Transfermarkt-მა 2025 წლის იანვრის ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო ტრანსფერების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. სიას საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს, რომელიც, ცოტა ხნის წინ, იტალიის სერია A-დან საფრანგეთის ლიგა 1-ში გადავიდა სათამაშოდ და მოქმედ ჩემპიონს შეუერთდა.
კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით „ნაპოლისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის მოლაპარაკებები 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ კლუბებმა გარიგების პირობებზე შეთანხმება ვერ შეძლეს. ალბათ არ იქნება გაზვიადებული თუ ვიტყვით, რომ ხვიჩას „პსჟ“-ში გადასვლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს (როდესაც ასეთი მსხვილი გარიგებები იშვიათია) იტალიურ კლუბში ფეხბურთელის დაუფასებლობამაც განაპირობა, რაზეც სპორტულ მედიაში დიდი ხანია, აქტიურად იწერება. მათ შორის, ხშირად საუბრობდნენ „ნაპოლიში“ მის შეუსაბამო ხელფასზე.
„პარი სენ-ჟერმენმა“ კვარაცხელიას სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც კლუბის ისტორიაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ ფეხბურთელში დახარჯული ყველაზე დიდი თანხაა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ქართველის წლიური ხელფასი ფრანგულ კლუბში 11 მილიონი ევრო იქნება. ეს ექვსჯერ აღემატება მის წლიურ ანაზღაურებას „ნაპოლიში“, სადაც 1.8 მილიონ ევროს უხდიდნენ. ხვიჩამ „პსჟ“-სთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვრის ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო ტრანსფერების ჩამონათვალში მეორე ადგილს 19 წლის ბრაზილიელი, ვიტორ რეისი იკავებს. ის „პალმეირასიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ €35-მილიონიანი გარიგებით გადავიდა.
მესამე ადგილზე ნიდერლანდელი დონიელ მალენის ტრანსფერია. 26 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდაც „ასტონ ვილამ“ „იფსვიჩს“ 23.7 მილიონი ევრო გადაუხდა.
2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ძვირად ღირებული გარიგებები
#1 ხვიჩა კვარაცხელია
„ნაპოლი“ ➡️ „პარი სენ-ჟერმენი“
€75 მილიონი
#2 ვიტორ რეისი
„პალმეირასი“ ➡️ „მანჩესტერ სიტი“
€35 მილიონი
#3 დონიელ მალენი
„ბორუსია დორტმუნდი“ ➡️ „ასტონ ვილა“
€25 მილიონი
#4 ჯეიდენ ფილოჯინი
„ასტონ ვილა“ ➡️ „იფსვიჩი“
€23.7 მილიონი
#5 სეკო ფოფანა
„ალ-ნასრი“ ➡️ „რენი“
€20 მილიონი
#6 ემანუელ აგბადუ
„რეიმსი“ ➡️ „ვულვზი“
€20 მილიონი
#7 პაულინიო
„ატლეტიკო მინეირო“ ➡️ „პალმეირასი“
€18 მილიონი
#8 ანტონინ კინსკი
„სლავია პრაღა“ ➡️ „ტოტენჰემი“
€16.5 მილიონი
#9 კევინ დენკე
„სერკლი ბრუგე“ ➡️ „ცინცინატი“
€15.3 მილიონი
#10 მაქსენს კაკერე
„ლიონი“ ➡️ „კომო“
€15 მილიონი