2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო

2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოს მიერ საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $4.1 მილიარდი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, მონაცემი 26.2%-ით აღემატება პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს და 17.3%-ით, 608 მილიონი აშშ დოლარით მეტია 2022 წლის შედეგზე.

ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მოგზაურებისა და ტურისტების რიცხვიც. თუმცა მაჩვენებელი პანდემიამდელ შედეგებს ჯერჯერობით ვერ აჭარბებს. 2023 წელს საქართველოს 7,072,220 საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, რაც 2019 წლის მონაცემების 75.6%-იან აღდგენას წარმოადგენს. თუმცა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა გაზრდილია 2022 წლის მონაცემებთან შედარებით და მატება 30.3%-ს შეადგენს.

უკეთესი მდგომარეობაა საერთაშორისო ტურისტების ნაკადების აღდგენის მიმართულებით. გასულ წელს საქართველოს 4,669,467 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, რაც პანდემიამდელი მაჩვენებლის 91.9%-იან აღდგენას წარმოადგენს.