ფოტო: AP
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იაპონური კომპანია Japan Tobacco International-ის (JTI) რუსული ოპერაციების სახელმწიფო კონტროლქვეშ გადაცემის განკარგულებას ხელი მოაწერა. პუტინის გადაწყვეტილება კომპანიის ოთხ ქარხანას, 4,000-მდე თანამშრომელსა და რუსეთის სიგარეტის ბაზრის დაახლოებით 40%-ს შეეხება.
ხუთშაბათს გამოცემული განკარგულებით, JTI-ის რუსული აქტივები სახელმწიფო კავშირების მქონე ჰოლდინგურ კომპანიას, AO Promyshlennye aktivy-ს გადაეცა. შედეგად, გამოდის, რომ პუტინის გადაწყვეტილებითა და უცხოური კომპანიისგან თანხმობის გარეშე, მის რუსულ ბიზნესზე ფაქტობრივი კონტროლი რუსულმა მხარემ მოიპოვა.
ეს გადაწყვეტილება მოიცავს სანქტ-პეტერბურგში, როსტოვ-ნადონუში, ლიპეცკისა და ლენინგრადის ოლქებში მდებარე JTI-ის ქარხნებს. იაპონური კომპანია რუსეთში დაახლოებით 4,000 ადამიანს ასაქმებს და ქვეყანაში სიგარეტის უმსხვილესი მწარმოებელია. JTI-ის რუსულ პროდუქციას შორისაა საერთაშორისო ბრენდები Winston-ი, Glamour-ი, Camel-ი, LD და Sobranie, ასევე ადგილობრივი სავაჭრო ნიშნები — Pyotr I, Russky Stil-ი და Donskoi Tabak-ი.
ცნობისთვის, JTI, რომლის სათავო ოფისიც ჟენევაში მდებარეობს, რუსეთის ბაზარზე 1999 წელს შევიდა, ხოლო 2018 წელს ადგილობრივი მწარმოებელი Donskoi Tabak-ი შეისყიდა. კომპანიის მონაცემებით, Japan Tobacco Group-მა რუსულ ოპერაციებში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში $4.6 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კომპანიას ქვეყანა არ დაუტოვებია, თუმცა რუსულ წარმოებასა და მარკეტინგში ახალი ინვესტიციები შეაჩერა.
JTI-ის აქტივების სახელმწიფოს კონტროლქვეშ გადატანა კრემლის მხრიდან უცხოური კომპანიების ბიზნესის ხელში ჩაგდების მორიგი შემთხვევაა. მსგავსი მექანიზმი რუსეთის ხელისუფლებამ შვეიცარიული Nestlé-ს, ფრანგული Auchan-ისა და Leroy Merlin-ის, ასევე გერმანული Metro-ს მიმართაც გამოიყენა.








