იშვიათი, 11.15-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი, სახელწოდებით „უილიამსონის ვარდისფერი ვარსკვლავი“ Sotheby’s-ის მიერ ჰონგ-კონგში გამართულ აუქციონზე რეკორდულ ფასად, $49.9 მილიონად გაიყიდა, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. როგორც ჩანს, ძვირფასმა თვალმა აუქციონის მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან სააუქციონო სახლის მიერ შემოთავაზებული საწყისი ფასი $21 მილიონი იყო. საბოლოო ჯამში, ბრილიანტს შტატ ფლორიდის მკვიდრი კოლექციონერი დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ყველანაირი გადასახადების ჩათვლით, „უილიამსონის ვარდისფერი ვარსკვლავის“ საბოლოო ფასმა $57.7 მილიონი შეადგინა. ამგვარად, ერთი კარატის ღირებულება დაახლოებით $5.17 მილიონით განისაზღვრა, რაც რეკორდულად მაღალი ფასია. საინტერესოა, რომ ბრილიანტის შეძენის შემდეგ, კოლექციონერს ქვისთვის „როსებნერგ-უილიამსონის ვარდისფერი ვარსკვლავის“ (ინგლ. Rosenberg Williamson Pink Star) დარქმევა სურდა, მაგრამ გადაიფიქრა და ბრილიანტს არსებული სახელწოდება შეუნარჩუნა.
საინტერესოა, რომ ბრილიანტის თავდაპირველი სახელწოდება შემთხვევით არ არის შერჩეული, მეტიც – ასე მას ორი სხვა ვარდისფერი ბრილიანტის პატივსაცემად უწოდეს. პირველი, 23.6-კარატიანი „უილიამსონია“, რომელიც კანადელმა გეოლოგმა, ჯონ უილიამსონმა ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს მისი ქორწინებისას აჩუქა, ჯერ კიდევ 1947 წელს. მეორე კი – „ვარდისფერი ვარსკვლავი“, ყველაზე ძვირად ღირებული ძვირფასი ქვის, 59.6-კარატიანი ბრილიანტის სახელწოდებაა, რომელიც 2017 წლის აპრილში $71.2 მილიონად გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ ფერად ბრილიანტებს შორის ვარდისფერი, როგორც წესი, ყველაზე იშვიათია, რაც, ცხადია, ძვირფასი ქვების ფასზეც აისახება.