კომპანია Space Capital-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასულ წელს კოსმოსურ კომპანიებში კერძო ინვესტიციებმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა. 2021 წელს კოსმოსური ინფრასტრუქტურის კომპანიებმა კერძო ინვესტიციების სახით 14.5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღეს. ეს მაჩვენებელი კი 50%-ით მეტია 2020 წლის მონაცემებზე.
საინტერესოა, რომ განსაკუთრებით დიდი მოცულობის ინვესტიციები, 4.3 მილიარდი აშშ დოლარი, გასული წლის მეოთხე კვარტალში განხორციელდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Sierra Space-ი, SpaceX-ი და Planet Labs-ი.
ცნობისათვის, ყველაზე დიდი რაოდენობით ინვესტიცია კოსმოსურ ინდუსტრიაში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხორციელდება. ამ კატეგორიას კი ისეთი დისციპლინები განეკუთვნება, როგორიც კოსმოსური ხომალდებისა თუ სატელიტების მშენებლობაა.
2012 წლიდან დღემდე მთლიანად ინდუსტრიაში 1694-მა კომპანიამ ინვესტიციების სახით 252 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვა შეძლო. საკმაოდ გაზრდილია ვენჩურულ კაპიტალისტთა თანამონაწილეობაც კოსმოსის ათვისებაში. გასულ წელს კოსმოსურ ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ვენჩურული კაპიტალისტებისაგან 17.1 მილიარდი აშშ დოლარი მიიღეს. ეს კი მსოფლიოში 2021 წელს ვენჩურული კაპიტალისტების მიერ განხორციელებული ინვესტიციების 3%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
Space Capital-ის ანგარიშის მიხედვით, ბოლო დროს ბაზრის გარემო ძალიან იცვლება და კოსმოსური ინდუსტრიით სულ უფრო მეტი კომპანია თუ კერძო ინვესტორი ინტერესდება. ამას კი, ბუნებრივია, დიდი გავლენა ექნება კოსმოსის ათვისებასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე.