Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის III კვარტალში ბათუმში 3,902 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 17%-იანი და კვარტალურად კი 1.1%-იანი კლებაა. საანგარიშო პერიოდში გაყიდული ბინების საერთო ღირებულება $245.4 მილიონს გაუტოლდა, რაც წლიურ ჭრილში 6.9%-იან კლებაზე მიანიშნებს.
ბინების გაყიდვები ბათუმის თითქმის ყველა უბანში შემცირდა, ახალი ბულვარისა (+10.3% წ/წ) და გონიო-კვარიათის (+10.6% წ/წ) გარდა. Galt & Taggart-ი აღნიშნულ ტენდენციას უძრავი ქონების დეველოპმენტის ბათუმის გარეუბნებსა და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე გადასვლას უკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ III კვარტალში ბათუმში მცირე (26-50 კვადრატული მეტრი) და საშუალო ზომის (51-80 კვადრატული მეტრი) ბინების გაყიდვებმა მთლიანი გაყიდვების 90.5% შეადგინა.
რაც შეხება ღირებულებას, საანგარიშო პერიოდში ბათუმში ბინების ფასი როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე გაიზარდა. პირველის შემთხვევაში წლიურმა ზრდამ 19.1%, მეორეს შემთხვევაში კი 12% შეადგინა. Galt & Taggart-ის დაკვირვებით, წლიურად ფასები ყველაზე მეტად, 44.8%-ით, გონიო-კვარიათში გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 9 თვეში ბათუმში გაყიდული ბინების საერთო ღირებულებამ 750.7 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ნაჩვენებ შედეგს 14.2%-ით აღემატება.