გასულ წელს, Spotify-მ $7 მილიარდის საავტორო ჰონორარი გასცა, რაც $2 მილიარდით მეტია 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, – ამის შესახებ Spotify-ის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციიდან ირკვევა. აღსანიშნავია, რომ Spotify-ის მონაცემები სხვა კატეგორიებშიც გაუმჯობესდა: გასულ წელს, ჰონორარის სახით $50 ათასზე მეტი 16,500-მა, ხოლო $1 მილიონზე მეტი – 1,000-ზე მეტმა არტისტმა მიიღო. ამასთანავე, სულ მცირე $10 ათასი ჰონორარის სახით 52,600 არტისტს ერგო.
თავისთავად ცხადია, რომ Spotify-ის მიერ საავტორო ჰონორარების მიმართ გამჭვირვალე მიდგომა დადებითი პრეცენდენტია, მაგრამ უდავოა, რომ კომპანია მხოლოდ იმ ინფორმაციას ასაჯაროებს, რაც მას აწყობს. საქმე ისაა, რომ პლატფორმაზე გაცილებით უფრო მეტი არტისტია, რომელიც საავტორო ჰონორარის სახით ათასობით დოლარს არ იღებს. Spotify-ის მონაცემებით, პლატფორმაზე რვა მილიონ არტისტზე მეტი არის დარეგისტრირებული, რომელთაგან 2.6 მილიონს, სულ მცირე ათი სიმღერა აქვს ატვირთული. ამ 2.6 მილიონი არტისტიდან, მხოლოდ 165 ათასი ახერხებს, რომ მის სიმღერასა თუ პოდკასტს ყოველთვიურად საშუალოდ 10 ათასი ადამიანი უსმენდეს.