Reuters: როგორ ამზადებს და იყენებს ჩრდილოეთი კორეა ჰაკერებს კიბერთავდასხმებისთვის?

Reuters: როგორ ამზადებს და იყენებს ჩრდილოეთი კორეა ჰაკერებს კიბერთავდასხმებისთვის?

ფოტო: Shutterstock

 

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა (FBI) და Binance-ის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ პლატფორმაზე განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან ჩრდილოკორეელი ჰაკერები არიან. თუმცა ფხენიანი გავრცელებულ ბრალდებას უარყოფს და აშშ-ს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

ბლოკჩეინის გამოძიების მიმართულებით მომუშავე კომპანიები აღნიშნულ ქმედებას ჩრდილოკორეულ დაჯგუფებას, სახელწოდებით „TraderTraitor“ მიაწერენ.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა Binance-ზე კიბერთავდასხმის უკან ჩრდილოკორეელი ჰაკერები მართლაც არ დგანან, ისინი საკუთარი ოსტატობით მსოფლიოს მასშტაბით გამოირჩევიან. როგორც მედიასააგენტო Reuters-ის სტატიაში ვკითხულობთ, ჩრდილოეთი კორეა თავის საუკეთესო ჰაკერებს სხვადასხვა პრივილეგიით აჯილდოებს. მათ შორის არის დიდი ბინები დედაქალაქ ფხენიანში და მაღალი ანაზღაურება.

Reuters-ის ანალიზის თანახმად, ქვეყნის მეთაურმა, კიმ ჩენ ინმა, მსგავსი წახალისების მეთოდების გამოყენებით, მსოფლიო დონის ჰაკერული არმია შექმნა. ეს პროგრამა უკვე ათ წელზე მეტია არსებობს. გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამისთვის ყოველწლიურად საშუალო სკოლის საფეხურის 200 ყველაზე ნიჭიერ მოსწავლეს ირჩევენ, რომლებიც შემდგომ კომპიუტერულ ინჟინერიას ეუფლებიან.

მათი ნაწილი საბოლოოდ ჰაკერი ხდება. ეს ინვესტიცია უკიდურესად მოგებიანი აღმოჩნდა. ჯგუფმა განვითარების გრძელი გზა გაიარა. თუკი თავდაპირველად ისინი უკანონო აზარტულ ვებგვერდებს მართავდნენ, გასულ თვეში, სავარაუდოდ სწორედ მათ, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კიბერძარცვა შეძლეს.

„სინამდვილეში, ისინი კიმ ჩენ ინის ერთ-ერთი საიდუმლო იარაღია,“ – აცხადებს კიმ ჰუნგ-კვანგი, ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეული პირი, რომელიც 2004 წელს სამხრეთ კორეაში გადასვლამდე, სახელმწიფოს დავალებით, ჰაკერებს ამზადებდა.

„არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც ჰაკერებს ამგვარი სისტემურობით ზრდის. ეძებს ყველაზე ნიჭიერ ბავშვებს მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი ოპერატიულ მუშაკებად აქციოს, სურთ თუ არა მათ ჰაკერობა, ამას მნიშვნელობა არ აქვს,“ – დასძინა მან.

ეს უარყოფა იმ ტენდენციის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთი კორეა წლების განმავლობაში მსგავს ბრალდებებს ყალბ პოლიტიკურ პროვოკაციებად ნათლავს.

როგორც Reuters-ის მასალაშია აღნიშნული, ჩრდილოეთ კორეამ პირველი კიბერდანაყოფი 1998 წელს შექმნა, თუმცა მისი სტატუსი კიმ ჩენ ინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამაღლდა. 2013 წელს კიბერომი თავდასხმითი შესაძლებლობების უმნიშვნელოვანეს ნაწილად გამოცხადდა.

როგორც ყოფილი ინსტრუქტორი კიმ ჰუნგ-კვანგი და IT-სფეროში მომუშავე ორი დეზერტირი აღნიშნავენ, კანდიდატების შერჩევა ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში, 11-12 წლის ასაკში იწყება.

მათივე განმარტებით, 17 წლის ასაკში საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში გზავნიან, სადაც ისინი დამატებით გადარჩევას გადიან. საბოლოოდ, რჩეულთა მცირე ჯგუფი სამხედრო კიბერდანაყოფს ჰაკერების რანგში უერთდება.

ჰაკერების გადამზადება ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა კრიპტოვალუტის პროტოკოლები და უცხოური ტექნიკური მოწყობილობების რევერსული ანუ უკუინჟინერია; ასევე ისეთ ტრადიციულ საგნებს, როგორიცაა უმაღლესი მათემატიკა და უცხო ენები.

ის პირები კი, რომლებიც ჰაკერები ვერ ხდებიან, დისტანციურ ფორმატში დასავლური კომპანიებისთვის პროგრამული უზრუნველყოფისა თუ აპლიკაციების შესაქმნელად მოსამზადებელ კურსებს გადიან.

ჰაკერებისთვის გათვალისწინებულ პრივილეგიებს შორის საზღვარგარეთ, მოკავშირე ქვეყნებში, მაგალითად ჩინეთსა და რუსეთში გამგზავრებაა, სადაც მათ ინტერნეტთან უფრო თავისუფალი წვდომა აქვთ.

კიმის თქმით, წარმატებული კიბეროპერაციების შედეგად, ჰაკერების სამხედრო დანაყოფმა შესაძლოა მიიღოს მოპარული თანხის 30%-მდე (აშშ დოლარში), ხოლო თავად ჰაკერებს დედაქალაქში ბინები გადაეცეთ, სადაც მათთან ერთად მათი მშობლებიც შეძლებენ ცხოვრებას.

„არსებობს ცნობები, რომ წარმატებულ კიბეროპერატორებს ფხენიანში ბინებს გადასცემენ,“ – აღნიშნავს კიმ ჰუნგ-კვანგი და განმარტავს, რომ ბინების ფართობი შესაძლოა 132 კვადრატულ მეტრამდეც კი იყოს.

გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ასეთ პირებს შეუძლიათ გახდნენ მმართველი პარტიის წევრები და ელიტარულ ოჯახებთან ქორწინების გზით მაღალი სოციალური სტატუსი მოიპოვონ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს საკმაოდ მცირე ჯგუფია. სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის სამსახურის 2024 წლის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეის კიბერომის ოპერაციებში დაახლოებით 8,400 ადამიანია ჩართული.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ასეთი ჰაკერების მიღწევებს საჯაროდ არ აღნიშნავს, თუმცა რეგულარულად წარმოაჩენს იმ სტუდენტებს, რომლებიც პროგრამირების მიმართულებით განსაკუთრებულ ნიჭს ავლენენ.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.