უკან, ფუტურისტულ მომავალში

30 წელია, რეი კურცვეილი ხელოვნური ინტელექტის დაბადებას წინასწარმეტყველებს. ამასობაში კომპიუტერმა მანქანის მართვაც ისწავლა და Jeopardy!-ის თამაშიც. იქნებ არც კურცვეილის ნაქადაგებ კიბერუტოპიამდე გვიკლია ბევრი?

ენდი გრინბერგი: თქვენ იწინასწარმეტყველეთ, რომ 2045 წლისთვის ტექნოლოგიური პროგრესის მზარდი ტემპი მოგვცემს საშუალებას, შევქმნათ განსაკუთრებული კომპიუტერი - ე.წ. „სინგულარობა" - იმდენად მძლავრი, რომ საკუთარი ტვინის დასკანირებას და მის ამ სუპერკომპიუტერში შენახვას შევძლებთ, რაც, არსებითად, უკვდავებას ნიშნავს.განრიგს ხომ არ ჩამოვრჩით?

რეი კურცვეილი: არა, განრიგს ნამდვილად არ ჩამოვრჩენილვართ, პირიქით. დღეს ხელოვნური ინტელექტი ისეთ ფუნქციებს ართმევს თავს, სამი წლის წინ წარმოუდგენელი რომ იყო. მაგალითად, ატარებს მანქანას გადატვირთულ ქალაქში. Google-ის უპილოტო მანქანებმა, ჯამში, უკვე 140 000 მილი დაფარეს.

ან ის რად ღირს, რომ სუპერკომპიუტერი WATSON-ი თამაშობს IBM-ის Jeopardy!-ის და ჩემპიონებს არაფრით ჩამოუვარდება! 80-იანი წლების დასაწყისში მე ვიწინასწარმეტყველე, რომ 1998 წლამდე კომპიუტერი დაამარცხებდა მსოფლიო ჩემპიონს ჭადრაკში. 1997 წელს ასეც მოხდა. ახლა ხალხი ამბობს: „რა თქმა უნდა, კომპიუტერს შეუძლია ჭადრაკის თამაში, მაგრამ ის ვერასდროს გაეჯიბრება ადამიანს ენის აღქმაში". WATSON-ის შესაძლებლობების ხილვის შემდეგ ეს მოსაზრება ძალიან სარწმუნოდ აღარ ჟღერს.

ენდი გრინბერგი: თქვენ აგრეთვე იწინასწარმეტყველეთ, რომ 2009 წლამდე გვექნებოდა კომპიუტერი 20 პეტაფლოპის დამუშავების შესაძლებლობით. ამ მხრივ გზის მეათედიც არ გაგვივლია.

რეი კურცვეილი: ეს კომპიუტერი შექმნის პროცესშია. 2011 წლისთვის ჩვენ გვექნება 20-პეტაფლოპიანი კომპიუტერი IBM Sequoia. ამ შემთხვევაში ცოტათი დავაგვიანეთ.

ენდი გრინბერგი: რას ფიქრობთ იმ ფაქტზე, რომ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი დღეს ჩინეთს აქვს და არა აშშ-ს?

რეი კურცვეილი: ეს დიდად არ მაღელვებს. მეცნიერების წინსვლით ყველა მხარე ხეირობს.

ენდი გრინბერგი: თქვენ საუბრობთ პროგრესის გარდაუვლობაზე და მის მუდმივ სწრაფვაზე „სინგულარობისკენ". რა მიმართავს ამ პროგრესს „სინგულარობისკენ", ბიზნესი?

რეი კურცვეილი: ფული მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ისეთივე როლი აქვს, როგორიც თიხას - მოქანდაკისთვის. მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორიც: ბიოლოგიურმა ევოლუციამ ჩვენში ინოვაციისკენ სწრაფვის კოდი ჩადო. ტექნოლოგიური ინოვაცია, უბრალოდ, აგრძელებს პროცესს, რომელიც ევოლუციამ წამოიწყო.

ენდი გრინბერგი: ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ინოვაცია უფრო განაპირობებს ბიზნესის მიმართულებას, ვიდრე ბიზნესი - ინოვაციისას?

რეი კურცვეილი: უდავოდ.

ენდი გრინბერგი: თქვენ დაგადანაშაულეს გადამეტებულ ოპტიმიზმში, რომელიც მეცნიერს არ შვენის.

რეი კურცვეილი: თუ დააკვირდებით ტექნოლოგიური პროგრესის გრაფიკს, დაინახავთ, რომ გრაფიკის მრუდის ტრაექტორია სწორ ხაზს წარმოქმნის 1890 წლიდან - დღემდე. მას არ დასტყობია არც პირველი და არც მეორე მსოფლიო ომი, არც დიდი დეპრესია ან თუნდაც უკანასკნელი წლების რეცესია. ეს ძლიერი არგუმენტია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისითაც. ჩემი ოპტიმიზმი იმაზე მეტია, ვიდრე მომავალთან დაკავშირებული მოლოდინი - წინასწარმეტყველებაა, რომელიც ჩვენ თვალწინ სრულდება.

ენდი გრინბერგი: თქვენ 63 წლის ბრძანდებით. სადღაც წავიკითხე, რომ დღეში 200 ტაბლეტზე მეტს იღებთ, რათა „სინგულარობის" შექმნამდე გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე. კვლავ გჯერათ, რომ შეძლებთ მარადიულ სიცოცხლეს ეზიაროთ?

რეი კურცვეილი: ერთობ რთულია თქმა - „მე ვიცხოვრებ მარადიულად". მარადისობა არ არსებობს. თუმცა მალე - ასე, 15 წელიწადში - მივაღწევთ გარდამტეხ მომენტს, რომელსაც გერონტოლოგი ობრი დე გრეი ასე მოიხსენიებს: „სიცოცხლემ გაუსწრო დროს". რაც დრო გადის, სიცოცხლის ხანგრძლივობაც იზრდება. არ იქნება რაციონალური იმის დარწმუნებით თქმა, რომ გავქაჩავ მომენტამდე, როცა საკუთარი თავის „დასეივება" შემეძლება. მხოლოდ ეს არის მარადიული ცხოვრების გასაღები. იქამდე კი, ალბათ, ოთხი ათწლეული დაგვჭირდება. ზოგადად კი სიცოცხლის ხანგრძლივობა სტატისტიკური ფენომენია. ხომ შესაძლებელია, რომ ხვალ სატვირთო მანქანამ გადაგიაროს?

 

წინა სტატია

როგორ შეიძლება ლაზერულმა ტექნოლოგიებმა მსოფლიო შეცვალოს
04 იანვარი, 2012

შემდეგი სტატია

პორტერი თუ მინცბერგი: ვისი სტრატეგია უფრო რელევანტურია დღეს?
05 იანვარი, 2012
საქართველოს რკინიგზამ გასული წელი 354.1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | აგვ, 23, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ფინანსები
რეიტინგი | აგვ, 24, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა