2021 წელს EBRD-ის მწვანე დაფინანსებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

2021 წელს EBRD-ის მწვანე დაფინანსებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

2021 წლის ანგარიშის თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მწვანე დაფინანსებამ, რეკორდულ, 5,4 მილიარდ ევროს მიაღწია და მთლიანი ბიზნესმოცულობის  51% შეადგინა. 2020 წლის 29%-იანი მაჩვენებლიდან შესამჩნევ ზრდას EBRD-ის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის (GET) მიდგომა განაპირობებს.

როგორც EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ აღნიშნა, ეკონომიკის დეკარბონიზაციისა და კერძო სექტორის მხარდაჭერა EBRD-ს პანდემიის გავრცელების პერიოდშიც კი არ შეუჩერებია. გასული წლის რეკორდული მაჩვენებელი, მდგრადი მწვანე ეკონომიკისადმი ბანკის ერთგულების მანიშნებელია. გასული წლის ივლისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დაწესდა ორმაგი ვალდებულებები, რომლებიც ყველა ინვესტიციას პარიზის შეთანხმების ჩარჩოებით შეზღუდავს. EBRD-ს სურს, 2025 წლის ბოლოსთვის მისი ინვესტიციების უმრავლესობა მწვანე იყოს.

EBRD-ი კლიმატური დაფინანსებების მხრივ წამყვანი ინვესტორია, რომელიც წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულ ქვეყნებს ნახშირბადის დაბალი შემცველობის ალტერნატივებზე გადასვლაში ეხმარება. EBRD-ის მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს განეკუთვნება 5 მილიარდი ევროს ღირებულების ურბანული გარემოსდაცვითი პროგრამა EBRD Green Cities-ი, რომელიც უკვე 5 წელია, არსებობს და 53 ქალაქს აერთიანებს. ნოემბერში ბანკმა პროგრამის გაორმაგებაც დააანონსა და მომავალი ორი წლის განმავლობაში ურბანულ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისთვის 2 მილიარდი ევრო გამოყო.

2021 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ 413 პროექტი განხორციელდა, კერძო სექტორის ინვესტიციების წილი კი ოთხი პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 76% შეადგინა. საერთო ჯამში, EBRD-ის ინვესტიციებმა 10,4 მილიარდი ევრო მოიცვა, რაც ბანკის ისტორიაში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.