Statista-მ დასასვენებლად ყველაზე პოპულარული ქვეყნების ათეული გამოავლინა, რისთვისაც World Travel Market-ისა და Tourism Economics-ის მონაცემები გამოიყენა. ქვეყანაში შესული დამსვენებლების რაოდენობის მიხედვით, დასასვენებლად მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ადგილი საფრანგეთი აღმოჩნდა. ამ სახელმწიფომ 2023 წელს 72.4 მილიონი ტურისტი მიიღო ქვეყანაში, რაც მხოლოდ 1.6 მილიონით მეტია მეზობელ ესპანეთზე.
საინტერესოა, რა აქცევს საფრანგეთს ასეთ პოპულარულ ადგილად? როგორც Statista-ს სტატიაში ვკითხულობთ, პასუხი შეიძლება ძალიან სუბიექტური იყოს, თუმცა პირველ რიგში უნდა ვახსენოთ მისი დედაქალაქის, პარიზის სტატუსი – ევროპის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ადგილი.
გარდა ამისა, ქვეყანას დასავლეთ ევროპაში ცენტრალური ტერიტორია უჭირავს, რაც მას იდეალურ პლაცდარმად აქცევს მოგზაურთათვის, რომლებიც ევროპის კონტინენტზე გრანდიოზულ ტურს იწყებენ. ამასთან, საფრანგეთში როგორც პლაჟებითა და სამხრეთის თბილი ამინდით, ასევე ალპებში თხილამურებით სრიალით ტკბობაა შესაძლებელი. ამ ყველაფერთან ერთად, საფრანგეთი ხომ მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისის მდიდარი სამზარეულოთი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დამსვენებლების რაოდენობით საფრანგეთს 1.6 მილიონით ჩამორჩება მისი მეზობელი ესპანეთი, რომელსაც 2023 წელს 70.8 მილიონი დამსვენებელი ეწვია. მესამე ადგილს კი თურქეთი იკავებს, რომელიც დამსვენებლების რაოდენობით საფრანგეთსა და ესპანეთს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
მსოფლიოს 10 ყველაზე პოპულარული ქვეყანა დასასვენებლად (2023 წელი):
- საფრანგეთი – 72.4 მილიონი
- ესპანეთი – 70.8 მილიონი
- თურქეთი – 45.5 მილიონი
- აშშ – 41.8 მილიონი
- საბერძნეთი – 27.5 მილიონი
- ტაილანდი – 27.3 მილიონი
- იტალია – 25.9 მილიონი
- იაპონია – 20.7 მილიონი
- გერმანია – 19.8 მილიონი
- ავსტრია – 16.5 მილიონი