მოგების გადასახადის რეფორმა – ესტონური გაკვეთილი საქართველოსათვის

ესტონეთის, როგორც მცირე ეკონომიკური სასწაულის შემოქმედის შესახებ შესაძლოა, ბევრს სმენია, თუმცა, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ესტონეთის წარმატებაც დროულად განხორციელებული, არაერთი მცირე თუ მასშტაბური რეფორმით იყო განპირობებული.

გავრცელებული მოსაზრებით, ყველაზე მეტად სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფალთ სწორედ რადიკალური საგადასახადო რეფორმების განხორციელება ეძნელებათ, რადგან, როგორც წესი, ეს ან არაპოპულარულია საზოგადოებაში, ან საბიუჯეტო შემოსავლების კლებას იწვევს. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესტონეთი ამ მხრივ გამონაკლისია: უმნიშვნელოვანესი - მოგების გადასახადის რეფორმა ამ ქვეყანაში თითქმის უმტკივნეულოდ განხორციელდა და მისი ნაყოფიც მთელი საზოგადოებისათვის იყო განკუთვნილი.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა რამდენიმე თვის წინ მოგების გადასახადის რეფორმის სწორედ ესტონური მოდელის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება დააანონსა - რაც თავისთავად გაბედული, პოზიტიური ნაბიჯია. რეფორმის წარმატებისათვის აუცილებელია მისი არსის სწორად გაგება, ქართულ რეალობაზე ადეკვატურად მორგება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - რეფორმის შესახებ საზოგადოების სათანადო და დროული ინფორმირებაც.

საგადასახადო რეფორმები ესტონეთმა ჯერ კიდევ 1994 წლიდან დაიწყო, როდესაც უარი თქვა დიფერენცირებულ გადასახადებზე და ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი ფიქსირებული ტარიფით განსაზღვრა. კომერციული იურიდიული პირების მოგების გადასახადის რეფორმა მოგვიანებით, უკვე 2000 წლიდან შევიდა ძალაში; ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური მოდელია. რეფორმის ძირითადი არსი საკმაოდ მარტივია - მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულება კომპანიებს წარმოექმნებათ არა მოგების მიღების, არამედ მისი განაწილებისას (დამფუძნებლების მიერ კომპანიიდან მოგების გატანისას). ზემოაღნიშნულის გამო, ჩვენშიც ხშირად მოისმენთ, რომ ესტონურ მოდელში მოგების გადასახადი გაუქმებულია და ის “გადატანილია” დივიდენდის გადასახადში, თუმცა ეს ასე არაა; გადასახადის გადამხდელი, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ კომპანიაა და არა დივიდენდის მიმღები.

კომპანიას უფლება აქვს მოგების ხარჯზე, შეუზღუდავად და დაუბეგრავად განახორციელოს რეინვესტიცია - გააფართოოს, გადააიარაღოს წარმოება ან, უბრალოდ, საბანკო დეპოზიტზე შეინახოს თანხა. მოგების გადასახადის მიზნებისათვის საანგარიშო პერიოდად კალენდარული თვე ითვლება, შესაბამისად, კომპანიებს მაქსიმალური თავისუფლება აქვთ და შეუძლიათ წლის განმავლობაში არაერთხელ შეცვალონ საინვესტიციო თუ მოგების განაწილების გეგმები.

ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ კომპანიის საჭიროებებთან - ჩვეულებრივად გამოიქვითება და თავისუფალია გადასახადებისაგან. საშემოსავლო და სოციალური გადასახადით იბეგრება დასაქმებულებისთვის გაცემული ხელფასი ან სხვა სარგებელი. მიღებული მოგების დაუბეგრავად რეინვესტირების შესაძლებლობა თანაბრად აქვთ როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესს; შედეგად, გაიზარდა კომპანიების კაპიტალი, აქტივები, წარმოების საშუალებები და, აქედან გამომდინარე, ინვესტიციების განხორციელების მოტივაციაც.

ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობა საგადასახადო მიზნებისათვის ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ფუტკრისა და მეფუტკრის “ურთიერთობის” მაგალითზე - როდესაც სკაში არსებული რესურსი “ათვისებულია” და თაფლი საკმარისადაა, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ფუტკარი მატებას, დამატებითი სათავსოების, საკუჭნაოების მშენებლობას და მასში თაფლის დაგროვებას. თუ მეფუტკრე იმაზე მეტ თაფლს იღებს სკიდან, ვიდრე “საჭიროა”, ფუტკარი დამატებითი სივრცის, სათავსოს მშენებლობაზე აღარ ზრუნავს, სკა აღარ ფართოვდება და ფუტკრის ოჯახიც არ იზრდება; ზამთრის (კრიზისის) პერიოდში კი სუსტდება და მცირდება. ანალოგიურად, როდესაც ბიზნესს ვუტოვებთ მეტ ფინანსურ რესურსს დაუბეგრავი მოგების სახით, ამით ვუბიძგებთ, განახორციელოს რეინვესტიცია, გააფართოოს წარმოება: ეს კი პირდაპირ აისახება უმუშევრობის დონის შემცირებაზე, ეკონომიკისა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე. სწორედ ესაა ესტონური მოდელის ერთ- ერთი, მაგრამ არა ერთადერთი უპირატესობა.

საგადასახადო ადმინისტრირებისა და საგადასახადო კანონმდებლობის სიმარტივე ესტონური მოდელის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ღირსებაა. გადასახადების დეკლარირება მთლიანად ელექტრონულად ხდება და სრულად თავსებადია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან. გაუქმებულია ყველა სახის სპეციალური საგადასახადო შეღავათი (მოგების გადასახადის მიზნებისათვის). არ არსებობს უძრავ/ მოძრავი ქონების ამორტიზაციის დაანგარიშების აუცილებლობა...

საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით ესტონეთი ალბათ ევროკავშირის მასშტაბითაც კი ერთ- ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა. გადასახადებისაგან თავის არიდების საწინააღმდეგო რეგულაციები, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, აქ მარტივია. საერთოდ არ არსებობს ე.წ. “სუსტი კაპიტალიზაციის” მარეგულირებელი ნორმები, ხოლო საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების რეგულირება შეესაბამება OECD-ის წესებს. საგადასახადო ადმინისტრირება ხორციელდება რისკების მართვის პროგრამით, მკაცრად კონტროლდება გადასახადების დამალვის შემთხვევები, სანქციები კი საკმაოდ მძიმეა.

საგადასახადო კანონმდებლობისა და გადასახადების დეკლარირების სიმარტივე ნიშნავს ნაკლებ შეცდომას დეკლარირებისას და ნაკლებ კითხვებს კომპანიის შემოწმებისას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება საგადასახადო საურავებისა და ჯარიმების ოდენობაზე. სიმარტივე მნიშვნელოვნად ამცირებს საგადასახადო ადმინისტრირების ღირებულებას როგორც სახელმწიფოსათვის, ასევე ბიზნესისთვისაც. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ესტონური მოდელი ბიზნესისათვის საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით ნამდვილი სამოთხეა.

რისკები და მათი დაზღვევის ინსტრუმენტები უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი საგადასახადო სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. ესტონურ მოდელს არ გააჩნია რაიმე ისეთი განსაკუთრებული რისკი, რაც სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, საგადასახადო სისტემაში არაა. ექსპერტები, საგადასახადო ადმინისტრაციის ოფიცრები და ბიზნესმენები რისკებს სხვადასხვა კუთხით აფასებენ: ესტონეთში საშემოსავლო, სოციალურ და მოგების გადასახადების განაკვეთებს შორის სხვაობის გამო, კომპანიების მენეჯმენტში ხშირია ხელფასის განაწილებული მოგების სახით მიღების შემთხვევები. თუ რეფორმის შედეგად საქართველოში მოგების გადასახადი გაუთანაბრდება საშემოსავლო გადასახადს, ეს რისკი აღარ იარსებებს.

მეტიც, ესტონელებმა წარმატებით გაართვეს თავი ჰოლდინგური, ტრანსნაციონალური კომპანიების ფინანსური ვალდებულების (სესხის ხელშეკრულებების) თანამდევი საგადასახადო რისკების სათანადოდ დაზღვევასაც. ესტონელ მეწარმეებთან, ბიზნესმენებთან საუბრისას ხშირად მოისმენთ, რომ მოგების გადასახადის ესტონურმა მოდელმა სრულად გაამართლა.

ესტონეთში, ისევე როგორც საქართველოში, სკეპტიკოსების ერთ- ერთი მთავარი არგუმენტი იყო კითხვა, როგორ აისახებოდა რეფორმა საბიუჯეტო შემოსავლებზე, მნიშვნელოვნად ხომ არ შეამცირებდა მათ? რეფორმამ ამ კითხვასაც წარმატებით გასცა პასუხი: საბიუჯეტო შემოსავლები, როგორც მოგების გადასახადიდან, ისე სხვა წყაროებიდან, მნიშვნელოვნად გაიზარდა. უშუალოდ მოგების გადასახადის ნაწილში მხოლოდ ორი წლის განმავლობაში იყო მეტ-ნაკლებად საგრძნობი კლება, 2001 წლიდან კი ზრდის დინამიკა შეუქცევადია.

რეფორმის ესტონური მოდელის მომხრეებს აქ ალბათ შეგვეძლო გვეთქვა, რომ მოყვანილი ციფრები საუკეთესო არგუმენტია და ამაყად დაგვესვა წერტილი, მაგრამ ამით მხოლოდ თავს მოვიტყუებდით, რადგან ეს საკმარისი არაა. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ესტონეთის “ეკონომიკური სასწაულის” წინაპირობებს შორის ზემოთ განხილული რეფორმა მხოლოდ ერთ- ერთია. სტაბილური ბიზნესგარემო, მცირე ბიუროკრატია, კორუფციის დაბალი დონე, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და კანონის უზენაესობა, ინვესტიციების დაცულობის მყარი გარანტიები და სახელმწიფოს თანამიმდევრული, კარგად გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკა - ის გარდაუვალი წინაპირობებია, რომელთა გარეშეც ესტონეთის “ეკონომიკური სასწაული” ვერ შედგებოდა; შესაბამისად, საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის, ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენ ყველას, სამუშაო საკმაოდ ბევრი გვაქვს.

წინა სტატია

მთავრობას საშინაო ვალის აღება კვლავ გაუძვირდა
15 ოქტომბერი, 2015

შემდეგი სტატია

სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაიაფდა
15 ოქტომბერი, 2015
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა