ბიჭი, რომელმაც “დაღუპა ჩვენი გუნდი”. ჯონსონმა პირადად დაიქირავა რანადივეს გუნდი და დაეხმარა ბროკერს სტადიონის მშენებლობის ხელშეკრულების გაფორმებაში. “ეს მძიმე ბრძოლა იყო. ჩვენ აქ არ უნდა ვყოფილიყავით”, – ამბობს ჯონსონი.

ისე ჩანს, რომ ისინი ჯერ დასაწყისში არიან. გაურკვეველ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი Kings-ი, რომელსაც 2006 წლის შემდეგ არ ჰქონია პოსტსეზონური მატჩები, არ ჰგავს ურბანული განახლების კატალიზატორს. 1948 წელს ნიუ-იორკის შტატის ქალაქ როჩესტერში შექმნილი გუნდი, 1985 წელს, საკრამენტოში გადმოსვლამდე, თამაშობდა ცინცინატიში, კანზას-სიტისა და ომაჰაში. 2000 წლების დასაწყისიდან შუამდე, წარმატების მიღწევის შემდეგ, როდესაც ისინი რეგულარულად იგებდნენ და ჰყავდათ ნიჭიერი მოთამაშეები – კრის ვებერი, მაიკ ბიბი და პეჟა სტოიაკოვიჩი – მდგომარეობა უარესობისკენ ძალიან მკვეთრად შეიცვალა. მალუფმა, რომელიც გარე ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა, მოთამაშეებს ხელფასები შეუმცირა, გუნდი დაასუსტა და გულშემატკივრები დაკარგა. 2012-13-ში მას ლიგაში ყველაზე დაბალი დასწრება ჰქონდა, რომელიც13,700 შეადგენდა. ამბობდნენ, რომ Kings-ი გადავიდოდა ვირჯინია-ბიჩში, ან ანაჰეიმში, ვიდრე არ გამოჩნდა თეთრი რაინდი რანადივე და სიეტლში გადასვლა გადადო.

მმართველობაში მოსვლის შემდეგ რანადივე, მისთვის დამახასიათებელი თავდაჯერებით, პროექტში ჩაერთო. უჩვეულო გადაწყვეტილებებს მიაგნო იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც სხვებს გააღიზიანებდა. ეს იყო ახალი კამერები მოედანზე, კომპიუტერები, მოპოვებული მონაცემები, რომლებიც შეცვლიან NBA-ს ვარჯიშებს, როგორც ეს ბეისბოლსა და ფეხბურთში მოხდა. მოედნის ფარგლებს გარეთ მისი გუნდი გახდა ლიგის პირველი წევრი, რომელმაც ტრანზაქციებისთვის მოდური ვალუტის, ბიტკოინების მიღება დაიწყო. Qualcomm-ის მიერ შექმნილ აპლიკაციას მისი მომხმარებლების შესახებ უპრეცედენტოდ დეტალური ინფორმაციის გაცემა შეუძლია. სად ცხოვრობენ, რას ჭამენ და საშუალოდ რამდენს ხარჯავენ. “ეს იმას ჰგავს, როცა კაზინომ იცის, რომ ბლეკ ჯეკის მოთამაშემ ზედიზედ სამჯერ წააგო და მასთან გზავნის ოფიციანტს, რომელიც სასმელს სთავაზობს, – ამბობს Kings-ის პრეზიდენტი კრის გრეინჯერი. – ჩვენ ყველა დეტალს ვაქცევთ ყურადღებას”.

ახალი სტადიონის ხელშეკრულების დამტკიცების მოლოდინში Kings-ი უფრო პატარა ინიციატივებს ახორციელებს. ის ახდენს სპონსორების ინტეგრირებას ფანატებთან, რომლებსაც, გუნდის საშუალებით, Kings-ის ოფიციალური სამედიცინო კომპანიის, Kaiser Permanente-ის ჯანდაცვის მომსახურებაზე შეუძლიათ ჩაწერა. წელს გაყიდული ყოველი ახალი სეზონის ბილეთის საფასურის 10% ერიცხება ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციას და მიუხედავად კიდევ ერთი ცუდი სტარტისა (16 იანვარს ისინი იყვნენ 14–23), ფანატები მხარს უჭერენ ახალ მფლობელებს. ამ სეზონში გუნდმა გაყიდა თითქმის 5 000 ახალი სეზონური ბილეთი — ყველაზე მეტი ლიგის წევრებს შორის. თამაშზე საერთო დასწრება 17%-ით გაიზარდა და 16,000 შეადგენს.

თუმცა, ნებისმიერი ანალიზის თანახმად, თავისი საკალათბურთო გუნდის გაძლიერებისთვის რანდივეს კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. მომავლის ქალაქი? ჩვენ ამაში წარმატებს ვუსურვებთ. მას ის ნამდვილად სჭირდება.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის აპრილის ნომერში)

წინა სტატია

გერლფრენდის ძალა. ინტერნეტვაჭრობა
24 აპრილი, 2014

შემდეგი სტატია

უკანასკნელი საზღვარი: ეთიოპიის შორეული ომოს ხეობა
25 აპრილი, 2014
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა