სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრესმონაცემების თანახმად, გასულ წელს საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23.4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს 2023 წლის მაჩვენებელს 8%-ით აღემატება.
მათ შორის, 2024 წელს ექსპორტმა 6.56 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით 7.8%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში იმპორტმა 16.86 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიურად 8.1%-იან ზრდას გულისხმობს.
შესაბამისად, გასულ წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 10.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44%-ია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ დეტალურ მონაცემებს მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოაქვეყნებს.