ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენე

ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენე

გსურთ, შეშლილ, გაუმჭვირვალე, არაეფექტიან კრიპტობაზარზე ფული აკეთოთ? მაშინ საქმე ყოველი მოსაზრებისთვის, ახალი ამბების ყოველი ნაკუწისა და სოციალური მედიის ყოველი სიბრძნისთვის გამოწვევის მოწყობით უნდა დაიწყოთ.

კრიპტოვალუტის საინვესტიციო ფირმა Multicoin Capital-ის 29 წლის თანადამფუძნებლები გვერდიგვერდ სხედან მანჰეტენის მოდურ კაფეში, სადაც ანანასისა და სტაფილოს ახლად დაწურული წვენი $9 ღირს. ისინი იმ ციფრულ მონეტებზე ჰყვებიან, რომელთა გაყიდვასაც ე.წ. დაფარვის გარეშე ახდენენ. „ორი წლის შემდეგ zcash-ის ფასი ნული იქნება“, – ამბობს კაილ სამანი კონფიდენციალობაზე ორიენტირებულ, სამი წლის კრიპტოვალუტაზე. ამჟამად zcash-ი $66-ად ბრუნავს. კვლევის თანახმად, zcash-ის მომხმარებელთა მცირე ნაწილი თუ სარგებლობს მისი მთავარი – კონფიდენციალობასთან დაკავშირებული – ფუნქციებით. მთლად უარესი: კრიპტოვალუტის სხვა ისეთი პლატფორმები, როგორიც ethereum-ია, zcash-ის კონფიდენციალობის ტექნოლოგიას ითვისებს. მაგრამ Zcash-ის წარმომადგენლის სიტყვებით, “კონფიდენციალური გაცვლითი მედიუმი თუ გჭირდება, ასეთს ვერაფერს ნახავ“.

Multicoin Capital-ის მეორე თანადამფუძნებელი, ტუშარ ჯაინი, მონდომებით ცდილობს, კიდევ ერთ კრიპტოვალუტას დაადოს თითი, რომელიც, მათი აზრით, ჩალის ფასი ღირს. „XRP-ის დაფარვის გარეშე გაყიდვას საჯაროდ ვახდენდით“, – ამბობს ის და გულისხმობს სანფრანცისკოური კომპანია Ripple-ის მიერ ბანკთაშორისი ტრანზაქციების ასაჩქარებლად გამოყენებულ ვალუტას. ოსტინის (ტეხასი) ლეიდი- ბერდ- ლეიკზე მომზირალი ოფისებიდან, დუეტი $100 მილიონის ტოლფასი კრიპტოს ჰეჯ- ფონდს განკარგავს, რომელსაც ზურგს ისეთი ვენჩურ- კაპიტალისტები უმაგრებენ, როგორიც, მაგალითად, მარკ ანდრისენი და ფრედ უილსონის Union Square Ventures-ია. Multicoin-ს თავისი ფსონები (გრძელვადიანიც და ხანმოკლეც) საჯარო ბაზარზე მბრუნავ 11 კრიპტოვალუტაში აქვს კონცენტრირებული.

პარალელურად ფლობს წილებს ოც კერძო კრიპტოსტარტაპში. ბაზარზე, სადაც საჯაროობა არჩევანის საკითხია, ფასების დადგენაში კი ზომაზე დიდ როლს ატეხილი მითქმა- მოთქმა და მომენტი ასრულებს, წყვილი მონაცემთა ანალიზისა და ქრაუდსორსინგით მიღებული კვლევის კომბინაციას იყენებს ვაჭრობისთვის. თუმცა სამანისა და ჯაინის წარმატების საიდუმლო მაინც უფრო სხვა რამეში უნდა ვეძიოთ: ისინი ინფორმაციის ყველა ნაგლეჯს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

“კრიპტოკომუნაში ასეთი რამეები გარკვეულწილად რელიგიური დატვირთვისაა. სულ გიმეორებენ, რომ უნდა გწამდეს, გწამდეს, გწამდეს სამუდამოდ, – ამბობს სამანი. – ჩვენ მოცემულობად არასდროს ვიღებთ, რომ ეს ინფორმაცია ზუსტია“. ასეთი სკეპტიკური მიდგომა ერთობ სარფიანი აღმოჩნდა. მათ თანახმად, ვინც Multicoin-ის შედეგებს იცნობს, სტარტაპის ფონდი ბოლო ორი წელია, 143%-იან (გადასახადებამდე) უკუგებას აჩვენებს. ჯაინი ინდოეთში დაიბადა და ასტორიაში, ქვინსში, გაიზარდა. მის მშობლებს ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდათ მანჰეტენის ქვემო ისტ- საიდზე. სამანი ოსტინის მდიდრულ უბანში გაიზარდა. ერთმანეთი 2008-ში, New York University-ში გაიცნეს, სადაც ფინანსებს სწავლობდნენ, და, საგრძნობლად განსხვავებული პიროვნული თვისებების მიუხედავად, საუკეთესო მეგობრებად იქცნენ.

უილსონის თქმით, ამბიციური სამანი „ზოგჯერ სკანდალური და აგრესიულია“, ჯაინი კი თავშეკავებული და მშვიდი. 2012-ში, სწავლის დამთავრების დროისთვის, ორივენი სამანის მამის სამედიცინო ისტორიების კომპანიაში მუშაობდნენ, მაგრამ საკუთარი სტარტაპების წამოსაწყებად ბოლოს სამსახური დატოვეს. სამანის სტარტაპი აპლიკაციებს ამზადებდა ე.წ. ჩაცმადი კომპიუტერული Google Glass-ისთვის (რომელიც წარუმატებლობისთვის იყო განწირული), ხოლო ჯაინის – სტარტაპი მონაცემთა ბიზნესს ქმნიდა, რომელიც ექიმებს სამედიცინო ცდებისთვის პაციენტთა მოძიებაში ეხმარებოდა. მაგრამ 2016-ის შუა პერიოდში ბიჭები ბლოკჩეინმა გაიტაცა. 2017-ის მაისში, ციებ- ცხელების გაჩენის კვალდაკვალ, ერთობლივი ძალისხმევით, Multicoin-ი ჩაუშვეს.

ლამის უმალვე შეძლეს $2.5 მილიონის მოზიდვა ე.წ. ანგელოზი ინვესტორებისაგან. მათი პორტფოლიო, გაძეძგილი ისეთი პერსპექტიული პლატფორმებით, როგორიც ether-ი, “0x”-ი და factom – ია, 2017-ის ბოლოს ორჯერ გაიზარდა. სოციალურ მედიაზე ხმაურის ატეხასთან ერთად (სამანის Twitter-ზე დღეს 36,000 მიმდევარი ჰყავს), დუეტმა გრძელი ტექნიკური ტექსტების გამოქვეყნება დაიწყო, მათ შორის, ტექსტისა, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი, როგორ არ ღირდა იმ კრიპტოვალუტებში ინვესტირება, რომლებიც კონკრეტული პროდუქტის შესაძენად იყო განკუთვნილი.

“ზოგჯერ ხალხი 1,000-სიტყვიანი ესეების სახით გვპასუხობს, – ამბობს ჯაინი და იმ პირად უკუკავშირს გულისხმობს, მათი პუბლიკაციები რომ აღძრავს. – სრულ განაკვეთზე მომუშავე 14-კაციანი გუნდი გვყავს, თუმცა ხანდახან გგონია, თითქოს 50-კაციანი საინვესტიციო გუნდი მუშაობს“. Multicoin-ის ბლოგპოსტები რეკლამების ფუნქციასაც ასრულებენ დაფინანსების მაძიებელი ახალი ინვესტორებისა და ანტრეპრენიორებისთვის. 2018 წლის ივლისისთვის Multicoin-ს, ჯამში, $70 მილიონი ჰქონდა მოზიდული დევიდ საქსისგან (ე.წ. „PayPal Mafia“-ს წევრისგან), უილსონისა და სხვა ინვესტორებისგან.

ეს წელი კრიპტოვალუტებისთვის საზიზღარი იყო: ბიტკოინმა, მაგალითად, 74%- იანი ვარდნა განიცადა, Multicoin-მა კი მხოლოდ 33%-იანი ზარალი, რაც litecoin-ის, XRP-ისა და ethereum classic-ის წარმატებულ დაფარვის გარეშე გაყიდვებს უნდა მივაწეროთ. 2019-ის აპრილში Multicoin-მა თავისი ერთ- ერთი ყველაზე თამამი ნაბიჯი გადადგა და თავისი პორტფოლიოს თითქმის 15%-ის ტოლფასი ფსონი მსოფლიოს ერთ- ერთ უმსხვილეს კრიპტოგადამცვლელზე, Binance-ზე, დადო. არაერთი ინვესტორი Binance-ის მონეტას თავს არიდებს, იმიტომ რომ, Coinbase-ისგან განსხვავებით (იხ. სტატია), მისი მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორი, ჩანპენ ჩაო რეგულაციური ზედამხედველობისა და აშშ- ის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული კანონებისთვის გვერდის ავლით არის ცნობილი.

Multicoin-ის დამფუძნებლები მოიხიბლნენ Binance-ის ინოვაციური წამოწყებებით, მათ რიცხვში – მომხმარებლის მიერ მართული დეცენტრალიზებული გაცვლითი პლატფორმით. ამასთან, აზიური ფირმა სწრაფად იხვეჭდა კრიპტოპლატფორმების ბაზრის წილს. 2019-ის ივნისში, მას მერე, რაც Binance-მა გამოაცხადა, რომ ახალი გაცვლითი პლატფორმა აშშ- ის კანონებს დაემორჩილებოდა, მისი ვალუტის ღირებულება $40-ზე ავიდა, რაც რვამაგი მოგება იყო Multicoin-ისთვის. ამავე დროს, ჯაინი და სამანი ენერგიულად ცდილობენ ბიტკოინების ხელში ჩაგდებას იმ მოტივით, რომ მოგვიანებით მათი ფასი ბაზარზე აიწევს. ისინი ზედმიწევნით ადევნებენ თვალს ანგარიშებს 1,000 (მეტი თუ არა) ბიტკოინით, რაც ამჟამინდელი ფასებით $9 მილიონს უტოლდება.

ეს მაჩვენებელი ზემოთ იწევს, ეს ინვესტორები კი უფრო ხანგრძლივი დროით აპირებენ თავიანთი ბიტკოინების შენარჩუნებას. აღნიშნულმა ფაქტორებმა და მაისში მოსალოდნელმა ბიტკოინის „განახევრებამ“ (ყოველდღიურად შექმნილი ბიტკოინების რაოდენობა ავტომატურად დაიკლებს 50%-ით) თანადამფუძნებლები დაარწმუნა, ბიტკოინების ქოლ- ოპციონები იყიდონ. გაცვლით პლატფორმებზე მბრუნავ კრიპტოვალუტებზე დადებულ ფსონებთან ერთად, Multicoin-ი პირდაპირ ინვესტიციებსაც ახორციელებს ისეთ სტარტაპებში, როგორიც სან- ფრანცისკოში მდებარე Helium-ია. ეს უკანასკნელი $495-იან Wi-Fi-ს ჰოტსპოტს ყიდის, რომელიც სახლის მფლობელებს საშუალებას აძლევს, ინტერნეტზე წვდომა ახლომახლო მყოფებს გაუზიარონ, პროცესში კი კრიპტოვალუტები გამოიმუშაონ. Helium-მა, მაგალითად, მობილური სკუტერის პროვაიდერ Lime-ს საშუალება მისცა, თვალი ედევნებინა თავისი ბაიკებისთვის ისე, რომ არ გადაეხადა Verizon-ის Wi-Fi-ს საკომისიოები.

“ვფიქრობ, ათმაგი უკუგების მომსწრენი გავხდებით“, – ამბობს ჯაინი. Helium-ის აღმასრულებელ დირექტორთან გაცნობა სამანის ბლოგპოსტის გამოქვეყნებას მოჰყვა. Multicoin-ის ერთ- ერთი ინვესტიცია, რომელმაც ნამდვილად არ გაამართლა, EOS-ი იყო – მონეტა, შექმნილი Block.one-ის მიერ, პირველადი მონეტარული შეთავაზებისას (ICO) $4 მილიარდი რომ მოიზიდა. EOS-ზე 31-გვერდიანი ანალიზის გამოქვეყნების შემდეგ, 2019-ის დასაწყისში, Multicoin-მა მასში ინვესტიცია განახორციელა. მონეტა მაშინ $11.60-ზე ბრუნავდა, მაგრამ დღეს მხოლოდ $4-ად იყიდება.

“ნეტავ უკეთესი ურთიერთობა დაგვემყარებინა [EOS-ის] მთავარ გუნდთან; უკეთ გავიგებდით მათ ხედვას პროტოკოლთან დაკავშირებით და იმასთან, თუ როგორ აპირებდნენ ზრდასა და მასშტაბებთან მორგებას“, – ამბობს სამანი და ისე გამოსდის, თითქოს ე.წ. ღირებულების ინვესტორი იყოს, რომელმაც არასწორად გათვალა მენეჯმენტის უნარები. თუ რაიმე გამძლე გაკვეთილი გამომდინარეობს კრიპტოვაჭრობის არხებში გატარებული სამი წლიდან, ისაა, რომ ციფრულ აქტივში პასიურ ინვესტირებას არ უნდა მიმართო.

ჯაინის თქმით, “კრიპტობაზრები ყველაზე ნაკლებეფექტიანი ბაზრებია, რაც კი რამ ცხოვრებაში მინახავს, ეს კი ნიშნავს, რომ აქტიურ მენეჯმენტს წარმატების შესაძლებლობა აქვს“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *