ახალი სტანდარტი

ახალი სტანდარტი

“დირსის” 8 ჰექტარზე დაწყებული პროექტი თითქმის ექვსჯერ გაიზარდა და ხუთ ეტაპად ვითარდება. დღევანდელი გათვლებით, მომდევნო 10 წელიწადში ინვესტიციები მილიარდ ამერიკულ დოლარს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს. შაჰინ მოვსუმოვი სხვა დარგებითაც ინტერესდება და საქართველოს პოტენციალს აქტიურად სწავლობს.

ადამიანი ყველაზე ადრეული ასაკიდან თავად უნდა მიხვდეს, რომ ყველაფერი საკუთარი ხელით უნდა აკეთოს”, – ასეთია შაჰინ მოვსუმოვის ცხოვრებისეული კრედო. მისთვის ბიზნესში წარმატება მუდმივ თვითგანვითარებას გულისხმობს: მოგზაურობას, შემეცნებას, შრომისმოყვარეობას და, რაც მთავარია, საკუთარ რეპუტაციაზე გამუდმებულ ზრუნვას. მისთვის ბიზნესმენი ე.წ. რისკტეიკერია: რისკის არ უნდა ეშინოდეს და მისი მართვა უნდა შეეძლოს.

მომავალს თვალს უშიშრად უსწორებს. ამბობს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის ხანაში მოსალოდნელია, რომ მთელი რიგი ინდუსტრიები, რომლებიც უკვე 50-100 წელია, რაც არსებობენ, გაქრებიან და მათ მაგივრად შეიქმნება ახალი ინდუსტრიები, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან ალტერნატიულ ენერგიებთან, ეკომანქანებთან, კოსმოსურ აღმოჩენებთანაც კი. ამბობს, რომ ბიზნესმენი ყოველთვის მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მის რეალობაში რაღაც შეიცვლება, უნდა ესმოდეს, რომ არ ღირს შიში იმის გამო, რომ რაღაცამ შეიძლება აღარ იმუშაოს ან წარუმატებლად დასრულდეს. შაჰინ მოვსუმოვს სჯერა, რომ ყველაფერ ძველს ახლის შექმნისკენ მივყავართ.

სწორედ ახალი სტანდარტის შექმნის სურვილით დაიწყო “დირსის” პროექტი საქართველოში. გრძელვადიან ინვესტიციას დღემდე ერთგულად მართავს და დივერსიფიცირებისთვის ახალ სექტორებსაც აქტიურად ზვერავს.

Forbes Georgia-ს მკითხველი მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ ინფორმაციას ამ ინტერვიუდან მიიღებს.

მოგესალმებით, ბატონო შაჰინ. მოდი, ჩვენი საუბარი სულ თავიდან დავიწყოთ. პროფესიით იურისტი ხართ. რატომ გადაწყვიტეთ ასე?

პირდაპირ გეტყვით, მოდას ავყევი. მაშინ, 90-იან წლებში, პროკურორობა მოდური იყო. დავამთავრე იურიდიული, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვიმუშავე პროკურატურაში. 2000 წელს დავწერე განცხადება და ჩემი ნებით წამოვედი. მივხვდი, რომ დრო მოვიდა, გამერკვია, საით უნდა ამეღო საბოლოოდ გეზი – საჯარო სექტორში დავრჩენილიყავი თუ კერძო სექტორში გადამენაცვლა. მე ბიზნესი ავირჩიე. ჩანს, არ შევმცდარვარ.

და მაინც, რატომ ბიზნესი?

90-იანი წლები გარდამტეხი პერიოდი იყო – არა მარტო საქართველოსთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. საბჭოთა კავშირი დაიშალა და ნათლად ვხედავდი, რომ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა – მათ შორის, საქართველოც და აზერბაიჯანიც – კაპიტალიზმისკენ მიდიოდა. მმართველობის სულ სხვა ფორმა ყალიბდებოდა და ამ ახალ კონფიგურაციაში ზუსტად ვიცოდი, რომ მომავალი იმ ადამიანებს ეკუთვნოდათ, რომელთაც ბიზნესის წარმოება შეეძლოთ. მე მქონდა ის უნარები, რომ ჩემს საქმეს ეფექტიანად გავძღოლოდი.

საიდან დაიწყეთ და რამდენად რთული იყო ბიზნესის მაშინ დაწყება?

საბჭოთა კავშირი დაიშალა და ბევრი შესაძლებლობა გამოჩნდა. ჩვენც ნებისმიერ ბიზნესს ვებღაუჭებოდით – მეტალის, ტყავის. რთული დრო იყო და თავი იმით გავიტანეთ, რომ ბევრ ბიზნესს მოვკიდეთ ხელი: ბარტერი, დიზელის საწვავი, მეტალის გაცვლა, არმატურის ირანში გაყიდვა – ყველაფერი ვცადეთ.

დღეს თქვენ დიდ კორპორაციას ფლობთ, ბევრი კომპანიით – ეს იყო ბიზნესის დაწყების მიზანი?

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ბიზნესმენის მიზნები და ზოგადად, ბიზნესი მხოლოდ ფულს უკავშირდება. რეალურად კი ქვეყანაში ძალიან ცოტაა ადამიანები, ვისაც შეგვიძლია ე.წ. რისკტეიკერები ვუწოდოთ – ანუ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რისკზე წავიდნენ, ინვესტიციები განახორციელონ და ამით ქვეყნის ეკონომიკა აამუშაონ. ისინი ლიდერები არიან. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ქვეყანა დგას ბიზნესმენებზე, რომელთაც შეუძლიათ ამგვარ რისკებზე წასვლა, შეუძლიათ სამუშაო ადგილების შექმნა, შეუძლიათ, საკუთარი ქვეყანა გაალამაზონ და განავითარონ.

ჩვენს ჰოლდინგში დღეს დაახლოებით 4000 ადამიანი მუშაობს. მე სულ მქონდა მიზნად, ნებისმიერ სექტორში გამეკეთებინა ის, რასაც საზღვარგარეთ ვხედავდი და მომწონდა. ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი: ვცხოვრობდი ჩინეთშიც, იტალიაშიც. როცა რაიმე საინტერესოს და ინოვაციურს შევამჩნევდი, ყველა ქვეყანაში სტუმრობისას თუ ცხოვრებისას, ერთადერთ კითხვას ვუსვამდი საკუთარ თავს: “რატომ არ შეგვიძლია ჩვენ ამის გაკეთება? რატომ ვერ შევძლებთ ჩვენ მსგავსის შექმნას?” ეს ინტერესი და მიზანსწრაფულობა საქმის წარმატების გარანტი იყო: ჩვენ არ ვიგონებთ ველოსიპედს, ჩვენ ვაკვირდებით ამერიკის, იტალიის, სხვა ქვეყნების მაგალითებს და მათ გამოცდილებაზე ვაფუძნებთ ჩვენს საქმეს – მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ქვეყანას და ჩვენ ერთად გვარგებს. მერწმუნეთ, ადამიანს სიცოცხლეში ბევრი რამ არც სჭირდება. დროთა განმავლობაში ხვდები, რომ მთავარია, ისეთი რამ შექმნა, რაც მომავალ თაობებს დარჩებათ, რაც მათ წინსვლაში დაეხმარებათ – სწორედ ეს წარმოადგენს ჩემთვის ბიზნესის წარმოების უმთავრეს ფაქტორს. არა აქვს მნიშვნელობა, სად – აზერბაიჯანში თუ საქართველოში – ჩემთვის მთავარია სწორი საქმეების კეთება და ამოსავალი მხოლოდ ფულზე ფიქრი არ უნდა იყოს.

საინტერესო იქნება, კონკრეტულად “დირსის” მაგალითზე რომ განვაზოგადოთ ეს ფილოსოფია…

თვითონ პროექტი “დირსიც” რომ ავიღოთ, ჩვენ შეგვეძლო მეტი სახლი აგვეშენებინა და მეტი ფული გვეშოვა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი სულ სხვა რამ იყო. როდესაც ამ მიწის განვითარება გადავწყვიტეთ, ბევრი დაგვცინოდა იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში აქ სანაგვე იყო. თუმცა, რადგან მსგავსი რამ საზღვარგარეთ უკვე ნანახი გვქონდა, ვხვდებოდით, რომ ეს ადგილი თბილისში, მტკვრის მახლობლად, ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, აქაურ მოსახლეობას კომფორტი შევუქმნათ. საკუთარი სახსრებით ვაშენებთ ბულვარს, კორტებს. გვინდა, ცხოვრების ახალი სტილი დავნერგოთ. მე ამ ქვეყანაში მხოლოდ ფულის საშოვნელად არ მოვსულვარ – ეს ტყუილია: მე მინდა, საქართველოს განვითარების ამ ახალ საფეხურზე ჩემი წვლილიც შევიტანო.

“დირსი” ის პროექტია, სადაც ადამიანები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. აქ არის საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტები, სარბენი და ველობილიკების 20-კილომეტრიანი ზოლი.

ჩვენ გვესმის, რომ ნებისმიერი ადამიანი იღვწის საკუთარი შვილებისთვის და ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ ისინი კომფორტულად ცხოვრობდნენ. “დირსი” გეუბნებათ, რომ თქვენ ყიდულობთ არა მხოლოდ სახლს ან ბინას, ან ოთხ კედელს – არა, სამყარო შეიცვალა: თქვენ ყიდულობთ კომფორტს, ცხოვრების სტილს, უსაფრთხოებას. ეს გაცილებით უკეთესი შეთავაზებაა. მე ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს უცხოელი მყიდველი უფრო მეტია – ქართველები ბოლომდე კიდევ ვერ აღიქვამენ ამ ახალ კონცეფციას, რადგან ამისთვის დროა საჭირო. ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ განათლება, წავიდნენ საზღვარგარეთ, ნახონ იქაური ცხოვრების სტილი, დაბრუნდნენ და თქვან: “დიახ, ეს არის მომავლის პროექტი”.

მართლაც ასეა, რადგან თქვენი და თქვენი შვილების ცხოვრების ხარისხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ სუფთა ჰაერზე ხართ, რომ ცენტრს მხოლოდ 5 წუთის გზა გაშორებთ, რომ გაქვთ სარბენი და ველობილიკები, კორტები, მაღაზიები, კაფეები, დაცულები ხართ და ეს მხოლოდ დასაწყისია: ბულვარი, ჯერჯერობით, მხოლოდ 1 კილომეტრია, თუმცა მომავალში ის 4,5 კილომეტრამდე გაგრძელდება.

პროექტის განვითარებისთვის დროა საჭირო. არც ერთი ბიზნესმენი, თუ ის აზროვნებს როგორც ბიზნესმენი, ასეთ პროექტში არ შედის, რადგან სწრაფ მოგებას ვერ ნახავს – ეს გრძელვადიანი ინვესტიციაა. ის კომპანიები, რომლებიც ამგვარ პროექტებს კიდებენ ხელს, ბუნებრივია, არ ფიქრობენ მხოლოდ ფულზე. ეს არის მომავალი, ეს ზუსტად ისაა, რასაც ადამიანები რამდენიმე წლის შემდეგ დააფასებენ – “დიახ, ეს კომპანია ქმნიდა კეთილდღეობას, სიმყუდროვეს, საუკეთესო გარემოს”. ამას ერთ დღეში ვერ მივაღწევთ, ამიტომ ჩვენ აქ დიდხანს დარჩენას ვაპირებთ. დიახ, შესაძლოა, ახლაც არსებობდეს გარკვეული სკეპტიციზმი, მაგრამ ჩვენ ვიცით, საჭიროა დრო, რომ ადამიანებმა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიაზრონ და დააფასონ “დირსის” კონცეფცია და შინაარსი.

ფულს, რომელსაც აქ ჩავდებთ, ალბათ 10 წლის შემდეგ ამოვიღებთ – ეს იქნება ჩვენი აღიარება. მრავალი ადამიანია, რომელიც მზად არის, თუნდაც მოიტყუოს იმისთვის, რომ ფული სწრაფად იშოვოს. მე ვფიქრობ, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რეპუტაციაა და მჯერა, რომ ჩვენი კომპანიის რეპუტაცია ჩვენზე დადებითად იმუშავებს, რამდენი წელიც უნდა გავიდეს.

რატომ საქართველო? რა კონკურენტული უპირატესობა აღმოაჩნდა ამ ქვეყანას თქვენთვის – გრძელვადიანი ინვესტორისთვის?

როდესაც პროექტის განხორციელებაზე დავიწყეთ ფიქრი, რამდენიმე ქვეყანას განვიხილავდით, მათ შორის – რუსეთს. თუმცა, როცა საქართველოში ჩამოვედი, დავინახე, რომ თქვენი ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე იდგა: ქვეყანას ევროპისკენ ჰქონდა გეზი აღებული. დასაწყისისთვის ჩვენი ინვესტიციების მოცულობა გაცილებით მცირე იყო, ვიდრე დღესაა: ქვეყნის პროგრესმა გვიბიძგა უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებისკენ – მეტიც, ჩვენ გადავწყვიტეთ, მთელი ფული მხოლოდ საქართველოში დაგვებანდებინა და პროექტები სხვა ქვეყნებში საერთოდ აღარ დაგვეწყო.

საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტი ყოველთვის ამბობდა, რომ რეგიონში საქართველო აზერბაიჯანისთვის ყველაზე კარგი პარტნიორია და რომ აზერბაიჯანის საინვესტიციო ვექტორები ყოველთვის საქართველოსკენ უნდა იყოს მიმართული.

მოლოდინი გამართლდა: საქართველოში ჩვენი პროექტი წარმატებით ხორციელდება. აღსანიშნავია ყველა ხელისუფლების მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ: მოგეხსენებათ, პროექტის მიმდინარეობისას საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და მოხარული ვარ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდია, ვიდრე მისი წინამორბედის.

დღეს ბიზნესგარემო გაცილებით უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალეა, ვიდრე ადრე იყო. ჩვენ გაგვიჩნდა მეტი მოტივაცია, რომ სხვა პროექტებიც დავიწყოთ საქართველოში და ასეც მოხდება: ვგეგმავთ პროექტებს როგორც სამშენებლო, ისე სოფლის მეურნეობის დარგში. პარალელურად, ცხადია, “დირსის” პროექტს ვავითარებთ. ეს პროექტი სულ რაღაც 8 ჰა-ზე დავიწყეთ, ახლა კი საერთო ჯამში 46 ჰა-ზე ვმუშაობთ. პროექტი 5 ეტაპად განხორციელდება: ეს იქნება ქალაქი ქალაქში, რომელიც 750 ათასი კვ/მ საცხოვრებელ ფართს გააერთიანებს. პროექტი 2028 წლისთვის დასრულდება, რომელიც 10 ჰექტარზე გაშენებულ პარკში 25 ათას მოსახლეს მოუყრის თავს.

სამომავლო გეგმებზე და ახალ პროექტებზე მეტი დეტალი გვაინტერესებს და ამით დავასრულოთ ჩვენი საუბარი: როგორც გავიგეთ, სოფლის მეურნეობის დარგითაც ინტერესდებით…

აზერბაიჯანში ახლახან გავხსენით აგროპარკი. 15 ჰექტარ მიწაზე გავაშენეთ სასათბურე მეურნეობა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა სოფლის მეურნეობის დარგში, ვყიდით პომიდორს და მარწყვს. როგორც ვიცი, მარწყვი საქართველოშიც შემოდის გასაყიდად, ასევე პროდუქციის უდიდესი საექსპორტო წილი რუსეთზე მოდის. ჩვენი დიდი სურვილია და ალბათ ახლო მომავალში უკვე სისრულეში მოვიყვანთ სათბურების პროექტს საქართველოში. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ტერიტორიებს ვეძებთ.

რაც შეეხება “დირსის” და სამშენებლო სექტორში ჩვენს სხვა გეგმებს, “დირსის” კონტექსტში, ამჟამად მეორე ფაზის განხორციელების ეტაპზე ვართ, რაც 2600 ბინის აშენებას გულისხმობს. “დირსის” ტერიტორიაზე აშენდება ორი 40–სართულიანი ცათამბჯენი. შემდეგი ფაზა 180 ათასი კვ/მ საცხოვრებელი ფართის დამატებას ისახავს მიზნად. მეოთხე ფაზა, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც მილიარდი დოლარი იქნება – იტალიური სტილის ვილების აშენებას გულისხმობს. “დირსის” პროექტით სხვა ინვესტორებიც ინტერესდებიან და მათთანაც აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.

სხვა პროექტების დაწყებაც გვინდა, პოტენციალის შესწავლის ეტაპზე ვართ, თუმცა, ცხადია, ეს პროექტები ისეთი მასშტაბური ვერ იქნება, როგორიც “დირსია”. ჩვენ გვესმის ჩვენი მთავარი პროექტის მნიშვნელობა ამ ქვეყნისთვის: ამ გრძელვადიანი ინვესტიციით ჩვენ საქართველოში ცხოვრების თანამედროვე სტილს ვამკვიდრებთ – ეს არის ახალი სტანდარტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *