2021 წელს თავდაცვის გაძლიერებისთვის სახელმწიფოებმა $2 ტრილიონზე მეტი დახარჯეს

2021 წელს თავდაცვის გაძლიერებისთვის სახელმწიფოებმა $2 ტრილიონზე მეტი დახარჯეს

სამხედრო თავდაცვის გაძლიერებისთვის გასულ წელს სახელმწიფოებმა რეკორდული რაოდენობის თანხა – $2.113 ტრილიონი დახარჯეს და მოსალოდნელია, რომ 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გლობალური დანახარჯი კიდევ უფრო გაიზრდება. სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის (SIPRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევით დგინდება, რომ 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს დანახარჯების მაჩვენებელი 0.7%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2011-2014 წლებში, სამხედრო თავდაცვის გაძლიერებისთვის მიმართული თანხები მცირდებოდა, თუმცა ამის შემდეგ, შვიდი წლის განმავლობაში ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა. მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში ეს დანახარჯი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, თავდაცვითი ხარჯების გაზრდის შესახებ მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ განაცხადა, მათ შორის გერმანიამაც.

„ევროპაში ამ დრომდეც მზარდი ტრენდი ფიქსირდებოდა, მაგრამ ახლა ის დაჩქარდება და გაძლიერდება“, – განაცხადა SIPRI-ს თავდაცვითი დანახარჯებისა და იარაღის წარმოების პროგრამის დირექტორმა, ლუსი ბერო-სუდრომ Bloomberg-თან საუბრისას. „როგორც წესი, კრიზისამდე ცვლილებები ნელ ტემპს ინარჩუნებს, მაგრამ რეალური ცვლილებები სწორედ კრიზისის დროს ხდება. ჩემი აზრით, დღეს სწორედ ამ მდგომარეობაში ვართ“.

აღსანიშნავია, რომ ზრდის სწრაფი ტემპი, უმეტესწილად, ევროპული დანახარჯებითაა განპირობებული, რაც თავისთავად, რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიამ გამოიწვია. ამასთანავე, თავდაცვითი ხარჯების ზრდას ხელი შეუწყო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებმაც. მან არაერთხელ მოუწოდა სახელმწიფოების ლიდერებს, სამხედრო დანახარჯები გაეზარდათ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 2021 წელს, თავდაცვისთვის გაღებულმა ევროპულმა დანახარჯებმა გლობალური დანახარჯების 20% შეადგინა. სამხედრო დანახარჯებით რიგით მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს – მასზე გლობალური დანახარჯების 14% მოდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *