გასული წელი კოსმოსის ათვისების მიმართულებით ძალზე წარმატებული აღმოჩნდა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის სრული დატვირთვით ამუშავება, მის მიერ სამეცნიერო ხარისხის პირველი ფოტოების მოპოვება და ეგზოპლანეტების ატმოსფეროს შესახებ მონაცემების შეგროვებაა.
ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს მისია DART-ი, რომლის ფარგლებში NASA-მ კოსმოსური ხომალდი ასტეროიდს მიზანმიმართულად შეაჯახა და მისი მოძრაობის ტრაექტორია შეცვალა – ამ გზით სააგენტომ პლანეტური თავდაცვის სისტემა გამოცადა.
ასევე ხაზგასასმელია ასტრონომების მიერ ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის პირველი გამოსახულების მოიპოვება. გარდა ამისა, აღსანიშნავია მისია Artemis 1-ის ფარგლებში დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ მსოფლიოში უმძლავრესი რაკეტა Space Launch System-ისა (SLS) და კაფსულა Orion-ის გაშვება, რომელთა დახმარებით 2025 წელს ადამიანის მთვარეზე დაბრუნება იგეგმება.
მნიშვნელოვანი მისიების განხორციელებას, როგორც ჩანს, 2023 წლის განმავლობაშიც უნდა ველოდოთ. მათ შორის რამდენიმე განსაკუთრებით საყურადღებოა.
SpaceX-ის ხომალდ Starship-ის პირველი ორბიტული ფრენა
მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია კოსმოსურ ხომალდ Starship-ით დედამიწის ორბიტაზე პირველ სატესტო ფრენას გასული წლის განმავლობაში გეგმავდა, თუმცა, დიდი ალბათობით, აპარატით საცდელი მისია 2023 წელს, რამდენიმე თვეში განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ აპარატი მთვარესა და მარსზე როგორც უეკიპაჟო, ასევე ეკიპაჟიანი ფრენების შესასრულებლად შეიქმნა.
მისია OSIRIS-REx–ის დასკვნითი ფაზა
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მისია OSIRIS-REx-ის ფარგლებში მიმდინარე წლის სექტემბერში ასტეროიდ ბენუზე შეგროვებული საკვლევი ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანა იგეგმება. შეგახსენებთ, მისიაში მონაწილე ლენდერმა ასტეროიდზე დაჯდომა და მისი ზედაპირიდან მასალის შეგროვება 2020 წლის ოქტომბერში შეძლო.
ჩინური კოსმოსური ტელესკოპის Xuntian-ის გაშვება
მიმდინარე წლის დეკემბერში ჩინეთი დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური ტელესკოპის, Xuntian-ის, იმავე CSST-ის გაშვებას გეგმავს. მას ორბიტაზე დედამიწიდან იმავე დისტანციაზე განალაგებენ, რომელზეც ჩინეთის კოსმოსური სადგური Tiangong-ი მოძრაობს. შეკეთების ან გადატვირთვის საჭიროების შემთხვევაში, დროდადრო ტელესკოპი კოსმოსურ სადგურს მიუერთდება. აღსანიშნავია, რომ ჩინური ტელესკოპისა და NASA-ს კუთვნილი ჰაბლის ტელესკოპის გარჩევადობა ერთმანეთის მსგავსი იქნება, თუმცა CSST-ის ხედვის არე ამ უკანასკნელისას დაახლოებით 300-ჯერ აღემატება.
ESA–ს მისია JUICE იუპიტერისკენ
ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) აპრილში კონტრაქტორ Airbus Defence and Space-სთან პარტნიორობით შექმნილი ხომალდის იუპიტერისკენ გაგზავნას გეგმავს. მისიის მიზანი პლანეტის სამი ბუნებრივი თანამგზავრის, განიმედეს, კალისტოს და ევროპის შესწავლაა. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მთვარეების ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის მარაგი იმალება, რაც იუპიტერის თანამგზავრებზე პოტენციურად სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელ პირობებს წარმოქმნის.
მისია Psyche-ს გაშვება
NASA მისია Psyche-ს ფარგლებში ამავე სახელწოდების მქონე კოსმოსური ხომალდის ასტეროიდის შესასწავლად გაგზავნას გასულ წელს გეგმავდა, თუმცა გაშვება 2023 წლისთვის გადაიდო. გეგმის მიხედვით, აპარატმა ასტეროიდ 16 Psyche-ს უნდა მიაღწიოს და ობიექტის შემადგენლობა შეისწავლოს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ასტეროიდი დაახლოებით 700 კვინტილიონი აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის მეტალს შეიცავს.